წინასაახალწლო რჩევები წლის ყველაზე პოპულარული ენდოკრინოლოგისგან

წინასაახალწლო რჩევები წლის ყველაზე პოპულარული ენდოკრინოლოგისგან

ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა თამამად შეიძლება, წლის ყველაზე პოპულარულ ექიმად ჩავთვალოთ - ის 2017 წელს AMBEBI.GE-ს რესპონდენტი რამდენჯერმე იყო და მის რეკომენდაციებს 300 000-მდე მკითხველი გაეცნო. საახალწლოდ ლაშა ექიმს ოდნავ განსხვავებულ ამპლუაში წარმოგიდგენთ. გვესუბრება იმაზე, თუ როგორ გახდა ექიმი, რატომ აირჩია ენდოკრინოლოგია, რატომ არ იცვამს კლინიკაში ხალათს და რა რეკომენდაციები აქვს საახალწლოდ საკუთარი პაციენტებისთვის.

"ბავშვობაში ექიმობა ძალიან მინდოდა და როდესაც ვთამაშობდი ხოლმე, საბავშვო ბაღიდან დაწყებული, ვცდილობდი, ექიმის როლი მომერგო, ფონენდოსკოპით და თერმომეტრით დავდიოდი. თუმცა ზრდასრულ ასაკში ჟურნალისტობა მომინდა. მაგრამ ისე მოხდა, რომ 9 კლასის შემდეგ იძულებით, იმის გამო, რომ მიღება სხვაგან არ იყო, სამედიცინო კოლეჯში მოვხვდი. მერე მედიცინამ ჩამითრია და საბოლოოდ ამ სფეროს შემოვრჩი. შემდგომ იყო უკვე სწავლა სამედიცინო უნივერსიტეტში.

დღევანდელი გადასახედიდან ვფიქრობ, სწორი არჩევანი გავაკეთე და ჩემს თავს მედიცინის გარდა სხვაგან ვერც ვხედავ. ცხოვრების ნაწილი გახდა, ამ პროფესიით ვცხოვრობ, დროის უდიდეს ნაწილს სამსახურში ვატარებ. არასამუშაო საათებშიც ხშირად მიწევს პაციენტებთან ურთიერთობა, კონსულტაციები, მიღება, მოსმენა. ამ ეტაპისთვის, შეიძლება ითქვას, რომ პირადი ცხოვრება მეტ-ნაკლებად გვერდით მაქვს გადადებული, პროფესიაში ვარ ჩაფლული..." - გვეუბნება ლაშა და კითხვაზე, რატომ აირჩია ენდოკრინოლოგია, ასეთი პასუხი აქვს:

"მეორე კურსიდან პრაქტიკული ნაწილისთვის ერთ-ერთ დაწესებულებაში სამსახური ქირურგის ასისტენტად დავიწყე, თუმცა ქირურგიაში წელიწად-ნახევარი დავყავი. მაგრამ ერთ-ერთი დისციპლინის გავლისას, რომელსაც ელენე გიორგაძე მასწავლიდა, შემომთავაზა, ბედი ენდოკრინოლოგიაში მეცადა. იქნებ მუშაობა ჩვენთან დაგეწყოო. სიამოვნებით დავთანხმდი. სტუდენტი ვიყავი, თან, საყვარელ საქმეს გავაკეთებდი და ამაში ხელფასს გადამიხდიდნენ, რატომაც არა? მოკლედ, მეოთხეკურსელმა ელენე გიორგაძის კლინიკაში დავიწყე მუშაობა.

ენდოკრინოლოგიამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ჩამითრია, საინტერესო სფეროა, მუდმივად გიზიდავს და სულ ძიებაში ხარ, ყველა დაავადებას პაციენტთან ინდივიდუალურად განიხილავ, რადგანაც ჰორმონალური სისტემა არაერთგვაროვანია და მუდმივად განუწყვეტლივ სიახლეს პოულობ. პაციენტებთან ერთად განიცდი," - ამბობს ლაშა უჩავა.

- რაც შეეხება პაციენტებთან თქვენ ურთიერთობას და საერთოდ, შაქრიანი დიაბეტის მქონე, ჭარბწონიანები როგორები არიან?..

- ისინი თავიანთ დაავადებასთან პროტესტის დიდი გრძნობით გამოირჩევიან, რასთანაც გამკლავება მიჭირს. მკურნალობას არ ემორჩილებიან. ქალბატონი ლენა თავიდანვე მეუბნებოდა ხოლმე, როცა ენდოკრინოლოგიას ვიწყებდი, იცოდე, მადლიერი პაციენტი ამ სფეროში არ იქნება, ვინაიდან აქ ყველა პათოლოგია არის ქრონიკული, ამიტომ, ავადმყოფი უნდა დაიმეგობრო, რადგანაც მთელი ცხოვრების მანძილზე ერთად უნდა მართოთ დაავადება. ჰოდა, ამ ადამიანებს სულ ვარწმუნებ იმაში, რომ ერთად უნდა გავიაროთ გზა, რომ საბოლოო შედეგამდე მივიდეთ. ასე რომ, სხვადასხვა ფსიქოტიპთან და დაავადების სხვადასხვა ფორმასთან გვაქვს საქმე...  

- როგორც გავიგე, თქვენ ხართ ექიმი, რომელსაც ხალათით კლინიკაში ყოფნა არ გიყვართ. ეს რაიმე ფობიას ხომ არ უკავშირდება?

- სავარაუდოდ, არა, ასეთი ფობია რომ იყოს, ეს ბავშვობაში მიღებულ რაიმე სტრესს დაუკავშირდებოდა. არადა, გითხარით, რომ თავიდანვე ექიმობა მინდოდა, საავადმყოფოს სუნზე ვგიჟდებოდი, ექიმებთან ურთიერთობა მსიამოვნებდა, მამიდაც ექიმი მყავდა და თეთრხალათიანებთან ხშირად ვკონტაქტობდი. თუმცა დროთა განმავლობაში, როცა სამედიცინო სფეროში მეც დავიწყე საქმიანობა, ხალათით ვიყავი, მაგრამ სტუდენტობის პერიოდში, გარკვეული დამოკიდებულება გამიჩნდა, როდესაც გავდიოდი დისციპლინას, რომელიც პაციენტისა და ფსიქოლოგის დამოკიდებულებას ეხებოდა. იქ აქცენტები იყო გაკეთებული პაციენტის ემოციაზე თეთრ ხალათთან დაკავშირებით, "თეთრი ხალათი" მათ გარკვეულ ბარიერს უქმინდა, რის გამოც აესახებოდათ ტაქიკარდიული მოვლენები, არტერიული ჰიპერტენზია და ა.შ. რამაც საბოლოოდ, ჩამოაყალიბა დამოკიდებულება, რომ რადგანაც დაავადების დროს მე და პაციენტმა ერთად უნდა ვიმუშავოთ, ერთად მივაღწიოთ მიზანს და ამ დროს ბარიერი არაფერმა უნდა შექმნას...

- პაციენტებს, ძირითადად ჯანსაღი ცხოვრებისკენ უბიძგებთ. თავად რამდენად მიჰყვებით ცხოვრების ასეთ სტილს?

- როდესაც ექიმი სხვას სწორი ცხოვრების წესისკენ მოუწოდებს, ამის მორალური უფლებაც უნდა ჰქონდეს, ამიტომ, ვცდილობ, ვიყო ფორმაში და დავიცვა ჯანსაღი ცხოვრების პრინციპები, ვინაიდან შემდგომში არ მექნება უფლება, სხვას რამე ვუკარნახო. მათ მაგიდაზე ხელის დარტყმით არ ველაპარეაკები. ვერც თამბაქოს მოხმარებას ვუკრძალავ, ვინაიდან თვითონ ვარ თამბაქოს მომხმარებელი. უბრალოდ ვუხსნი, რას წარმოადგენს ის და უღირს თუ არა თამბაქოს მოხმარება. მოკლედ, ვცდილობ, ჯანსაღი ცხოვრების წესით მეც ვიცხოვრო.

- ახალი წელი მოდის, ადამიანები ხანგრძლივი ქეიფის რეჟიმში გადადიან. რა რეკომენდაციის მიცემა შეგიძლიათ?

- პირველი, ზომიერების დაცვაა, თან, მარხვის პერიოდი უწევს და შესაბამისად, გარკვეულ წილად, ეს წინაღობებს ქმნის. ამ პერიოდში უმეტესად რეკომენდებულია ბურღულეული, სახამებლის შემცველი პროდუქტები, რაც ისედაც ჭარბ წონაზე არცთუ კარგად მოქმედებს. ამიტომ, ზომიერება კიდევ უფრო საჭიროა.

სასურევლია 31-ში ღამის 12 საათიდან არ დავიწყოთ ყველაფრის მირთმევა და მეორე დღის სადილით შემოვიფარგლოთ. მარხვის გახსნილების შემდეგაც უცებ და ერთდროულად არ უნდა მიიღოთ ყველა სახის პროდუქტი, ორგანიზმი რომ არ გადაიტვირთოს. საჭიროა რძის პროდუქტების ჩართვა და ამის შემდგომ ნელ-ნელა ხორცის პროდუქტების მიღება.

და კიდევ, რასაც ახლა ვიტყვი, საკუთარ თავსაც იმავეს ვურჩევდი:

  • ვიკვებოთ ჯანსაღად, რა საშუალებასაც გვაძლევს ბაზარზე არსებული პროდუქტები, მივიღოთ ყველა ის საყუათო ნივთიერება, რაც აუცილებელია ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებისთვის;
  • საჭიროა ფიზიკური აქტივობა, თუნდაც დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ (25-30 წუთი) სუფთა ჰაერზე ფეხით სიარული;
  • დღის განმავლობაში დავლიოთ სუფთა წყალი (6-8 ჭიქა);
  • და ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით!
- რა სპეციალური მითითებები გაქვთ შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის.

- აქ სპეციალური მითითებებია, ვეუბნები, რომ 6 დღე აქვთ დღესასწაულისთვის, როდესაც გარკვეული წესების დარღვევა შეიძლება. ვინაიდან წესები სწორედ იმას აღნიშნავს, რომ მისი დარღვევა შესაძლებელია. ერთ-ერთი ასეთი არის ახალი წელი. თუმცა მათი დაავადებიდან გამომდინარე, რომ ქრონიკულია, აბსოლუტურად შესწავლილი ჰყავთ საკუთარი თავი და იციან, რითი უნდა დაარღვიონ და რითი არა, აკონტროლებენ. ჩვენი, ექიმების ვალია, რომ ეს აკრძალვებიც ისე უნდა მივაწოდოთ პაციენტებს, რომ მათთვის მეტ-ნაკლებად სასიხარულოც იყოს.

ახლა რაც შეეხება საახალწლო სურვილებს, ეს არის - ჯანმრთელობა, მშვიდ და ბედნიერ გარემოში ცხოვრება, მიზნების და სურვილების ასრულება...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი