რამდენიმე საგანში გაუქმდება გამოსაშვები გამოცდები, შემცირდება უნივერსიტეტები - მინისტრი განათლების სფეროში დაგეგმილ ცვლილებებზე

რამდენიმე საგანში გაუქმდება გამოსაშვები გამოცდები, შემცირდება უნივერსიტეტები - მინისტრი განათლების სფეროში დაგეგმილ ცვლილებებზე

სკოლებში, შესაძლოა, რელიგიის სწავლება აღდგეს. როგორც "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რელიგიის ისტორია სკოლებში, როგორც არჩევითი საგანი უნდა ისწავლებოდეს.

"მიმაჩნია, რომ რელიგიის ისტორია, როგორც არჩევითი საგანი ყველა სკოლაში უნდა იყოს და მივდივართ აქეთკენ", - აღნიშნა მინისტრმა.

როგორც ცნობილია, დეკემბერში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, ერთ-ერთი ქადაგებისას განაცხადა, რომ სკოლებში რელიგიის ისტორიისა და სულიერებასთან დაკავშირებული საკითხების სწავლება აუცილებელია.

ამასთან, გამოსაშვები გამოცდები, შესაძლოა, რამდენიმე საგანში გაუქმდეს. აღნიშნულის შესაძლებლობა მიხეილ ჩხენკელმა "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში არ გამორიცხა.

როგორც ჩხენკელმა აღნიშნა, განათლების სამინისტრო რამდენიმე მიმართულებით მუშაობს და გამოცდებთან მიმართებაში ცვლილებები შესაძლოა, წელსვე ამოქმედდეს.

"ჩვენ, სახელმწიფოს, საზოგადოებას გვჭირდება მოაზროვნე ადამიანები. ყველა სპეციალობაში ინფორმაციის მიწოდებასთან ერთად აქცენტი უნდა გაკეთდეს შემოქმედებით და კრიტიკულ აზროვნებაზე. ხშირად ვიმეორებ პლუტარქეს გამონათქვამს, რომ "გონება ეს არ არის ჭურჭელი, რომელიც უნდა აავსო, ეს არის ცეცხლი, რომელიც უნდა დაანთო". სწორედ ეს იქნება ჩვენი დევიზი განათლების ყველა საფეხურზე - სკოლაშიც, პროფესიულ კოლეჯშიც და უმაღლეს საფეხურზეც. გამოცდებიც შესაბამისად უნდა ასახავდეს ამას. ჩვენ ახლა საკმაოდ ინტენსიურად ვმუშაობთ გამოცდების ცენტრთან რომ ამ კუთხით წავიყვანოთ გამოცდები. ცხადია, იქ უნდა მოხდეს შემოწმება, რამდენად აქვს მოსწავლეს ინფორმაცია, მაგრამ ასევე აქცენტი უნდა გაკეთდეს შემოქმედებითი აზროვნების კუთხით. ცვლილებები გამოცდების კუთხითაც დაგეგმილია და ვმუშაობთ", - განაცხადა მინისტრმა.

კითხვაზე - ხომ არ იგეგმება სკოლის გამოსაშვები გამოცდისა და უნივერსიტეტის მისაღები გამოცდების გაერთიანება? - ჩხენკელი ასე პასუხობს: "გაერთიანება არ არის სწორი ფორმულირება, მაგრამ ორივე ტიპის გამოცდაზე ვმუშაობთ და ცვლილებები შესაძლებელია ორივეს შეეხოს. განსაკუთრებით სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს. თუმცა, გაერთიანება ნამდვილად არ მოხდება. ეს ორი სხვადასხვა რამეა. სკოლის გამოსაშვებ გამოცდებთან დაკავშირებით გაიგებთ... გაუქმდება თუ არა გამოსაშვები გამოცდები, ვნახავთ. ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა მოდელზე. გვინდა, რომ ჩვენი გამოცდების სისტემა კიდევ უფრო ეფექტური გახდეს. გამოცდების ოპტიმიზაცია მოხდება და გამოცდა რეალურად შეამოწმებს ცოდნას. შესაძლებელია, კონკრეტული მიმართულებით ცვლილებები წელსაც იყოს", - განაცხადა ჩხენკელმა.

როგორც ჩხენკელი ამბობს მშობელსა და სკოლას შორის დაიდება კონტრაქტი, რომელიც მშობლის პასუხისმგებლობის საკითხს გულისხმობს. კონტრაქტების შემოღება მიმდინარე სასწავლო წლიდან იგეგმება.

"მნიშვნელოვანია, რომ მშობლები ჩართულები იყვნენ სკოლის პროცესში. ვიხილავთ შემდეგ მოდელს, რომ მშობელსა და სკოლას შორის დაიდოს კონტრაქტი, რაც გულისხმობს მშობლის პასუხისმგებლობის საკითხსაც, რომ ისინი ურთიერთთანამშრომლობდნენ, ყოველი მოსწავლის მშობელი ჩართული იყოს იმ პროცესში, რომელიც სკოლაშია; ინფორმირებულობა უნდა იყოს ორმხრივი. სკოლამ სწრაფად უნდა მიაწოდოს მშობლებს ინფორმაცია, თუ რაიმე პრობლემაა და პირიქით, მშობელმა აქტიურად იმუშაოს სკოლასთან. სკოლის მასწავლებლები, ხელმძღვანელობა და მშობელი უნდა იყოს ერთი გუნდი. კონტრაქტების შემოღებას ახლაც ვგეგმავთ. დაიწყო ეს კამპანია. კიდევ გვაქვს სხვა კამპანიაც, რომელიც მოსაწავლეებთან შეხვედრას ითვალისწინებს. რამდენიმე ასეთი შეხვედრა უკვე ჩავატარეთ და ისევ ვგეგმავთ. ეს არის კამპანია "მოუსმინე მოსწავლეებს", ასევე ვხვდებით მასწავლებლებს და მომავალი კვირიდან ვგეგმავთ, ყველა რეგიონში ჩასვლას და სკოლების დირექტორებთან შეხვედრას, მათი აზრის გათვალსწინებაც აუცილებლად უნდა მოხდეს. რეალურად, ჩვენ ერთი გუნდი ვართ", - აღნიშნა ჩხენკელმა.

გარდა ამისა, მინისტრის თქმით, უნივერსიტეტების რიცხვი შემცირდება. როგორც ჩხენკელმა აღნიშნა, სახელმწიფო ვალდებულია, აბიტურიენტებს, სტუდენტებს და მათ მშობლებს უნივერსიტეტებში არსებული პრობლემების შესახებ სიმართლე უთხრას.

"ძალიან ბევრი ახალი იდეა გვაქვს უნივერსიტეტებთან დაკავშირებით, მაგრამ პირველი ეს არის ხარისხი. უკვე დაწყებულია პროცესი, რომელიც უნივერსიტეტების მონიტორინგს გულისხმობს ავტორიზაციის კუთხით. ორი ტიპის უნივერსიტეტი მინდა გამოვყო, სადაც მონტორინგი ჩატარდა. თუ ჩვენ დავინახეთ, რომ უნივერსიტეტს აქვს შანსი სიტუაციის გამოსასწორებლად, მიეცემათ შანსი, რომ მიაღწიონ ამ სტანდარტს და ჩაუტარდებათ განმეორებითი მონიტორინგი. თუ დავინახავთ, რომ უნივერსიტეტს შანსიც არ აქვს სიტუაციის გამოსასწორებლად, მათ ჩამოერთმევათ ავტორიზაცია და შეუჩერდებათ სტუდენტების მიღება.

რიცხვს არ დავასახელებ, პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ გეტყვით, რომ უნივერსიტეტების რიცხვი შემცირდება. გვყავს ავტორიზაციის საბჭო, პროფესიონალი ექსპერტებით დაკომპლექტებული და ეს იქნება ობიექტური შეფასების პროცესი. მაგრამ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფომ უნდა თქვას სიმართლე, რომელიც უნდა ვუთხრათ ყველა აბიტურიენტს, მშობლებს, საზოგადოებას, რომ სახელმწიფოს მიერ ავტორიზებული უნივერსიტეტი აუცილებლად უნდა იყოს ისეთი, სადაც წამყვანი მხარე არის განათლების ხარისხი", - განაცხადა განათლების მინისტრმა.

წაიკითხეთ მინისტრის ინტერვიუ ვრცლად

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი