"აზრები თავისით მოდის, არ ვფიქრობ რა დავხატო. უცებ ვდგები და ვიწყებ ხატვას, ტილოზე ისე გადმომაქვს ნააზრევი, რომ არ ვიცი, საბოლოოდ რა გამომივა. ერთადერთი, რაც მჭირდება, მუშაობის დროს სიწყნარეა, ფიქრები რომ არ გამეფანტოს. როცა ვასრულებ, მერე პატარა ბავშვივით ვეფერები. ყოველთვის ბოლო ნამუშევარი ყველაზე მეტად მომწონს და მგონია, რომ ის ყველაზე კარგია, ჩემი არც ერთი ნახატი, არც ერთი ნივთი ერთმანეთს არ ჰგავს, რაც ძალიან მახარებს", - ამბობს მხატვარი სვეტლანა ჭოჭუა და თავის ნამუშევრებს მათვალიერებინებს. როგორც კი მის სახლში ფეხს შედგამ, მაშინვე ხვდები, რომ შემოქმედის სახლში ხარ.
შემოქმედ ადამიანებს მდიდარი ფანტაზია და მარჯვე ხელები რომ აქვთ, ამაში მისი ნამუშევრები უთუოდ დაგარწმუნებთ. ოთახების კედლებს მისი შესრულებული ნატურმორტები და პეიზაჟები ამშვენებს, მის ნახატებში ყველა ფერს აღმოაჩენთ, გამორჩეული ფერი არ აქვს. გარდა ნახატებისა, იქ უამრავ საინტერესო ნივთს წავაწყდი სვეტას ხელით შექმნილს.
ახალგაზრდა ქალი დეკორატიულ თიხაზეც მუშაობს და ულამაზეს ნამუშევრებს ქმნის.
სვეტლანა აფხაზეთში, კერძოდ ოჩამჩირეში დაიბადა, 3 წლის იყო, მისი მშობლები საცხოვრებლად პეტერბურგში რომ წავიდნენ. სწორედ იქ გაიცნო მომავალი მეუღლე, თემურ ჭოჭუა და საბოლოოდ ისევ საქართველოში დაბრუნდა.
სვეტლანა ჭოჭუა:
- 1991 წლიდან თბილისში ვარ, ჩემი მშობლებიც აქ ჩამოვიდნენ, რადგან მამაჩემს ძალიან უყვარს საქართველო. მერე ისევ გადაიკვეთა ჩემი და თემურის გზები და ჩვენ დავქორწინდით. მშობლები ისევ დაბრუნდნენ პეტერბურგში და ახლა იქ არიან.
- ხატვა როდის დაიწყეთ?
- ბავშვობიდან ვხატავ. ხატვა ჩემთვის ყველაფერია, მის გარეშე არსებობა არ შემიძლია, სწორედ ამიტომ ავირჩიე ეს პროფესია. პეტერბურგში ვსწავლობდი, საქართველოში ძნელია მხატვრობა. სამწუხაროდ, ჯერჯერობით პერსონალური გამოფენის მოწყობა ვერ შევძელი, არადა, ძალიან მინდა ჩემი ნამუშევრები ფართო საზოგადოებამ ნახოს და შეაფასოს. გარდა მხატვრობისა, თიხაზეც ვმუშაობ, ჩემით შევისწავლე და დეკორატიული თიხისგან საავტორო თოჯინებს ვაკეთებ. ფაიფურის თოჯინები ყველას მოსწონს და მიხარია, რომ ჩემი შექმნილი არც ერთი თოჯინა ერთმანეთს არ ჰგავს. თიხაზე მუშაობა წლების წინ დავიწყე. ყველაფერი ლამაზი მიყვარს. აქ რასაც ხედავთ, კერამიკული თიხით მაქვს შესრულებული, კარგია ნამდვილ თიხაზე მუშაობა, მაგრამ ღუმელი არ მაქვს, თიხის გამოწვა რომ შევძლო.
- გარდა თოჯინებისა, უამრავი სხვა ლამაზი ნივთი გაქვთ თიხისგან დამზადებული, ძნელია მასზე მუშაობა?
- მხატვრისთვის არ არის თიხაზე მუშაობა ძნელი, სისტემატურად ვამზადებ ფულის ჩასაყრელ სხვადასხვა ფორმის და ზომის ყულაბას, ასევე, სამკაულების ჩასადებ ყუთებს და ნიღბებს.
- თქვენი ნახატები იყიდება?
- ყველაზე კარგად ძველი თბილისის ხედები იყიდება, ძირითადად უცხოელები ყიდულობენ. მაღაზიაში ვაბარებ. არ შემიძლია ტრაფარეტულად ვხატო. ტრიდეზე ვმუშაობ და ასეთი ნახატები უფრო მეტად მოსწონთ. რა განწყობაზეც ვარ, იმის მიხედვით ან ვხატავ, ან თიხისგან ვძერწავ. რაც მთავარია, ჩემი მეუღლე და ვაჟი, ძალიან მიწყობენ ხელს მუშაობაში. ახლა ვაპირებ ჩემი საიტი გავაკეთო, ამაში ვაჟი დამეხმარება, ის პროგრამისტია. რასაც ვქმნი, ყველაფერს გულით ვაკეთებ და მასში მთელ ენერგიას ვდებ... განაგრძეთ კითხვა