როგორ წაართვა ქეთა თოფურიამ ელენე ძნელაძეს შეყვარებული

როგორ წაართვა ქეთა თოფურიამ ელენე ძნელაძეს შეყვარებული

ახალი სახეა, თუმცა მის ნათესაობაში იმდენი პოპულარული ადამიანია, მეგონა, უკვე ვიცნობდი. ელენე რუსთაველის თეატრის მსახობის, გია ძნელაძის შვილი გახლავთ, არის გოგოლა კალანდაძის დისშვილი და მსახიობ დათუნა გოცირიძის და. ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში რომ აღმოჩნდა ჟურნალისტად, თავიდან კი იყო ცოტა დაბნეული, მაგრამ შემდეგ თანდათანობით საკუთარი ადგილი იპოვა და დღეს კომპიუტერთან მთქნარებ-მთქნარებით არ ზის, შოუში თავისი საქმე აქვს, გარდა ამისა, "ღამის შოუს" ახალ სერიალში ინტრიგან მდივანსაც თამაშობს. ელენე ძნელაძე გულახდილობაში ნანუკას შოუს რესპონდენტებს არ ჩამორჩება, ამიტომაც ვერც ერთი ისეთი შეკითხვა ვერ დავუსვი, რომელზეც იტყოდა - იცით, მე პირადზე არ ვლაპარაკობ!..

- ელენე, ხალხმა მას შემდეგ გაგიცნო, რაც "ნანუკას შოუსთვის" ვრცელი რეპორტაჟი მოამზადე თბილისის მოდის კვირეულიდან...

- მეგონა, ხალხი მანამდეც მიცნობდა (იღიმება), რადგან სერიალ "ასაში" და რამდენიმე რეკლამაში მაქვს მონაწილეობა მიღებული, თუმცა აღმოჩნდა, რომ მიცნობდა გარკვეული წრე. ტელევიზიით ვჩანდი, მაგრამ ასეთი აქტუალური არასდროს ვყოფილვარ. ამას "ნანუკას შოუს" მივაწერ.

- ნანუკა როგორ გაიცანი?

- ჯაზფესტივალის დროს ბათუმში ჩემი მეგობრები ისხდნენ ბარში, მე მივედი აღფრთოვანებული, რაღაც ისტორია უნდა მომეყოლა, ეს ამბავი ისედაც იცოდნენ, მაგრამ ახალი დეტალები მქონდა მოსაყოლი. გასაგებია, რომ ზღვაზე მყოფს ერთი და იმავე ამბის მოსმენა უკვე აღარ გინდა, ამიტომაც ჩემი მეგობრები ცოტა უყურადღებოდ მისმენდნენ. ისე, ძალიან კარგი მეგობრები მყავს. ნანუკა ჩვენთან ერთად იჯდა, მას მხოლოდ გამარჯობით ვიცნობდი, დეიდაჩემის, გოგოლა კალანდაძის ახლო მეგობარია. ჰოდა, ნანუკა მისმენდა ყველაზე დიდი ყურადღებით, მეც მივტრიალდი და მარტო მას ვუყვებოდი. მას შემდეგ დავმეგობრდით, თბილისში რომ ჩამოვედი, მითხრა, შოუს გაკეთებას ვაპირებო და ჟურნალისტობა შემომთავაზა. მე და ტასო გუნია ვართ ჟურნალისტები. ვამზადებთ სიუჟეტებს, ფოტოკოლაჟებს, მოკლედ, ყველა ყველაფერს ვაკეთებთ.

- ნანუკა მკაცრი უფროსია?

- სამსახურში კი, მაგრამ სამსახურს გარეთ კარგი მეგობარია. შოუში ზოგადად მეგობრული ურთიერთობები გვაქვს. ცოტანი ვართ და სხვანაირად არც შეიძლება იყოს.

- ელენე, რამდენადაც ვიცი, მამაც მსახიობი იყო...

- რუსთაველის თეატრის მსახიობი გია ძნელაძე მამაჩემია, როცა მამასთან ერთად ქუჩაში დავდიოდი, ქალები სულ უყურებდნენ და ეპრანჭებოდნენ, მე კმაყოფილი ვიყავი და ამაზე არ ვეჭვიანობდი. ჩემთან რომ ვერ ატარებდა დიდ დროს და დიდხანს რომ იყო სპექტაკლებსა და რეპეტიციებზე, ეს უფრო არ მომწონდა.

- თავადაც მსახიობობა გინდოდა ალბათ...

- ბავშვობიდან სახლში სპექტაკლებს ვდგამდი, ეზოში ბავშვებს სპექტაკლებს ვადგმევინებდი, მეზობლები ჩამოდიოდნენ სანახავად. მსახიობობა ჩემი ოცნება იყო. მამას თეატრში სულ დავყავდი. ალბათ ყველა მსახიობის შვილის ოცნება არ არის მშობლის პროფესიის გაგრძელება, ზოგი ფიქრობს, რომ ეს არ არის მაღალანაზღაურებადი სამსახური, თუმცა ჩემთვის ოჯახის არც ერთ წევრს არ დაუშლია მსახიობობა, უბრალოდ, ადრეულ ასაკში გავთხოვდი და აღარ გამომივიდა.

- რამდენი წლის იყავი?

- 15 წლის ვიყავი, შვილი რომ გავაჩინე. ყურებამდე ვიყავი შეყვარებული.

- მაშინ ადრეულად გათხოვების ბუმი იყო?

- ამას ვერ დავაბრალებ, ბუმი რომ ყოფილიყო, ისეთ გაკვირვებას არ გამოიწვევდა, როგორიც გამოიწვია. სკოლაში მითხრეს, რომ ჩემს თანატოლებს ცუდ მაგალითს ვაძლევდი და ამიტომ იძულებული გავხდი, სკოლიდან წამოვსულიყავი. ქუჩაში გაკვირვებით მიყურებდნენ, ორსული რომ დავდიოდი. თბილისში ერთი ამბავი ატყდა. თან, სკანდალი იმაზეც იყო, რომ ჩემი მეუღლე ათი წლით უფროსი გახლდათ. მშობლები ძალიან გამიბრაზდნენ, დედაჩემი ცუდად იყო და ალბათ არც ერთ მშობელს არ გაუკვირდება ეს.

- გოგოლას როგორი პოზიცია ჰქონდა, მხარი დაგიჭირა?

- ყველაზე მეტად მხარი ჩემმა ძმამ, დათუნა გოცირიძემ დამიჭირა. ყველაზე მეტად მისი მერიდებოდა, მაგრამ ვიცოდი, რომ ამ ამბავს წივილ-კივილით არ შეხვდებოდა. თან როცა გათხოვება გადავწყვიტე, უკვე ფეხმძიმედ ვიყავი და დათუნამ თქვა, ელენე არ ვანერვიულოთო. დათუნა და მე მამით ვართ სხვადასხვა, მაგრამ გიასა და დათუნას ძალიან უყვარდათ ერთმანეთი და კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. მე მიხაროდა, რომ ოჯახში არ იყო დაძაბული სიტუაცია. დათუნა ჩემზე ექვსი წლით უფროსია, მაშინ 21 წლის იყო. ორსულ ელენეს უნდა მოვუაროთო, თქვა (იღიმება).

- როგორი იყო ეს ყველაფერი შენთვის? ხვდებოდი, რომ გათხოვდი და შვილი უნდა გყოლოდა?

- ასაკში სიყვარული სხვანაირად ღვივდება, მაგრამ როგორც 15 წლის გოგონას შეუძლია, ისე მიყვარდა, თან როცა გავიგე, ფეხმძიმედ ვიყავი, უფრო მეტად შემიყვარდა. სადღაც დავფრინავდი. ვერ ვიტყვი, რომ მერეც მიწაზე დავენარცხე, როცა ოჯახი დამენგრა. ვერ დავიწუწუნებ, მყავს 9 წლის გიორგი, კაცია უკვე, ვგიჟდები ჩემს შვილზე. უფლება არ მაქვს, როდისმე დავენარცხო. მეორედ გათხოვებას რომ დავაპირებ, ალბათ უფრო დავფიქრდები.

გიორგი რომ არ მყოლოდა, ალბათ უკვე გათხოვილიც ვიქნებოდი. თან, პატარაც აღარ ვარ და უკვე რაღაცებზე სხვანაირად ვფიქრობ, გავიზარდე. გიორგი ჩემს მომავალ მეუღლეს იმ შემთხვევაში გაიცნობს, თუკი მე ნამდვილად გადავწყვეტ, რომ ის ჩემი მეუღლე გახდება. არა მგონია, ჩემი გათხოვების წინააღმდეგი იყოს, აუცილებლად დაველაპარაკები გიორგის და გაიგებს. ძალიან უნდა, და ჰყავდეს (იღიმება). ვიცი, რა მინდა ცხოვრებაში. აქამდე კი ასე არ ვიყავი.

