ქართველი ავტორის ლუკა ბაქანიძის "მესამე ნაპირი" გერმანულ ენაზე გამოიცა

ქართველი ავტორის ლუკა ბაქანიძის "მესამე ნაპირი" გერმანულ ენაზე გამოიცა

ლუკა ბაქანიძის არაერთი ჯილდოს მქონე ახალგაზრდა ქართველი მწერლის რომანი "მესამე ნაპირი" გერმანულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა. ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის შეთავაზების საფუძველზე ნაწარმოებით გერმანული გამომცემლობა Klack Verlag დაინტერესდა და რომანის გამოცემის უფლებებიც შეიძინა. მთარგმნელი გერმანიაში მცხოვრები ქართველი კატია ვოლტერსი გახლავთ. უახლოეს მომავალში ქალაქ ლაიფციგში იგეგმება გერმანული გამოცემის პრეზენტაცია, რომელსაც თავად ლუკა ბაქანიძეც დაესწრება.

"ჩემთვის, როგორც მწერლისთვის, ამ ფაქტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მოხარული ვარ, რომ ჩემი ნაწარმოები საქართველოს ფარგლებს გასცდა. თუმცა ეს პირველი შემთხვევა არაა. გასულ წელს ჩემი მოთხრობების კრებული თურქულად ითარგმნა და საკმაოდ წარმატებით გაიყიდა. იმედი მაქვს, "მესამე ნაპირიც" შეძლებს გერამანელი მკითხველის დაინტერესებას", - აღნიშნავს ლუკა ბაქანიძე.

„მესამე ნაპირი" უცხო ნაპირია. ეს არის სამყარო, რომელიც ძალიან შორსაა და ძალიან ახლოს ჩვენგან. სამყარო, სადაც მიწისქვეშა გადასასვლელების, მიტოვებული სკვერებისა და პარკების, ქალაქის ყველაზე შავბნელი ადგილების "ბატონ-პატრონნი", მაწანწალები, უსახლკარონი ‒ ათასი ჯურის ხალხი ცხოვრობს ‒ საზოგადოებისთვის მიუღებელი, მისგან გარიყული, ხშირად საკუთარი ნებით განაპირებული. ეს არის მდუღარე, ველური, შლეგი ნაპირი, დიდი სიბინძურით, დაცემულობით, ბოროტებით, ცოდვით და ამავე დროს პირველქმნილი უბიწოებით, დიდი სიფაქიზით, აღმაფრენით, შემოქმედთან არნახული სიახლოვით და უწმინდესი ღირებულებებით.

ასეთია ახალგაზრდა თანამედროვე ავტორის ლუკა ბაქანიძის სადებიუტო რომანის „მესამე ნაპირი" სიუჟეტი, რომელიც 2015 წელს პალიტრა L-მა გამოსცა. „ნებისმიერ თემას ვეხები, ყველაზე ჭუჭყიანსაც და ყველაზე ამაღლებულსაც" - ამბობს მწერალი რომანის შესახებ.

2015 წელს „მესამე ნაპირის" ავტორი ლიტერატურული პრემია „საბას" ნომინანტი გახდა, წლის საუკეთესო რომანის ნომინაციაში. ამავე პერიოდში დაინტერესდა რომანით გერმანული გამომცემლობა Klack Verlag. ეს არის გამომცემლობა, რომელიც ორიენტირებულია, გამოსცეს თანამედროვე ავტორთა მხატვრული და არამხატვრული ნაწარმოებები. გამომცემლობა Klack Verlag ლუკასთან გრძელვადიან პერსპექტივაში გეგმავს თანამშრომლობას.

2017 წელი ლუკასთვის მხოლოდ რომანის გერმანულენოვანი თარგმანით არ იყო გამორჩეული. გასულ წელს მან მოიგო "საბა" ნომინაციაში წლის საუკეთესო ელექტრონული წიგნი, რომანით "სად ხარ ლაზარე..." რომელიც ბეჭდური სახით ავტორის უახლეს მოთხრობებთან ერთად 2018 წლის დასაწყისში იქნება ხელმისაწვდომი. ლუკა ბაქანიძე სხვა ლიტერატურულ კონკურსებშიც მონაწილეობდა და მათი ნაწილის გამარჯვებულიც გახდა.

ამჟამად ლუკა ბაქანიძე საგამომცემლო საქმეებითაა დაკავებული. წიგნის პრეზენტაციის შემდეგ კი გეგმავს, რომ მუშაობა ახალ რომანზე დაიწყოს.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს