როგორი იქნება დასაქმების ბაზარი 20 წლის შემდეგ - მომავლის საუკეთესო სამუშაო ადგილების სია და დრომოჭმული პროფესიები საქართველოში

როგორი იქნება დასაქმების ბაზარი 20 წლის შემდეგ - მომავლის საუკეთესო სამუშაო ადგილების სია და დრომოჭმული პროფესიები საქართველოში

თუ მშობელი ახლახანს გახდით ან უბრალოდ ზოგადსაკაცობრიო ფიქრები გაწუხებთ, შესაძლოა, გიფიქრიათ, თუ რას უმზადებს მომავალი დასაქმების მსურველებს.

დღეს დაბადებული ბავშვები 2040 წლისთვის კარიერის საფეხურზე პირველ ნაბიჯს შედგამენ. საინტერესოა იქნება თუ არა დასაქმების ბაზარი ისეთი, როგორიც ის დღეს არის.

რობოტებმა დღეს უკვე ჩაანაცვლეს მილიონობით ადამიანი საწარმოებში, კვების ობიექტებსა და ვაჭრობაშიც კი, უკვე დღეს არსებობს ეჭვი, რომ ხელოვნური ინტელექტი ინდუსტრიის ყველა სფეროს მოიცავს.

კარგი ამბავი ის არის, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტმა გამოაქვეყნა იმ პროფესიების ჩამონათვალი, რომლებიც 2040 წლისთვისაც ადამიანის კვალიფიკაციაში დარჩება - მათ შორის ქორეოგრაფია და ფსიქოლოგიაც არის.

კიდევ ერთი კარგი ამბავი იმაში მდგომარეობს, რომ პროფესიების გარკვეული ნაწილის გაქრობასთან ერთად ახლები შეიქმნება. ფაქტობრივად მომავლის შემსწავლელი ინსტიტუტის (IFTF) პროგნოზის თანახმად, 2023 წლისთვის ახალი პროფესიების 85%-ჯერ კიდევ არ იქნება შექმნილი, თუმცა 10 წლის შემდეგ დასაქმების ბაზარი სრულიად შეცვლილი იქნება.

Allnews.ge Times-ზე დაყრდნობით მომავლის პროფესიებს გთავაზობთ.

ვირტუალური მაღაზიის მენეჯერი

სულ უფრო მეტი მომხმარებელი იყენებს ონლაინ მაღაზიებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათ ჯერ კიდევ სჭირდებათ ადამიანებთან კონსულტაცია. Google-ის გამოკითხვამ ჩვენა, რომ მობილურის მომხმარებელთა 61%-მა განაცხადა, რომ ონლაინ შესყიდვის გაკეთებამდე კომპანიას უკავშირდებიან.

ISDI ციფრული უნივერსიტეტის თანადამაარსებელი და აღმასრულებელი დირექტორი ამირ მაშკოორი აღნიშნავს, რომ სწრაფ ცვლილებას არ ელის.

"ტექნოლოგიური ტემპების ზრდასთან ერთად ადამიანები ფიქრობენ, როგორ შეიძინონ ახალი უნარები, რომლებიც არ აქვთ მანქანებს - უნარი იფიქრო, გაიგო გემო და სუნი - ციფრულ სამყაროში ზოგიერთ შესაძლებლობას კარგავ", - ამბობს ამირ მაშკოორი.

მაშკოორი ფიქრობს, რომ მომავალში კომპანიები ადამიანებს თავის ციფრულ სივრცეში ჩანერგავენ, რომლებიც მომხმარებლის კმაყოფილებაზე ისევე იქნებიან ორიენტირებულები, როგორც დღეს ჩვეულებრივი მაღაზიების მენეჯერები და რამდენადაც ირონიული არ უნდა იყოს, მომავალში კომპანიებს ამ მოვალეობის შესრულებისთვის კვლავ ადამიანის დახმარება დასჭირდებათ.

რობოტების მედიატორი

ცხადია, რობოტები ინდუსტრიის ზოგიერთ სფეროში სულ უფრო მეტ ადგილს იკავებენ, თუმცა ზოგიერთ სამსახურში ისინი ადამიანებს სამუშაოს უკეთ შესრულებაში ეხმარებიან. რობოტები ამაზონის საწყობებში, სადაც ისინი თანამშრომლებს საგნების მოძებნასა და გადატანაში ეხმარებიან, ამის საუკეთესო მაგალითია. ადამიანისა და რობოტის თანამშრომლობის გახშირების პარალელურად, თავს სირთულეებიც იჩენს, რომელთა მოსაგვარებლად დამატებითი დამხმარე სამსახურების შექმნა გახდება საჭირო. ისეთი როგორიც არის რობოტების შემკეთებლის სამსახური, რომელიც უკვე არსებობს. აქედან გამომდინარე კარგად ჩანს, რომ მიუხედავად შიშისა, რომ რობოტები სამსახურებს წაგვართმევენ ციფრული რეალობის სამართავად უნარიანი ადამიანები აუცილებლად საჭირონი იქნებიან.

რობოტების მწვრთნელი

მანქანების მცოდნე, რომელიც ალგორითმის გამოყენებით რობოტის გაწვრთნას შეძლებს, რა უნდა გააკეთოს, რა თქვას და როგორ მოიქცეს, ისეთი უნარი იქნება, რომლის დაუფლებასაც ყველა ვერ შეძლებს. პროგრამისტები ჯერ კიდევ დღეს სარგებლობენ დიდი პოპულარობით ტექნოლოგიური განვითარების პარალელურად, კი მათი საქმიანობა უფრო მოთხოვნადი გახდება.

დრონების მოძრაობის მარეგულირებელი

მხოლოდ 2016 წელს ფედერალურმა ხელოისუფლებამ 670 ათასი დრონი დაარეგისტრირა. Google და Amazon მათ ამანათების დასარიგებლად უკვე იყენებს. აღნიშნული ინტენსივობიდან გამომდინარე აღნიშნულ სფეროში დამატებითი სამსახურების შექმნა თითქმის გარდაუვალია. მომავალში საჭირო გახდება საჰაერო მოძრაობის დარეგულირება, ისევე, როგორც ეს თვითმფრინავების შემთხვევაში ხდება, კოორდინატორის ფუნქციას კი ადამიანი შეასრულებს.

ეს ახალი პროფესიების მხოლოდ ერთი ნაწილია, რომლებიც გვამცნობენ, რომ ტექნოლოგიური სიახლეების პარალელურად დასაქმების განახლებულ და განსხვავებულ ბაზარს უნდა ველოდოთ.

პროფესიები, რომლებიც საქართველოში მომავალში აქტუალობას დაკარგავს

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ზოგიერთი პროფესიის საჭიროება შემცირდა, ზოგი სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულად აღარ მიიჩნევა, სწორედ ამიტომ, მომავალში მათ გაქრობა ემუქრებათ.

საქართველოს გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტები პრიორიტეტულად ეკონომიკას, ბიზნესის ადმინისტრირებას, იურიდიულსა და სოციალურ მეცნიერებებს ანიჭებენ, რასაც საქსტატიც ადასტურებს.

2015-16 წლებში, სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში, საბაკალავრო პროგრამებზე - სოციალურ მეცნიერებებზე, ბიზნესსა და სამართალზე ჩარიცხულთა რაოდენობა 27 292-ია, მეორე ადგილს ზოგადი სამეცნიერო სპეციალობები იკავებს 15 218 სტუდენტით, ხოლო მესამე ადგილს ჰუმანიტარული მეცნიერებები და ხელოვნება, 9 831 ჩარიცხულით.

საქართველოსა და მსოფლიოში პროფესიების შესაძლო გაქრობასთან დაკავშირებით Allnews.ge განათლების პოლიტიკის სპეციალისტ სიმონ ჯანაშიას ესაუბრა.

მისი თქმით, გარკვეული პროფესიების გაქრობის ერთ-ერთ მიზეზად, შესაძლოა, ტექნოლოგიური განვითარება მოვიაზროთ, თუმცა, პროფესიული კუთხით საქართველოში არსებულ ფაქტორებზე სახელმწიფოა პასუხისმგებელი.

"საქართველოსთვის პრობლემური სფერო ბიოტექნოლოგიები, ფილოსოფია, ისტორიული მიმართულება და ზოგადად, ჰუმანიტარული სფეროა, არადა ამ მიმართულებების განვითარების გარეშე სამოქალაქო საზოგადოების განვითარება რთულია," - განმარტა მან და ასევე დასძინა, რომ საქართველო აგრარულ სფეროში ტექნოლოგიების გამოყენებით ბევრ სახელმწიფოს ჩამორჩება.

მომავლის საუკეთესო პროფესიები

სიმონ ჯანაშიას მიაჩნია, რომ ბოლო დროს ტექნოლოგიურმა განვითარებამ დასაქმების სხვადასხვა სფეროში, მთელ მსოფლიოში გარკვეული პრობლემები შექმნა.

"ბიზნესის დემოკრატიზაცია მიმართულებების შეცვლას იწვევს, მაგალითად დასავლეთის ქვეყნებში ტაქსის კომპანიები კერძო პირების მხრიდან კონკურენციას განიცდიან, რადგანაც მათ მიერ ავტომობილის გაქირავებამ უკვე მასობრივი ხასიათი მიიღო. უნდა აღინიშნოს სტამბების პრობლემაც, იმის გამო, რომ უფრო მეტი ელექტრონული წიგნი იქმნება, აღნიშნულ კომპანიებს დაბეჭდილი წიგნების რეალიზაცია უჭირთ. გარდა ამისა, სოციალური მედია ჟურნალისტიკის ფუნქციებს ამცირებს, ასე რომ განვითარება ბევრი მიმართულებით მოხდა," - აღნიშნა ჯანაშიამ.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ ზუსტი და საბუნებისმეტყველო მიმართულებების პოპულარიზაციის მიზნით, აღნიშნულ ფაკულტეტებზე სწავლა უფასო გახადა, მასზე ჩაბარების მსურველ აბიტურიენთა რიცხვი გაიზარდა, რაც უნივერსიტეტებზეც აისახა. მაგალითად, საინჟინრო, დამამუშავებელ და სამშენებლო დარგებზე 2015-16 წლებში, საქსტატის ინფორმაციით, საბაკალავრო პროგრამაზე 8 126 სტუდენტი სწავლობს.

მსოფლიოში ჯანდაცვის სისტემა და ტექნოლოგიები საკმაოდ სწრაფად ვითარდება. მომავალში აღნიშნულ სექტორებში სამუშაო ადგილების კიდევ უფრო ზრდაა მოსალოდნელი. "ბიზნეს ინსაიდერმა" აშშ-ის შრომის სტატისტიკის ბიუროს მონაცემებზე დაყრდნობით, მომავლის საუკეთესო სამუშაო ადგილების სია გამოაქვეყნა.

საუკეთესო ოცეულში ის სამუშაო ადგილები მოხვდა, სადაც ანაზღაურება დიდია და რომლებზეც მოთხოვნა მომავალში გაიზრდება.

პირველი ადგილი ექთანმა დაიკავა, რომლის საშუალო წლიური ხელფასი აშშ-ში გასულ წელს 66,640 დოლარი იყო. ექთნის პოზიციისთვის ბაკალავრის დიპლომი საკმარისია. მეორე ადგილზე ოპერაციული მენეჯერი გავიდა, რომელსაც ორგანიზაციაში შესასრულებელი ოპერაციების კოორდინირება ევალება. მისი წლიური ანაზღაურება 97, 270 დოლარი იყო. ხუთეულში ასევე შევიდა პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერის პოზიცია, სადაც დასაქმებულს 2014 წელს საშუალოდ 95,510 დოლარის გამომუშავება შეეძლო. ასევე კომპიუტერული სისტემების ანალიტიკოსი 82,710 დოლარის ოდენობის საშუალო წლიური ანაზღაურებით და ქირურგი სულ მცირე 187, 200 დოლარის ოდენობის საშუალო წლიური ანაზღაურებით.

ათეულში კი მოხვდა ბუღალტერი, აუდიტორი, ინფორმაციული სისტემების მენეჯერი და პირადი ფინანსური მრჩეველი.

წყარო: allnews.ge

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი