პატრიარქის, პრეზიდენტისა და პრემიერის საახალწლო მილოცვები

პატრიარქის, პრეზიდენტისა და პრემიერის საახალწლო მილოცვები

გთავაზობთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის, პრეზიდენტისა და პრემიერის საახლაწლო მილოცვებს:

მისი უწმინდესობა ილია მეორე:

"ქრისტესმიერ სიყვარულით ყველას მოგესალმებით და გილოცავთ ახალ წელს. ჩვენ შეჩვეული ვართ, როდესაც ვადარებთ წარსულს და მომავალს. წარსული წელი იყო მძიმე, მაგრამ ღვთის მადლით დავძლიეთ ეს წელი. სიყვარულით მივესალმები, ვულოცავ ახალ წელს მკვიდრთა საქართველოისათა-ქართველებს, აფხაზებს, ოსებს, ბერძნებს, რუსებს, სომხებს, აზერბაიჯანელებს და ყველას ვინც არის საქართველოში.

დღეს ჩვენ ვუსურვებთ ყველას ბედნიერებას, მაგრამ არ გვესმის რა არის ბედნიერება და რაშია ბედნიერება. ბედნიერება ის არის, როდესაც ადამიანი კმაყოფილია სულიერად და მატერიალურად, როდესაც დალოცვილია ღვთისაგან და თავისი მშობლებისაგან. ეს უნდა გვახსოვდეს ყველას, რომ მშობლების დალოცვა არის ღვთის დალოცვა და ბიბლიაში სწერია - პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა.

ბედნიერია ის ადამიანი, რომელსაც უნარი შესწევს აპატიოს შეცდომები სხვა ადამიანს. როდესაც ადამიანი გრძნობს თავის დანაშაულს და მოინანიებს - ჰე უფალო მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩემისა. ხშირი შემთხვევაა როდესაც ადამიანი განიკითხავს სხვას და ის ცოდვები რომელიც მას ჩაუდენია, გადმოდის იმაზე ვინც განიკითხავს.

დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენს შვილებს, ბავშვებს. ხშირი შემთხვევაა როდესაც ბავშვები იზრდებიან ქუჩაში, შედეგებიც სათანადოა.

კიდევ ერთხელ მოგესალმებით და გისურვებთ სიმშვიდეს. სიმშვიდემ უნდა დაისადგუროს თქვენს გულში და გონებაში. იყავით ბედნიერი. ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო".

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მოსახლეობას ახალი, 2018 წელი მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის იმ დარბაზიდან მიულოცა, სადაც საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნა გამოცხადდა და ქვეყნის უზენაეს მიზნად აფხაზებთან და ოსებთან ერთად, მთლიანი საქართველოს შექმნა დაასახელა.

"ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, გილოცავთ ახალ 2018 წელს! გილოცავთ იმ დარბაზიდან, სადაც ასი წლის წინ ჩვენმა წინაპრებმა პირველი ქართული რესპუბლიკა გამოაცხადეს. ამ ასმა წელმა დრამატულად განვლო ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ დღესაც ჩვენ დამოუკიდებლები ვართ და ვიღწვით უზენაესი მიზნისთვის - თავისუფალი საქართველოს შექმნისათვის. იმისთვის, რომ ამ მიზანს მივაღწიოთ ჩვენ კარგად უნდა გავიაზროთ ყველა გამოწვევა და გავერთიანდეთ მთავარი მიზნის მისაღწევად.

უზენაესი მიზანია ერთიანი, მთლიანი საქართველოს შექმნა აფხაზებთან და ოსებთან ერთად.

მიზნების მიღწევის მთავარი საშუალება, რა თქმა უნდა, უფრო ძლიერი და უფრო ეფექტიანი განათლების სისტემაა. განათლების სისტემა, რომელიც უფრო ძლიერ ახალ თაობას გაზრდის.

უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური სირთულეების დასაძლევად კიდევ უფრო წავახალისოთ მეწარმეები, ის ხალხი, ვინც ქმნის ჩვენი ქვეყნის დოვლათს.

მნიშვნელოვანია, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც საუკუნეების ტრადიციას აგრძელებენ და ჩვენს ქვეყანას იცავენ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, კიდევ უფრო მეტად დავეხმაროთ და გვერდში ამოვუდგეთ. მთავარი და მნიშვნელოვანია, მივიღოთ ერთმანეთის განსხვავებულობა და ვაღიაროთ ის, რომ ჩვენი ინდივიდუალიზმი ჩვენი სიმდიდრეა.ამ სულისკვეთებით, მე, ახალი 2018 წელი თავისუფლების წლად გამოვაცხადე. გილოცავთ ამ წელს და მიგულეთ თქვენ თანამოაზრედ ყველა იმ ახალ გამარჯვებაში, რომელიც თავისუფლების სულისკვეთებით იქნება გაერთიანებული" - აღნიშნა მარგველაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს მოსახლეობას ახალი წელი ბაკურიანიდან მიულოცა:

"გილოცავთ ჩვენი ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს და ყველა ჩვენგანისთვის ახალი შესაძლებლობების კიდევ ერთ წელს. გისურვებთ ისეთ ქვეყანაში ცხოვრებას, სადაც ყველა თქვენი იდეის განხორციელება შესაძლებელია; სადაც ყველანი ვუფრთხილდებით არსებულს და, ამავე დროს, საკუთარი ხელით ვქმნით ჩვენს მომავალს; სადაც ყველა ვაკეთებთ ჩვენს საყვარელ საქმეს და ყველას შეგვიძლია, ჩვენი ცოდნით და გამოცდილებით ვემსახუროთ ჩვენს საყვარელ ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს. ჩვენ სწორედ ასეთ საქართველოს ვაშენებთ.

წლევანდელ ახალ წელს გილოცავთ ბაკურიანიდან - ადგილიდან, რომელიც თოვლს, ახალ წელს, ჩვენს ბავშვობას, ახლა კი უკვე ჩვენი შვილების საუკეთესო დღეებს უკავშირდება. ბაკურიანი, ამავე დროს, ჩვენი მომავლის, ჩვენი განვითარების ნაწილიც გახლავთ. მე ნამდვილად მჯერა, რომ ეს ადგილი, ისევე, როგორც ჩვენი ულამაზესი სამშობლოს თითოეული ლამაზი კუთხე სულ უფრო და უფრო მეტი დადებითი ემოციით და იმედით აივსება.

კიდევ ერთხელ გილოცავთ 2018 წლის დადგომას! ბედნიერება, სიხარული არ მოკლებოდეს თქვენს ოჯახებს. მშვიდობას, სიკეთეს, ახალ გამარჯვებებს გისურვებთ ყველას. მრავალ ახალ წელს დაესწარით!" - განაცხადა კვირიკაშვილმა მოსახლეობისადმი საახალწლო მიმართვისას.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."