ავტორი:

"ამ დაავადებით მსოფლიოში 4 მილიონამდე ადამიანი იღუპება..." - პრობლემები, რომლებსაც მწეველები ყურადღებას არასოდეს აქცევენ

"ამ დაავადებით მსოფლიოში 4 მილიონამდე ადამიანი იღუპება..." - პრობლემები, რომლებსაც მწეველები ყურადღებას არასოდეს აქცევენ

სოციალურ ქსელში არაერთხელ გავრცელებულა მობილურით გადაღებული ფოტოები და ვიდეოები, რომლებზეც უფროსები, უმეტესად, მშობლები მცირეწლოვან პატარებს სიგარეტს სიცილ-კისკისით აწევინებენ, მეტიც, ამ საქმეში ახალისებენ ბავშვებს.

რა ზიანს აყენებს თუნდაც, ასე ხუმრობით შეთავაზებული სიგარეტის ერთი ღერი პატარას ჯანმრთელობას, მის ფსიქიკას და ზოგადად, რა გავლენას ახდენს თამბაქოს გამოყენება ადამიანის ორგანიზმზე - ამ თემაზე მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი კახა ვაჭარაძე გვესაუბრება:

"ის, რომ პატარას ვინმე სიგარეტს აწევინებს, ეს უპირველესად, იმ ადამიანების შემეცნებისა და ინტელექტის დაბალ დონეზე მიუთითებს. ამას ხელს უწყობს ტელევიზიაც, ქართული თუ უცხოური სერიალები, სადაც თამბაქოს მოწევა წახალისებულია. კომერციალიზაციას ვწირავთ ჩვენს ჯანმრთელობას?! რატომ? არ გვყოფნის მანქანების გამონაბოლქვი, მძიმე გარემო პირობები? მაგრამ ამ ყველაფერში ჯანმრთელობის შელახვის ძირითადი მიზეზი მაინც სიგარეტია," - აღნიშნავს რესპონდენტი.

ექიმის თქმით, დღეს მსოფლიო თანხმდება, რომ სიგარეტი ადამიანის ორგანიზმში ჯანმრთელობისთვის საზიანო პროცესებს პროვოცირებს. საშინელი სტატისტიკაა ისიც, რომ მწეველთა 80% განვითარებად ქვეყნებზე მოდის, მათ შორისაა, საქართველოც. მწეველებში ჭარბობენ ახალგაზრდები, რომლებიც ადრეულ ასაკში იწყებენ თამბაქოს მოხმარებას, რის შემდეგაც იღებენ სასუნთქი გზების სხვადასხვა დაზიანებას, მაშინ, როცა სასუნთქი გზების ჩამოყალიბება 25 წლის ასაკში სრულდება.

- უშუალოდ რას აზიანებს მოწევა?

- აზიანებს ტრაქეაბრონქიალურ გზას - ორგანიზმში იწყება როგორც ორგანული, ასევე ფუნქციური ცვლილებები. ეს არის განვითარების დეფექტები, რომელიც ხელს უწყობს სხვადასხვა ანომალიის განვითარებას, შეიძლება გამწვავდეს თანდაყოლილი პროცესებიც. რაც შეეხება ფუნქციონალურ მდგომარეობას, ამ დროს ორგანიზმში ფილტვის ობსტრუქციული დაავადებები იწყება -

ობსტრუქციული ბრონქიტები, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, რაც საკმაოდ საშიშია! ამ დაავადებით მსოფლიოში დაახლოებით 4 მილიონი ადამიანი იღუპება

არსებობს პნევმონიის, ტუბერკულოზის, ასთმის განვითარების რისკები. დადგენილია, რომ ტუბერკულოზით დაავადებულთა 70-80% მწეველები არიან.

ვაჭარაძის თქმით, საქართველოში წლის მანძილზე 42 000 ადამიანი იღუპება, 11 000 კი მწეველობის მიზეზით, ხოლო 3-4 ათასამდე ადამიანი, მხოლოდ იმიტომ იღუპება და უჩნდება სერიოზული პრობლემები, რომ პასიური მწეველია - ისინი ცხოვრობენ, ან მუშაობენ სიგარეტით დაკვამლიანებულ გარემოში, რასაც მეორადი კვამლი ჰქვია.

ექიმი დასძენს, რომ არსებობს "მესამედი კვამლიც", რომელთანაც ადამიანებს ასევე უწევთ შეხება, - ეს სიგარეტის კვამლით გაჟღენთილი ტანსაცმელია, ნივთები, ოთახი - კვამლი ყველგან და ყველაფერში აღწევს.

"რაც უფრო ადრე იწყებს ადამიანი მოწევას, უფრო მაღალია დაავადებების განვითარების რისკი. მწეველობის უარყოფითი გავლენა აისახება არა მარტო სასუნთქ გზებზე, არამედ ენდოკრინულ სისტემაზე, კუჭნაწლავის ტრაქტზე, ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, გულსისხლძაღვთა სისტემაზე,

არ არსებობს ორგანო, რომელსაც ნიკოტინი არ აზიანებს, მწეველის ორგანიზმი ნებისმიერი ინფექციისთვის აბსოლუტურად ტოლერანტულია

ამასთან, პრობლემები ექმნება გულსისხლძარღვთა სისტემას. გარდა იმისა, რომ თერმული დაზიანება ხორციელდება, რადგან სასუნთქ გზებში გავარვარებული ჰაერი ჩადის, აზიანებს ეპითელიუმს, რაც მიმართულია დაიცვას ჩვენი ტრაქეობროქნიალური სისტემა. ორგანიზმში ხვდება მავნე ნივთიერებები, მათ შორის, მხუთავი აირი CO, ასევე 800-მდე კარცეროგენული ნივთიერება. ამიტომაც ვითარდება ონკოდაავადებები.

- სიგარეტის თავის დანებების მიზნით, ბევრი ელექტროსიგარეტს ეტანება. არის თუ არა ის უსაფრთხო?

- როდესაც მსოფლიოში სიგარეტის მოწევის საწინააღმდეგო კამპანიები დაიწყო, თამბაქოს მწარმოებლები მიხვდნენ, რომ პოზიცია უნდა შეეცვალათ და პირველებმა გამოუშვეს ელექტრონული სიგარეტი. აქცენტი განსაკუთრებით ახალგაზრდებზე გააკეთეს და სხვადასხვა სახის რეკლამით უამრავი ახალგაზრდა მიიზიდეს. საქმე იქამდეც მივიდა, რომ გარკვეულ ადგილებში, სადაც მოწევა იკრძალებოდა, ელექტრონული სიგარეტი დასაშვები იყო. მიიჩნეოდა, რომ თამბაქოს ანაცვლებდა და ორგანიზმისთვის უვნებელი იყო.

კვლევებმა დაადასტურა, რომ ელექტროსიგარეტი ისეთივე საშიშია, როგორც თამბაქო, ოღონდ, იმ განსხვავებით, რომ მისი გამოყენების შედეგად გარემოში არ ხვდება მხუთავი აირი CO

ელექტრონული სიგარეტის მოწევის შემთხვევაში, ზედა სასუნთქი გზების სიმსივნის რისკი ჩნდება. ამას ხელს უწყობს ის ქიმიური დანამატები, შხამ-ქიმიკატები, რომელიც ელექტროსიგარეტის კატრიჯებშია მოთავსებული. ახლავს ალერგიული დაავადებების გამწვავება, მძიმე ტრაქეაბრონქიალური დაავადებები, ნერვული სისტემის დაზიანებები და ა.შ.

- მწეველების უმეტესობა მიიჩნევს, თუ სიგარეტს თავს დაანებებს, წონაში მოიმატებს. რამდენად სწორია ეს მოსაზრება?

- ადრე მიაჩნდათ, რომ თითქოს ნიკოტინმჟავა ხელს უწყობს ჭარბი წონის დაავადებასთან ბრძოლას და ამიტომ არ ანებებენ მას თავს, ეს არასწორია! სიგარეტის თავის დანებების დროს ჩნდება გვერდითი მოვლენები, ეს გარკვეული გარდატეხის პერიოდია, რაც სწორი კვებით, ჯანსაღი ცხოვრების წესით, ძალიან მალე გადაილახება. რა დროსაც ადამიანებს სისხლში ჟანგბადის შემცველობა ეცვლებათ, კანი ჯანსაღი უხდებათ, რადგანაც სისხლის მომარაგება ნორმალურ რეჟიმს უბრუნდება.

როდესაც ახალგაზრდებს სიგარეტის თავის დანებებაზე ვესაუბრებით, ისინი იცინიან, თუმცა ჩვენთან კლინიკაში როდესაც ხვდებიან, მაშინ სამწუხაროდ, ტირილი და დაავადებებთან სერიოზული ბრძოლა უწევთ. ეს რომ არ მოხდეს, საჭიროა, დროულად გავაცნობიეროთ საფრთხე და რისკები.

თბილისის 200-მდე ქუჩას 24 საათის განმავლობაში წყალმომარაგება არ ექნება

"დიდი საქმე გააკეთა ნოდარმა... ჩვენი გზები გაიყარა" - გვარამიას და მელაძის პირველი კომენტარები "მთავარსა" და "ტვ პირველში" მომხდარ ცვლილებებზე

5 მაისიდან სამშენებლო და ავტოსარემონტო კომპანიები მუშაობას განაახლებენ