თბილისში გაზრდილი რეჟისორი, რომელმაც "ოსკარი" მიიღო - როგორ გადაიღეს სტალინის "გაფუჭებული კადრი" ხელახლა

თბილისში გაზრდილი რეჟისორი, რომელმაც "ოსკარი" მიიღო - როგორ გადაიღეს სტალინის "გაფუჭებული კადრი" ხელახლა

საბჭოელთაგან ამერიკული კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს - "ოსკარის" პირველი მფლობელი ლეონიდ ვარლამოვი, მე -20 საუკუნის დასაწყისში ჩვენს ქალაქში, თბილისელი ინჟინრის, ვასილ ვარლამოვისა და მისი მეუღლის - ნინა ბაბახანიდის ოჯახში დაიბადა. ლეონიდი, ახლობლებისთვის ლიონია, და-ძმასთან - დიმიტრისა და ოლგასთან ერთად ზემო ვერაზე, ხოშტარიას ქუჩაზე მდებარე პატარა, მაგრამ ძალიან მყუდრო ბინაში გაიზარდა.

მომავალი კინოდოკუმენტალისტისა და მისი და-ძმის აღზრდაში დიდ როლს ასრულებდა ბებია - ვასილის დედა ელისაბედ აბდუშელიშვილი. ეს უკანასკნელი შვილიშვილებს სამშობლოს სიყვარულს, ღირსების გრძნობას, პატიოსნებას უღვივებდა. ოჯახის კარი მუდამ ღია იყო სტუმრებისთვის, რომელთა შორის ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი იყო, ქართული თუ სხვა ქვეყნების ინტელიგენციის წარმომადგენელი. დიმიტრი-მიტო და ლეონიდი თავდაპირველად ლევანდოვსკის სახელობის გიმნაზიაში, შემდგომ კი - ბარნოვის ქუჩაზე, 49-ე სკოლაში სწავლობდნენ... ოსკაროსანი თბილისელის ამბავი "კვირის პალიტრას" რეჟისორის დისშვილმა, ალა მდივანმა უამბო, რომელიც თბილისში ცხოვრობს. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

"დოკუმენტურ ფილმს ერქვა "მოსკოვის მისადგომებთან გერმანელ ფაშისტთა ჯარების განადგურება". მასზე მუშაობა ქვეყნისთვის საბედისწერო დროს მიმდინარეობდა - გერმანიის ჯარები მოსკოვს უახლოვდებოდნენ. 1941 წლის ნოემბერში სტალინმა გადაწყვიტა, მოსკოვისთვის ბრძოლის ამსახველი ფილმი შეექმნათ. მან პირადად შეარჩია ფილმისთვის რეჟისორი - ლეონიდ ვარლამოვი.

იხილეთ ნაწყვეტი დოკუმენტური ფილმიდან

გადაღებებში 15 ოპერატორი მონაწილეობდა, მათ შორის - იმ დროს თუ მომავალში სახელგანთქმული კინემატოგრაფისტები: რომან კარმენი, ივან ბელიაკოვი, მარკ ტროიანოვსკი და სხვები. მათ ძალზე მძიმე პირობებში უწევდათ მუშაობა. 30-გრადუსიანი ყინვა ხშირად აზიანებდა კამერებს, იმტვრეოდა გადამღები აპარატურა, იღუპებოდნენ ოპერატორები... ფილმზე მუშაობა 1941 წლის დეკემბერში დასრულდა. იგი ძალიან დიდი ტირაჟით დაიბეჭდა და კინოთეატრებში 1942 წლის 23 თებერვალს უჩვენეს.

ფირზე გადამწვარი ქალაქები და სოფლები, სახრჩობელები, დაღუპულთა გროვები, ფაშისტების მიერ ჩადენილი ათასგვარი სისასტიკე და ძალადობა იყო აღბეჭდილი. ამასთანავე, ასახული იყო საბჭოთა მეომრების, ხალხის გმირობის საოცარი მაგალითები და თვალსაჩინოდ იყო ნაჩვენები, რომ სწორედ ამის შედეგად გადაურჩა მოსკოვი გერმანელთა ოკუპაციას. ფილმში ჟღერს ჩაიკოვსკის მეხუთე სიმფონია, აგრეთვე, საბჭოთა კომპოზიტორის ბორის მოკროუსოვისა და პოეტ ალექსეი სურკოვის იმ პერიოდისთვის ცნობილი სიმღერა "მოსკოვის დამცველები"...

განსაკუთრებით საინტერესოა კურიოზი, რომელიც ამ ფილმის შექმნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მომენტს უკავშირდება. მასში გამოყენებული არის 1941 წლის 7 ნოემბერს წითელ მოედანზე ჩატარებული აღლუმი, საიდანაც სამხედრო ნაწილები პირდაპირ ფრონტის წინა ხაზზე მიემართებოდნენ. წინაღამეს, საფრთხის თავიდან ასაცილებლად, აღლუმის დაწყება დილის 10 საათის ნაცვლად ორი საათით ადრე გადაწყვიტეს. კინემატოგრაფისტები ამის შესახებ არ გაუფრთხილებიათ და ამიტომ სტალინის სიტყვით გამოსვლის სინქრონულად ჩაწერა ვერ მოხერხდა. არადა, თავად ბელადი ამ ეპიზოდს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა. წარმოგიდგენიათ, როგორი სათქმელი იყო სტალინისთვის, მისი გამოსვლა ხელახლა რომ უნდა ჩაეწერათ. დანამდვილებით ვიცი, თუმცა რუსულ პრესაში ამას მხოლოდ ვერსიად წარმოაჩენენ, რომ ეს მძიმე მისია ბიძაჩემმა იკისრა. ყველას გასაოცრად, სტალინი, თურმე, ამ თხოვნას მშვიდად შეხვდა. მას უთქვამს: მზად ვარ გავიმეორო სიტყვა იმდენჯერ, რამდენჯერაც საუკეთესო ხარისხის დუბლის გადასაღებად იქნება საჭიროო. კრემლის სვეტებიან დარბაზში ფანერისგან მავზოლეუმის ტრიბუნის ნაწილი ააგეს და სტალინმაც აღლუმზე წარმოთქმული სიტყვა საგანგებოდ, კინემატოგრაფისტებისთვის გაიმეორა.

საინტერესოა ის, რომ იმ წლის ნოემბერში მოსკოვში სასტიკი ყინვა იყო და ქუჩის ეფექტის შესაქმნელად დარბაზში ყველა ფანჯარა გააღეს - გამომსვლელს პირიდან ორთქლი უნდა გამოსვლოდა. აღსანიშნავია, რომ ფილმში ჩამონტაჟებული ამ ეპიზოდის "სიყალბე" არა მარტო მაყურებელს, არამედ - ამერიკელ კინოაკადემიკოსებსაც კი გამორჩათ წაიკითხეთ ვრცლად

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი