101 წლის ასაკში გარდაცვლილი „შერეკილების“ ცნობილი მსახიობის, აბრეკ ფხალაძის უცნობი ცხოვრება

101 წლის ასაკში გარდაცვლილი „შერეკილების“ ცნობილი მსახიობის, აბრეკ ფხალაძის უცნობი ცხოვრება

მსახიობი აბრეკ ფხალაძე 101 წლის ასაკში 2018 წლის იანვარში გარდაიცვალა. ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში მოზარდმაყურებელთა თეატრში მოღვაწეობდა და შექმნილი აქვს არაერთი როლი როგორც სცენაზე, ასევე კინოში, მაგრამ მისი ყველაზე დასამახსოვრებელი როლი მაინც ნოშრევან კუჭუხიძეა, ფილმიდან "შერეკილები". საავადმყოფოს უფროსი, ექიმი, რომელიც ციხიდან გაქცეულ "შერეკილებს" თავისი მეთოდით მკურნალობს. მაყურებელს არ ავიწყდება მისი ცნობილი ფრაზა - "აბი გლუკოზა" და მკურნალობის მეთოდი "ბროწეულის ოყნებით"...

აბრეკ ფხალაძის სახე კიდევ არაერთმა ფილმმა შემოინახა ("სამოთხის გვრიტები", "მეტიჩარა," "ადამიანთა სევდა" და სხვა)... მსახიობობის პარალელურად, მთელი ცხოვრება იოგით სერიოზულად იყო დაკავებული და, როგორც ამბობენ, სწორედაც ეს იყო მისი ასწლოვანი ცხოვრების მიზეზიც. 98 წელი მხოლოდ საბუთებით იყო, რეალურად კი 101 წლის გახლდათ (უწინ ხომ დოკუმენტები დაგვიანებით ფორმდებოდა).

იოგით ახალგაზრდობიდან დაინტერესდა. ჩვენში ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ამ სისტემაში მოღვაწეობდა და ადამიანებს ეხმარებოდა, მათ მკურნალობას და გაჯანსაღებას ეწეოდა. ჰყავს ბევრი პაციენტი და მოსწავლე. როგორც მისი მოსწავლეები და უკვე მისი მიმდევრები ამბობენ, აბრეკმა მათ ასწავლა იოგას სისტემის სწორი გაგება, რომ იოგა არ არის მხოლოდ ფიზიკური ვარჯიში სხეულისთვის, ეს სრულყოფისთვის გამიზნული ფილოსოფიაა, ბრძოლა საკუთარ თავთან...

ერთ-ერთი მოსწავლე კი მსახიობის მიერ "შერეკილებში" შექმნილ დაუვიწყარ სახეს იხსენებს, რომელიც ყველასთვის შთამბეჭდავია. მისი თქმით, "აბი გლუკოზა" - აბრეკის საკუთარი ფრაზა ყოფილა, რომელიც რეჟისორს თავად შესთავაზა, ელდერ შენგელაიასაც მოეწონა და დატოვა კიდეც ფილმში. ბატონი აბრეკის პერსონაჟი ყველაფერს მკურნალობს, რითაც უნდა გახდეს ცნობილი და თავისი ფრანგი მასწავლებლის ერთგული მოსწავლე.

დღეს კი თბილ, გულისხმიერ ბაბუას ყველა უკვე დიდი სიყვარულით იხსენებს, საკუთარ მოძღვრად მიიჩნევს, თუმცა დაფასება ამ ადამიანებისგან არც სიცოცხლეში აკლდა. როგორც ამბობენ, აბრეკი ბაბუა ცხოვრების ბოლოსაც ისეთივე შემართებული და მხნე იყო, როგორც ახალგაზრდობაში...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE