რა შემთხვევაში კეთდება ინჰალაცია და როგორ უნდა მიაჩვიოთ ბავშვი პროცედურას - ექიმის რეკომენდაცია

რა შემთხვევაში კეთდება ინჰალაცია და როგორ უნდა მიაჩვიოთ ბავშვი პროცედურას - ექიმის რეკომენდაცია

დღეს ამ მოწყობილობის გარეშე სეზონურ ვირუსებთან გამკლავება, განსაკუთრებით ბავშვებისთვის, ძალიან რთულია. ინჰალატორს ხშირად იყენებენ გაციების, ხველის, ბრონქიტისა და სურდოს დროს, თუმცა აპარატი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ალერგიული ადამიანებისთვის. აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ ინჰალაციის გაკეთებას თავისი წესები აქვს და მისმა არამიზანმიმართულმა გამოყენებამ შესაძლოა, ნეგატიური შედეგიც მოიტანოს.

რა შემთხვევაშია რეკომენდებული ინჰალაციის აპარატის გამოყენება და რა რჩევები უნდა გაითვალისწინოთ ინჰალაციის გაკეთებისას - ამ თემაზე ექიმი-ალერგოლოგი, მედიცინის დოქტორი ნინო ლომიძე გვესაუბრება.

- რა არის ინჰალატორი და ყველაზე ხშირად რა შემთხვევაში გამოიყენება?

- ნებულაიზერი იგივე ინჰალაციის აპარატი არის მოწყობილობა, რომელიც ზედა და ქვედა სასუნთქი გზებისთვის მედიკამენტების გადასაცემად გამოიყენება. ნებულაიზერი თხევადი ფორმის მედიკამენტებს აპარატის საშუალებით ნისლისებურ აეროზოლად გარდაქმნის, რის შემდეგაც ხდება მათი შესუნთქვა. ის ძირითადად გამოიყენება გაციების, ცრუ კრუპის, მწვავე ბრონქიტის, ბრონქული ასთმის და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების დროს.

თუმცა, ინჰალაციის აპარატის შინ ქონა იმას არ ნიშნავს, რომ ყოველ წამოხველებაზე გავუკეთოთ ბავშვს ინჰალაცია მედიკამენტით. ის აუცილებლად უნდა დაინიშნოს ექიმის მიერ შესაბამისი ჩვენებით, დოზითა და ხანგრძლივობით.

- რომელი მედიკამენტების მიწოდება ხდება ინჰალატორით და როგორ მოქმედებენ ისინი?

- ყველაზე გამოყენებადი მედიკამენტების ჯგუფი ალერგოლოგიაში, რომელიც შეიძლება ნებულაიზერით იქნას მიწოდებული არის ბრონქების გამაფართოებელი პრეპარატები (ბრონქოდილატატორები), რომლებიც ხშირად გამოიყენება ალერგიული და ვირუსით გამოწვეული ბრონქოსპაზმის, მსტვინავი სუნთქვის, ასთმური შეტევის დროს. ისინი აფართოებენ სასუნთქ გზებს და ხსნიან ბრონქოსპაზმს. ასევე ხშირად გამოიყენება საინჰალაციო კორტიკოსტეროიდები, რომლებიც ამცირებენ სასუნთქი გზების ანთებით პროცესებს, სასუნთქი გზების შეშუპებას და ჭარბ ლორწოს.

- რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ინჰალაციის გაკეთებისას?

  • ინჰალაციის გაკეთებამდე აუცილებელია ხელების დაბანა
  • აპარატში მოთავსების წინ ყურადღებით გადაამოწმეთ ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტის დოზა.
  • ინჰალაციის პროცედურას 5-10 წუთი სჭირდება. ხელი შეუწყეთ ბავშვს, რომ ამ პერიოდში ნელა და მშვიდად ისუნთქოს. მშობლებსაც შეუძლიათ შვილთან ერთად ისუნთქონ, ხმამაღლა დაუთვალონ და ა.შ.
  • რეკომენდირებულია, ინჰალატორის გამოყენება გააგრძელდეს მანამ, სანამ ნებულაიზერში არსებული მედიკამენტი არ ამოიწურება.
  • დასრულების შემდეგ პირი წყლით ჩამოიბანეთ.

- როგორ გავასუფთაოთ ნებულაიზერი გამოყენების შემდეგ?

- რეკომენდირებულია, რომ ყოველი პროცედურის შემდეგ ნებულაიზერის ნაწილები (კომპრესორის გარდა) გამდინარე თბილი წყლით გაირეცხოს, სუფთა ნაწილები პირსახოცზე დააწყეთ, რომ კარგად გაშრეს. ხოლო კვირაში ერთხელ ან ორჯერ სასურველია, სადეზინფექციო ხსნარის საშუალებით გასტერილდეს.

- როგორ მივაჩვიოთ ბავშვი ინჰალაციის დროს მშვიდად ყოფნას?

- სასურველია, ინჰალაცია ჩატარდეს ერთსა და იმავე დროსა და ადგილას. მაშინ ის ბავშვის ყოველდღიურობის რეგულარული ნაწილი გახდება. ასევე, შესაძლებელია ნებულაიზერის გამოყენებას თამაშის სახე მივცეთ, ბავშვს ვთხოვოთ, დაგვეხმაროს ნიღბის გაკეთებაში, თვითონ გამორთოს და ჩართოს დანადგარი. კარგი იქნება თუ ამ დროს ბავშვის ყურადღებას სხვა საგანზე გადავიტანთ. მაგალითად, ამ დროს წაუკითხეთ ან დაათვალიერებინეთ წიგნი, მიეცით საყვარელი სათამაშო.

თუ ბავშვი მაინც არ გაცდით პროცედურის ჩატარებას, მაშინ გამოიყენეთ პორტატული ნებულაიზერი, რომელიც აბსოლუტურად უხმოა და შესაძლებლობას იძლევა, ბავშვს ძილის დროს მშვიდად გაუკეთოთ ინჰალაცია.

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE

ვაკე-საბურთალოზე სამშენებლო სამუშაოებისას "თბილისი ენერჯის" გაზსადენი დააზიანეს

"თუ გავიმარჯვებ, ეს იქნება ახალი ეტაპი წარმატებული ცხოვრების დასაწყებად" - "საქართველოს ვარსკვლავის" ფინალისტების მოლოდინები მთავარ შოუმდე

2020 წლის დადგომამდე წასაკითხი რჩევები ენდოკრინოლოგისგან