22 წლის ბიჭი, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა და ახლა ონკოლოგიურ პაციენტებს ეხმარება

22 წლის ბიჭი, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა და ახლა ონკოლოგიურ პაციენტებს ეხმარება

22 წლის ბექა ბარამია ცოტა ხნის წინ გავიცანი. წარმოშობით ზუგდიდიდანაა და თსუ-ში ბიზნესადმინისტრირებას სწავლობს. როგორც მითხრა, "ბერი ანდრიას ფონდში" ცხოვრობს. როდესაც იმის გარკვევას შევეცადე, თუ რატომ იქ, მიპასუხა, რომ წლების წინ სიმსივნე დაამარცხა და ონკოპაციენტებს ახლა თავად, როგორც შეუძლია, ისე უმსუბუქებს პრობლემებს.

"პატარაობიდანვე ვემზადებოდი იმისთვის, რომ უმაღლეს სასწავლებელში მესწავლა, რუსთავში წამოვსულიყავი და ბიძაჩემთან მეცხოვრა. სწავლას კიდევ უფრო აქტიურად მოვეკიდე 16 წლის ასაკში, XI კლასში, მე და დედა წამოვედით კიდეც რუსთავში. მეცადინეობისას საათობით მიწევდა ჯდომა. იმ პერიოდისთვის ფეხზე, რბილ ქსოვილზე რაღაც წანაზარდი მქონდა, იზრდებოდა, მაგრამ არ მაწუხებდა და ყურადღებას არ ვაქცევდი. აქტიური მეცადინეობის პერიოდში ფეხს ფეხზე რომ ვიდებდი, შემაწუხა, არასასიამოვნო შეგრძნება იყო...

გამოსაკვლევად ნაციონალურ ონკოცენტრში გამიშვეს. კვლევა ჩამიტარდა, მაგრამ დიაგნოზი არ მითხრეს, მაშინვე იქ დამაწვინეს. ვხედავდი, რომ საქმე არც ისე კარგად იყო. ქიმიაზეც თავს ცუდად ვგრძნობდი. ახლობლები თვალს მარიდებდნენ, ზურგს უკან ჩუმად ტიროდნენ. რაღაცნაირად ვცდილობდი, არ შემემჩნია, მაგრამ ფაქტია, ვითრგუნებოდი და მუდმივად ერთ კითხვას ვუსვამდი თავს: რატომ ხდებოდა ეს?"

- მძიმე ფორმა იყო?

- ამას არ ვკითხულობდი, არ მინდოდა. ქიმიას რომ მიკეთებდნენ, სულ მამა მახსენდებოდა, თურმე ამ პროცედურის დროს როგორ იტანჯებოდა. მასაც სიმსივნე ჰქონდა და მაშინ უკვე გარდაცვლილი იყო. სიმსივნე თავში ტრავმის შედეგად განუვითარდა, მე - დაჟეჟილობის შედეგად, არ გაიწოვა.

საავადმყოფოს კედლებში, სადაც ვიწექი, თავის დროზე მამა ანდრიაც იწვა, სადაც თავის უმძიმეს დაავადებას ღირსეულად ებრძოდა. ერთ დღესაც სტიქაროსანმა გიორგიმ, რომელიც ჩვენი ფონდის წევრია, მის ოთახში შემიყვანა და მითხრა, - აი, მამა ანდრია, მიესალმე! გამიკვირდა, - იქ არავინ იყო და ასე რატომ მეუბნებოდა. ჩემთვის ვიფიქრე, ეს ცოტა ვერ არის-მეთქი... მერე მამა ანდრიას ცხოვრების შესახებ მომიყვა (იმ ოთახში ახლაც სამლოცველოა). მის მშობლებსაც გაგაცნობ, როცა მოვლენო. რამდენიმე დღეში დედა თინათინი და მისი მეუღლე ემზარ მილორავა გავიცანი. პირველი, რაც დედა თინათინმა მითხრა, - დღეიდან ჩემი შვილი ხარ და შენზე როგორც შვილზე ვიზრუნებო. გამიკვირდა და თან, მესიამოვნა...

- მკურნალობის პროცესში ემოციურად რას განიცდიდი?

- მიუხედავად იმისა, რომ ონკოცენტრში სულ მამშვიდებდნენ, მამხნევებდნენ, არც ისე მარტივად იყო საქმე, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ არაფერს მაკლებდნენ, მუდმივად აჩემებული მქონდა, სახლში დროულად უნდა წავიდე-მეთქი. განცდა მქონდა, რომ ექიმები მეცადინეობის პროცესში ხელს მიშლიდნენ და პროცედურებს დროზე უნდა მოვრჩენილიყავი.

ერთი წლის შემდეგ ის ქაღალდი ვიპოვე, სადაც ჩემი დიაგნოზის შესახებ ყველაფერი ეწერა. ავთვისებიანი სიმსივნის მესამე სტადია მქონდა, ამას მანამდე მიმალავდნენ. ძალიან ცუდად გავხდი, სუნთქვა შემეკრა... მაგრამ დღეს ეს პრობლემა ყველაფერი 100%-ით დაძლეულია. მას მერე უკვე 5 წელი გავიდა... კი განვიცდიდი, მაგრამ ისეთი რწმენა მქონდა, რომ გადავრჩებოდი, მიმაჩნია, სწორედ ამან მიშველა.

- განიკურნე, შენი საქმიანობა განაგრძე, სტუდენტი გახდი, მაგრამ დღემდე ონკოპაციენტების გვერდით ხარ, პატარებს პრობლემების დაძლევაში ეხმარები...

- ეს ადამიანები ვერ დავტოვე. სახლში რომ მივდიოდი, ვერ ვრჩებოდი და ვმშვიდდებოდი, მათი მონატრების შეგრძნება არ მტოვებდა. სიტყვით ვერ გადმოვცემ თუ როგორი სიცოცხლით სავსე, ბედნიერი, თავდაჯერებულია თითოეული. ეს არის ის, რის გამოც არ გამოვიხურე ფონდის კარი და არ წამოვედი... მათი სახეები ყველამ უნდა ნახოს. ასე რომ, ნებისმიერთან მისი ასაკის შესაბამისად ვთამაშობ, იმიტომ კი არა, რომ რამე ვალდებულება მაქვს, მსიამოვნებს ადამიანურად, მავსებს და ამიტომ ვაკეთებ ამას...

- დედა სად არის?

- დედა რუსთავში ცხოვრობს, მყავს და, რომლებიც ბიძასთან ერთად არიან. მოკლედ, სანამ ავად არ გავხდი, სხვა ადამიანის გასაჭირს ვერ მივხვდი, თურმე მამა რას განიცდიდა... ვუყურებდი სიკვდილს თვალებში და მიუხედავად იმისა, რომ რისკის ქვეშ ვიყავი, ყველაფრისთვის გახლდით მზად, ჩემს ცხოვრებაში მომხდარმა ამბავმა დიდი თავდაჯერებულობა შემმატა... ნებისმიერ საქმეში კარგშიც და ცუდშიც, შეუძლებელია რაიმე დადებითი არ იყოს, რაღაც არ გასწავლოს. დიახ, გაცნობიერებულად და შეგნებულად ეს დადებითი ვნახე... - იქ მოხვედრის შემდეგ მივხვდი, რომ მანამდე ჩემს ცხოვრებაში ყელაფერი იყო რუტინა. მხოლოდ ვსწავლობდი და ეს იყო ჩემი ცხოვრება. ამ ხალხთან ურთიერთობამ ბედნიერება მომიტანა, როგორც ერთი ოჯახი ისე ვცხოვრობდი და ვცხოვრობ. ფონდში ყველა თანაბარი ვართ. ისე მოხდა, რომ ამ ბავშვებთან ერთად, იერუსალიმშიც ვიყავი. ალბათ ჩემს ცხოვრებაში ვერასდროს მოვახერხებდი იქ გამგზავრებას, მაია ასათიანმა გაგვიშვა... ვიმუშავე სოფლის მეურნეობის სამინისტროში, სტაჟიორი ვიყავი და ჩემთვის ეს დროც იყო მნიშვნელოვანი.

- რა შეგიძლია უთხრა სხვებს ადამიანმა, რომელმაც მძიმე დაავადება დაძლიე?

- დაბრკოლებებს არ შეუშინდნენ,  გამოსავალი ყოველთვის არის, უბრალოდ, უნდა იპოვონ. ყველას აქვს რაღაც მიზანი და მისი ერთგული ბოლომდე დარჩნენ. შეიძლება მის განხორციელებას ერთი საათი დასჭირდეს, შეიძლება - წლები. არ უნდა დანებდნენ. არც იმას აქვს მნიშვნელობა, თუ როდის წახვალ ამ ქვეყნიდან. მთავარია, რას გააკეთებ ამ დროში.

წელიწად-ნახევარში სწავლას ვამთავრებ. მაქვს ორი ოჯახი, ერთი - პატარა და მეორე - დიდი. ერთის წევრები არიან - დედაჩემი, ჩემი და და ბიძაჩემი, მეორე - დიდი ოჯახი კი ფონდია. მინდა თითოეულისთვის ისეთი რამ გავაკეთო, რომ დაამახსოვრდეთ.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი