ავტორი:

ახალგაზრდა დედის წარმატებული სამეცნიერო კარიერა - გაიცანით გერმანიაში მოღვაწე ანა ტრაპაიძე

ახალგაზრდა დედის წარმატებული სამეცნიერო კარიერა - გაიცანით გერმანიაში მოღვაწე ანა ტრაპაიძე

"ბავშვობიდან მაინტერესებდა და მინდოდა მეტი გამეგო სამყაროს, ბუნების კანონების, სიცოცხლის შესახებ... ინტერესის გაღვივებაზე გავლენა იქონია დედაჩემის ქიმიკოსობამ - ძალიან მიყვარდა მის სამსახურში, ქიმიურ ლაბორატორიაში სტუმრობა, სადაც შემეძლო "ჯადოსნურ" ექსპერიმენტებზე დაკვირვება, თვალსაჩინოებების, წიგნების და დანადგარების დათვალიერება...

დედის გავლენითვე შემიყვარდა სამეცნიერო ფანტასტიკა და მთელი გულით ვოცნებობდი, მეც გავმხდარიყავი მეცნიერ-გამომგონებელი და სნეულებათა განკურნების ჯადოსნური მანქანა შემექმნა..." - სწორედ ასე, ბავშვობაში ჩაეყარა საფუძველი 30 წლის ანა ტრაპაიძის წარმატებულ სამეცნიერო კარიერას, რომელიც ახლა გერმანიაში სამეცნიერო პროექტებზე მუშაობს.

ახალგაზრდა მეცნიერი წარმატების შესახებ AMBEBI.GE-ს მკითხველს თავად უამბობს:

- საზღვარგარეთ საქმიანობის დაწყებამდე, თბილისში რას საქმიანობდით? რა განათლება მიიღეთ?

- ჩემი ოცნების ასასრულებლად ლოგიკურად მეჩვენებოდა სამედიცინო ფაკულტეტზე ჩაბარება, სადაც ფიზიკის საფუძვლიანი ცოდნის გარეშე მოხვედრა იმ დროს წარმოუდგენელი იყო. ამიტომ ე.წ "კომაროვის" ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში სწავლა პირველი ნაბიჯი უნდა ყოფილიყო ოცნების ახდენისაკენ. მასწავლებლის, ბატონ რამინ ჭელიძის წყალობით ფიზიკა ჩემი საყვარელი საგანი გახდა და ჯავახიშვილში ფიზიკის ფაკულტეტზე განვაგრძე სწავლა იმ იმედით, რომ თუკი სურვილი მექნებოდა, ყოველთვის შემეძლო მოგვიანებით სასურველი სპეციალიზაციის არჩევა. თავიდან კოსმოლოგიამ გამიტაცა, მოგვიანებით კი ისევ სიცოცხლის მეცნიერებებით დაინტერესებამ და ექსპერიმეტების ჩატარების სიყვარულმა გადასძალა და ბიოფიზიკის მიმართულებით წასვლა გადამაწყვეტინა.

- სად და რა პროექტზე მუშაობთ ამჟამად? ამ კონკრეტულ პროექტამდე რას საქმიანობდით?

- ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ, სწავლების და კვლევის მაღალი ხარისხის გათვალისწინებით არჩევანი გერმანიაში, ბრემენის ჯაკობსის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოლეკულური სიცოცხლის მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამაზე შევაჩერე, სადაც 2-წლიანი სწავლისათვის სრული დაფინანსება და საცხოვრებელი სტიპენდია მივიღე. ეს ჩემს კარიერაში გარდამტეხი მნიშვნელობის მოვლენა იყო, რადგან მომეცა საშუალება, სხვადასხვა მიმართულების წამყვანი სპეციალისტების გვერდით თეორიულთან ერთად მრავალმხრივი პრაქტიკული გამოცდილებაც მიმეღო გენეტიკის, ეპიგენეტიკის, ბიოფიზიკის და ბიოინფორმატიკის ლაბორატორიებში. მას შემდეგ მოლეკულების ურთიერთამოცნობისა და ურთიერთქმედების მექანიზმების გამოკვლევა ჩემთვის ძალიან საინტერესო და საყვარელი საკითხი გახდა.

სამაგისტრო ნაშრომზე საფრანგეთში, ტულუზის კოორნინაციული ქიმიის ლაბორატორიაში ვმუშაობდი, სადაც შევისწავლიდი თუ როგორ გავლენას ახდენენ სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი მეტალები, თუთია და სპილენძი ტვინის დეგენერაციული დაავადებების, კერძოდ კი, ალცჰაიმერის დაავადების ჩამოყალიბებაში. ალცჰაიმერის დაავადება წარმოადგენს შეძენილი ჭკუასუსტობის ყველაზე გავრცელებულ ფორმას, რომელიც ხანდაზმულებში წამყვანი პრობლემაა და მისი განვითარების ხელშემწყობი მიზეზების და მექანიზმების შესწავლა, რა თქმა უნდა, პრიორიტეტულია მისი თავიდან აცილების, დროული დიაგნოზისა და ავადმყოფის სიცოცხლის ხარისხის გასაუმჯობესებლად.

მაგისტრატურის დასრულების შემდეგ აკადემიური წარჩინებისათვის, საფრანგეთის განათლების და მეცნიერების სამინისტრომ სტიპენდია მომანიჭა, რათა სადოქტორო პროექტი სამეცნიერო კვლევის ნაციონალური ცენტრის (LAAS-CNRS) ლაბორატორიაში გამეკეთებინა. პროექტი შეეხებოდა ბიოსენსორის შექმნას, რომელიც ინსულტიან, ინფარქტიან და ზოგად ქირურგიულ პაციენტებში ცილა თრომბინის განსაზღვრას შეძლებდა. ცილა თრომბინი სისხლის შედედების მთავარი მარეგულირებელი ცილაა და მისი რაოდენობა განსაზღვრავს სისხლის უკონტროლო შედედებისა (თრომბოზის) თუ გათხელების (ჰემორაგიის) რისკს. ამ ცილის რაოდენობის მყისიერი დადგენა ექიმებს დაეხმარება დროულად მიიღონ კრიტიკული გადაწყვეტილება და პაციენტს შესაფერისი მკურნალობა რისკების შემცირებით დაუნიშნონ.

ეს პროექტი მაღალი ინტერდისციპლინარულობით გამოირჩეოდა, რამაც საშუალება მომცა მრავალი ტიპის ლაბორატორიაში სხვადასხვა მიმართულების ინსტრუმენტთან და მეთოდებთან მქონოდა აქტიური შეხება. მიღებული შედეგებით ჩემი სადოქტორო ნაშრომი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა და წლის ბოლოს სადოქტორო სკოლის წლის საუკეთესო ნაშრომებს შორის იყო.

დოქტორანტურის შემდეგ ძალიან დამინტერესა ბიომასალების სფერომ - თუ რა გასაოცარი მასალებისგან შედგება ცოცხალი სამყარო და როგორ შეიძლება ბუნების მიბაძვით უნიკალური თვისებების მქონე ახალი ხელოვნური მასალა შეიქმნას. ჩემი პოსტ დოქტორანტული კვლევა, პოცდამის კოლოიდების და ზედაპირების კვლევის მაქს პლანკის ინტიტუტში (MPIKG), ბიომასალების განყოფილებაში პროფესორ პიტერ ფრაცლთან მიმდინარეობს.

მთავარ საწყის კომპონენტად ვიყენებ ცილების მიმდევრობას, გამოყოფილს ზღვის მიდიების ძაფებისგან, რომლებითაც მიდია სხვადასხვა ზედაპირზე დასამაგრებლად იყენებს. ცილის ამ საოცარ მიმდევრობას შეუძლია გარემოს ზემოქმედებით შესატყვისად გადაეწყოს მოწესრიგებულ სტრუქტურად, რომელსაც თვითაღდგენადი მექანიკური თვისებები გააჩნია.

სწორედ ამ მიმდევრობას და ბიო-შეთავსებად პოლიმერულ ბლოკებს ვიყენებთ, რომ შევქმნათ ისეთი მასალა, რომელიც გარკვეულ პირობებში სითხეა, მაგრამ პატარა ქიმიური ბიძგით მყარ ჟელედ გადაიქცევა, სადაც უჯრედების დანერგვა და სხვადასხვა დანიშნულების უჯრედული ქსოვილების გაზრდა შეიძლება, მაგალითად დაზიანებული ხრტილის, ძვლის აღდგენა, ანდაც 3-განზომილებიანი ბიო-ბეჭდვა.

- მეცნიერების პარალელურად, რითი ხართ დაინტერესებული? როგორია თქვენ ცხოვრების სტილი?

- მე, როგორც დედა, მეუღლე, მეგობარი, ჩემს პროფესიაზე შეყვარებული და ადამიანი მრავალი ინტერესით, ვცდილობ ოპტიმალურად გავანაწილო დრო ჩემი პრიორიტეტებისთვის, რომ ჰარმონიულად მოვახერხო ყველა მოვალეობის და ფუნქციის შესრულება, პროფესიული და პირადი განვითარებისათვის ზრუნვა და ამასთან დავტკბე სიცოცხლით "აქ და ახლა". თავისუფალ დროს მიყვარს ცეკვა, ცურვა, და ბუნებაში ხეტიალი. დიდ სიამოვნებას მანიჭებს ადამიანების დახმარება, ცოდნის და გამოცდილების გაზიარება, არ მენანება დროის განაწილება კეთილი საქმეებისთვის.

რაც შეეხება ცხოვრების სტილს, მკვლევარობა ჩემთვის მხოლოდ პროფესიული საქმიანობა არ არის, ყოველთვის მაინტერესებს ბოლომდე გავერკვიო და გამოვიკვლიო საკითხი, იქნება ეს ახალი რეცეპტი, ხელსაქმე, თამაში თუ მოგზაურობის გეგმა. ჩემი პრინციპი და მიზანია, ვიყო გულწრფელი. სიყვარულით მოვეკიდო საქმეს, რასაც მოვკიდებ ხელს, არ შევწყვიტო პერსონალური და პროფესიული ზრდა.

- რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?

- მგონია, რომ დიდი მიღწევები ჯერ კიდევ წინ მაქვს. ჩემთვის მნიშველოვანია ოჯახის და კარიერის ჰარმონიულად შეთავსება, მუდმივი პროფესიული და პიროვნული განვითარება. საბედნიეროდ, სპეციალურად ამ მიზნით მხვდა პატივი გავმხდარიყავი ნობელის პრემიის ლაურეატ კრისტიან ნუსლაინ-ვოლჰარდის ფონდის სტიპენდიანტი. ნობელიანტი ქალბატონი ლორეალის ფონდთან ერთად ყოველ წელს გერმანიაში მოღვაწე 10-მდე ახალგაზრდა წარჩინებულ მეცნიერ დედას აფინანსებს, რათა მათ რთულ სამეცნიერო მუშაობაში ოჯახურმა საქმეებმა ხელი არ შეუშალოს. სტიპენდია საშუალების იძლევა საჭირო დახმარების ორგანიზებაში, რომ მეცნიერმა ქალბატონებმა დრო და ენერგია უფრო მნიშვნელოვან ოჯახურ ურთიერთობებსა და კარიეულ წარმატებას მოახმარონ.

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? უკავშირდება თუ არა ის საქართველოს?

- ჩემი გეგმები მჭიდროდ უკავშირდება საქართველოს. მეტიც, ჩემი უახალოესი გეგმები კონკრეტულად უკავშირდება საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებს სწავლების კუთხით. მინდა, ჩემი ცოდნა და გამოცდილება გავუზიარო ახალ თაობას. მგონია, საქართველო არის უდიდესი პოტენციალის და შესაძლებლობების ქვეყანა, ნოყიერი ნიადაგი, რომ საზღვარგარეთ მიღებული გამოცდილება წარმატებული შედეგი მოიტანოს.

- თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს საქართველოში მეცნიერებისადმი მიდგომა?

- მეცნიერება ინოვაციების საფუძველია, ინოვაციები კი ცოდნის და გამოცდილების უნივერსალური ვალუტაა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. ვისურვებდი, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში მეცნიერები უფრო მეტად დაფასებულნი იყვენენ და ახალგაზრდა მეცნიერებს თავის გამოჩენის მეტი საშუალება გააჩნდეთ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი