ავტორი:

შევშფოთდეთ თუ არა, თუ ბიჭი "გოგოს სათამაშოებით" თამაშობს - ფსიქოლოგის რეკომენდაცია მშობლებს

შევშფოთდეთ თუ არა, თუ ბიჭი "გოგოს სათამაშოებით" თამაშობს - ფსიქოლოგის რეკომენდაცია მშობლებს

მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებს, ხშირად ესმით საკუთარი შვილებისგან ფერების, სათამაშოების, პროფესიების გენდერული დაყოფის შესახებ. ბავშვები, უმეტეს შემთხვევაში, ერთმანეთისგან მიჯნავენ "გოგოს ფერს" და "ბიჭის ფერს", "გოგოს სათამაშოს" და "ბიჭის სათამაშოს".

ხშირ შემთხვევაში, სტერეოტიპების გაღრმავებას ხელს უწყობს საბავშვო ბაღი. მშობლების ნაწილი ამბობს, რომ მათმა შვილებმა სწორედ ბაღში მისვლის შემდეგ დაიწყეს ფერების, სათამაშოების, ანდა - ქცევის გენდერული დაყოფა.

ირა ბანცაძე, მშობელი: "ბავშვი სტერეოტიპებისგან აბსოლუტურად თავისუფალი იყო, ვიდრე საბავშო ბაღში შევიყვანდი. ახლა მისთვის სამყარო ორ ნაწილად - ბიჭის და გოგოს სამყაროებად იყოფა. რადგან თვითონ გოგოა, კატეგორიულ უარს ამბობს, ჩაიცვას "ბიჭის" ფერები - ლურჯი, შავი, ყავისფერი, ან სხვა მუქი ტონალობების სამოსი, ხშირად აპროტესტებს შარვლებსაც. გამიჯნული აქვს ბიჭის და გოგოს ქცევაც, იმის მიუხედავად, რომ სახლში მე და ჩემს ქმარს თანაბარი სიხშირით გვხედავს სამზარეულოში, დარწმუნებულია, რომ საჭმლის მომზადება გოგოს საქმეა".

სოფო კაკაბაძე, მშობელი: "ძალიან მაღიზიანებს, როდესაც სათამაშოების მაღაზიაში შევდივარ და კონსულტანტი მეკითხება, ბიჭისთვის ვეძებ სათამაშოს თუ - გოგოსთვის. თუ ეტყვით, რომ გოგოსთვის გინდათ, მაშინვე გაგიყვანენ უთოების, სარეცხის მანქანების, ქვაბების, ტაფების, თოჯინების რიგში. ბიჭების სათამაშოებად კი მანქანებს, "ლეგოს", ასაწყობ კუბებს, ფაზლებს და ა.შ. მიიჩნევენ, რაც ძალიან არასწორი მგონია. ასე ხომ თავიდანვე ვასწავლით ბიჭებს, რომ ზრდასრულობისას სარეცხი მანქანის ჩართვა, ან - თუნდაც საკუთარი პერანგის გაუთოება მისი საქმე არ იქნება, გოგოს კი - ავტომატურად სამზარეულოში ვუშვებთ დარჩენილი ცხოვრების გასატარებლად".

რეალურად, არის თუ არა სწორი, ბიჭები იცვამდნენ დედის მაღალქუსლიან ფეხსაცმელს, ან - ვარცხნიდნენ თმას თოჯინას, გოგონები კი - თამაშობდნენ მანქანებით და "ბიჭის სათამაშოებად" მიჩნეული სხვა ნივთებით, ამის შესახებ AMBEBI.GE ბავშვთა ფსიქიატრს, ნევროლოგ მედეა ზირაქაშვილს დაუკავშირდა:

"როდესაც ასაკთან ერთად მოდის ისეთი პრობლემები, როგორიც არის სქესის იდენტიფიკაციის დარღვევა, ძალიან ხშირად ვაძლევთ ხოლმე რეკომენდაციას მშობლებს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, ბიჭებმა უფრო მეტად "ბიჭის სათამაშოებით" ითამაშონ და შეიზღუდოს თოჯინებით თამაში; თუმცა, არა ბაღის ასაკში, რადგან 5-6 წლამდე თავისუფლად არის შესაძლებელი, ბიჭი თამაშობდეს, მაგალითად, "გოგოს სათამაშოებით", იცვამდეს კაბებს, მოსწონდეს თმის ვარცხნილობის შერჩევა და ამას არანაირი კავშირი არ აქვს სქესის იდენტიფიკაციის პრობლემასთან, რომელიც უკვე ნაკლებად აღიქმება, როგორც პრობლემა და ნელ-ნელა მიდის ტენდენცია იქით, რომ დიაგნოსტიკური კატეგორიიდან ამოიღონ, მაგრამ რადგან არის სტიგმა და მშობლებისთვის ეს ძალიან შემაწუხებელია, ყველამ უნდა იცოდეს, რომ 5-6 წლის ასაკამდე სრულიად ნორმალურია, ნებისმიერი სათამაშოთი ითამაშონ".

რთულია თქმა, ვინ უწყობს ხელს გენდერულ დაყოფას საბავშვო ბაღებში. ხშირ შემთხვევაში, სტერეოტიპულ დიფერენციაციას ბავშვები არა აღმზრდელებისგან, არამედ - ერთმანეთისგან სწავლობენ, რადგან ბავშვების დიდ ნაწილს სტერეოტიპებით სწორედ ოჯახებში ზრდიან.

მედეა ზირაქაშვილის თქმით, არასწორი შეხედულებების წინააღმდეგ ბავშვთან მოზომილად და ფრთიხლად უნდა იმუშაოთ.

"თუ ბიჭი ამბობს, რომ ის არ ჩაიცვამს წითელ სამოსს, რადგან ეს გოგოს ფერია, შეგიძლიათ უთხრათ, რომ - მაგალითად, "სპაიდერმენის" სამოსში წითელი ფერი ჭარბობს. მოუყვანეთ მისთვის ავტორიტეტული ფიგურის მაგალითი და არავითარ შემთხვევაში დაჟინებით არ უარყოთ მისი აზრი, რადგან სტერეოტიპული შეხედულება ასე უფრო გაუმყარდება," - ამბობს ფსიქოლოგი.

გენდერულ სტერეოტიპებთან ბრძოლა დასავლეთის ქვეყნებშიც კი ძალიან აქტუალურია. რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის - შვედეთში, ფუნქციონირებს გენდერულად ნეიტრალური ბაღები, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბავშვების სათამაშოებს და გართობის წესს. ბაღებში აღმზრდელები მაქსიმალურად ცდილობენ, ბავშვები სტერეოტიპებში არ მოექცნენ და ითამაშონ ნებისმიერი სათამაშოთი, რითაც მოისურვებენ. ბაღში შეხვდებით დრაკონზე ამხედრებულ "ბარბის", ანდა - წინსაფარაფარებულ ბიჭ თოჯინებს. აღმზრდელები მიიჩნევენ, რომ გენდერი უფროსების საქმეა და ბავშვები ჩარჩოში არ უნდა ჩავსვათ.

თინათინ კაკიაშვილი

AMBEBI.GE

თბილისის "დინამო" საქართველოს ჩემპიონი გახდა

მოძრაობა "გაბედეს" წევრებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოსთან ლობიო დათესეს

"ურთიერთსიმძიმე იტვირთეთ..." - რაზე იქადაგა დღეს პატრიარქმა