- ელენე, რადგან პირად ცხოვრე ბაზე ვლაპარაკობთ, ერთი ჭორის შესახებ გკითხავ. არის თუ არა მართალი, რომ შენ და ქეთა თოფურიას ერთი და იგივე ბიჭი მოგწონდათ?

- (იღიმება) ცოტა სხვანაირად უნდა ითქვას, მე და ქეთა მოვწონდით ერთსა და იმავე ბიჭს. ქეთა თოფურია რომ არ მოგეწონოს, ალბათ ძნელია. არაჩვეულებრივი გარეგნობა აქვს და მეც მომწონს, სულ კარგ ხასიათზეა, სულ იცინის, კარგი ადამიანია და მოხდა ისე, რომ ერთი ბიჭის ყურადღება მიიქცია, თუმცა ეს ძალიან მოკლეხნიანი ურთიერთობა იყო. ეს ამბავიც ჯაზფესტივალზე მოხდა. უცბად გაეპრანჭნენ ერთმანეთს, მაგრამ სამ დღეში ის ბიჭი მიხვდა, რომ ქეთა მისთვის მხოლოდ ორწამიანი გატაცება იყო. მაშინ მე და ის ბიჭი ნაჩხუბრები ვიყავით.

- აჰა, ე.ი. შენი შეყვარებული იყო?

- (იცინის) კი. ასე მოხდა. ყოველთვის ვაყენებ ამა თუ იმ ადამიანის ადგილას საკუთარ თავს და მივხვდი, რომ შეიძლებოდა, ჩემს შეყვარებულს მოსწონებოდა ქეთა, ზღვაზე, საცურაო კოსტიუმში, ლამაზი მკერდით. ვიჩხუბეთ კიდეც ამის ნიადაგზე, თუმცა მერე შევრიგდით.

- ქეთას იცნობ?

- ძალიან კარგად. მეორე დღეს ჯაზფესტივალზე შევხვდით ერთმანეთს, რომ და­მინახა, გაეცინა. ისე, ქეთასიც მესმის, რადგან ბიჭიც ძალიან სიპათიურია და ამიტომ გასაგები იყო მისი ინტერესი (იცინის).

- შენი დაბადების დღის ფოტოებზე ნინი ბადურაშვილიც ვნახე. მეგობრობ ნინისთან?

- ბავშვობიდან, ბოროტების ნასახი არ არის მასში, საერთოდ არ აინტერესებს ჭორები, რაღაცას რომ ეტყვი, გაატარებს.

- შენს სამეგობროში ნინისა და ნანუკას გარდა კიდევ არიან ცნობილი სახეები?

- ქრისტინე იმედაძე და თაკო გაჩეჩილაძე ასევე ჩემი მეგობრები არიან.

- როგორ მოხდა, რომ შენც არ მღერი?

- სხვათა შორის, ვმღერი (იღიმება), ოჯახში ყველა მღერის და შემომთავაზეს კიდეც, რომ სიმღერაზე მევლო, თუმცა მომღერლის კარიერა არ მიზიდავდა. უფრო მეტად სპორტი მომწონდა, ჩოგბურთსა და ტანვარჯიშზე დავდიოდი, თხილამურებზეც, თუმცა მერე ფეხი მოვიტეხე, გეგონება, ჯადო გამიკეთესო და თავი დავანებე. ხუთი წელი ვეღარ დავდექი და მერე უკვე აზრი აღარ ჰქონდა, ისე კი თხილამურებზე კარგად ვდგავარ და სპორტული გოგო ვარ.

- იღბლიანი ადამიანი ხარ?

- ვარ, მაგრამ ძალიან იღბლიანი არა და არც მინდა, რადგან დიდმა იღბალმა შეიძლება დამაფეთოს და დამაბნიოს. ზოგადად, დაბნეული, გათიშული ტიპი ვარ, ბოდიალა.

- კიდევ რა თვისებები გაქვს?

- ნორმალური ადამიანი ვარ, რაღაცები მწყინს, რაღაცები - არა. სიყვარული ვიცი კარგი (იღიმება)... ბოლომდე თუ მომცემენ ამის საშუალებას. აქამდე, როგორც ჩანს, არ მომეცა ასეთი საშუალება.

- ძალიან ფოტოგენური ხარ. შენი გარეგნობის პატრონს მოდელობაზე არ გიფიქრია? გარეგნობას წარმატების მისაღწევად იყენებ?

- სანამ გავთხოვდებოდი, ბორჯომის რეკლამაში გადამიღეს, სენდვიჩის რეკლამაში მულატი განვასახიერე, უცნობის კლიპში გადამიღეს. ასე რომ, მე კი არ ვიყენებდი ჩემს გარეგნობას, რეჟისორები მიყენებდნენ. მოდელობაზე არასდროს მიფიქრია, თუმცა ფოტოსესიებში მონაწილეობა მიმიღია. ჩემს გარეგნობას არ ვიყენებ, მართალი გითხრა, სულ ვწუწუნებ, ნეტავ სხეულის ეს ნაწილი ასეთი და ასეთი მქონდეს-მეთქი. რომ გავთხოვდი, ფორმები შემეცვალა და მას შემდეგ დავიწყე წუწუნი.

- ელენე, სამსახურშიც დაბნეული ხარ?

- თავიდან კომპიუტერთან ვიჯექი და ვამთქნარებდი, საერთოდ ასეა, თავიდან მიჭირს ხოლმე, ახლა ისე მივეჩვიე, შაბათ-კვირასაც სამსახურში მინდა ყოფნა. ვგიჟდები ნანუკას შოუზე.

- სერიალზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვა...

- ვარ სტერვა მდივანი, რომელიც თავის უფროსს ეპრანჭება, ჩემს გმირს მხოლოდ გარეგნობა აქვს და არა ჭკუა, ამიტომ გამაგდებენ, შევეკვრები მარინა კახიანის გმირს და ვხდები ინტრიგანი. სხვათა შორის, როცა მეკითხებოდნენ, რა როლი გაქვსო, ვპასუხობდი, სტერვის-მეთქი, მეუბნებოდნენ, რა ზუსტად შეურჩევიათო, არადა, სულაც არ ვარ სტერვა. ნანუკა დაესწრო ერთ გადაღებას და იმანაც იგივე თქვა, ელენესთვის შესაფერისი როლი მოგიძებნიათო. იმ ეპიზოდს დაესწრო, როცა ტელეფონზე ვჩხუბობ და ადრეც შესწრებია ჩემს საუბარს შეყვარებულთან, როცა რაღაცაზე ვეჩხუბებოდი. ეტყობა, მაშინ იპოვა საერთო (იცინის). ჩემი გმირი ყველას ზევიდან უყურებს, მაგრამ მაყურებლის პოზიციიდან რომ შევხედო, ძალიან შემეცოდებოდა. ჩემმა შვილმა მითხრა, როგორ მეცოდება შენი გმირი, ძალიან ბოროტი გოგოაო.

- შენ გარშემო არიან ასეთი გოგონები?

- კი და ძალიან თავდაჯერებული არიან გარეგნობის გამო. აქამდე მეც მეგონა, რომ მხოლოდ გარეგნობა იყო საკმარისი, თუმცა მარტო ამით რომ მიაღწიო რაიმეს, ძალიან ლამაზი უნდა იყო და სამოდელო სფეროში მუშაობდე და არა ტელევიზიაში.

- არ გიჭირს როლის შესრულება?

- ჩემი ოცნებაა, კინოში დამამტკიცონ და მთავარი როლი ვითამაშო. არ მაქვს კამერის შიში და კომპლექსი. ამ როლში რთული არაფერია, ნიჭიერი ადამიანები მუშაობენ და თუ რაიმე არ გამოგივა, აუცილებლად ისე გაგაკეთებინებენ, რომ გამოგივიდეს.

- თავდაჯერება გაკლია?

- მაკლია, სულ მგონია, რომ რაღაცას ისე არ ვაკეთებ. როცა კომპლიმენტს მეუბნებიან, ისე მიხარია... თეატრალურში, ტელე-რადიოჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდი, მანანა ითონიშვილი იყო ჩვენი მეტყველების პედაგოგი, ერთხელ თემა დავწერე და ყველას თანდასწრებით მითხრა, აი, ასე უნდა თემის დაწერაო. ეს კომპლიმენტი ყველაზე მეტად დამამახსოვრდა. ახლახან პირველი ჩართვა მქონდა მოდის კვირეულიდან "ქრონიკაში", ისე ვინერვიულე, მოკუნტული ვიჯექი. პირდაპირ ეთერში ჩართვის შემდეგ დავრეკე სამსახურში და ტასოს ვკითხე, ნანუკამ რა თქვა-მეთქი, მიპასუხა, თვალცრემლიანი გიყურებდა და თქვა, ამაყი ვარო. ეს ჩემთვის შოკი იყო.

- ტელეჟურნალისტობა დროებითია?

- არა, მიყვარს ეს საქმე, ნანუკას შოუს ახალ სეზონს ველოდები სექტემბრიდან.

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები