შარლოტა ბრონტეს "ჯეინ ეარი", ალექსანდრე დიუმას "სამი მუშკეტერი" და ჩარლზ დიკენსის "ოლივერ ტვისტი" - ეს არის სამეული მსოფლიო კლასიკისა, რომელთა შემოკლებული ვარიანტი ქართულ ენაზე 1-ელი თებერვლიდან იქნება ხელმისაწვდომი. მარტში კი კიდევ 2 კლასიკა-მოკლედ, ჟიულ ვერნის "ოთხმოცი დღე დედამიწის გარშემო" და ჯეინ ოსტინის "სიამაყე და ცრურწმენა" გამოვა. სერიას გამომცემლობა "პალიტრა L" გამოსცემს.
"პალიტრა L-ის" მთავარი რედაქტორის მაია ალუდაურის განმარტებით, კლასიკის შემოკლებული ვარიანტების გამოცემა მსოფლიო მასშტაბით მიღებული და ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა.
"ეს კლასიკურ ლიტერატურასთან მიახლოების მარტივი გზაა. კლასიკა-მოკლედ, უპირველეს ყოვლისა, გათვლილია მოზარდებზე, რომლებიც დიდ წიგნებთან შეხებას იწყებენ. როგორც წესი, სქელტანიანი წიგნები მათ ცოტა აფრთხობთ ხოლმე, კლასიკური ლიტერატურა კი ძირითადად ასეთი ფორმატისაა. მეორე კატეგორიაა ადამიანები, რომელთაც მოუცლელობისა თუ სხვა მიზეზების გამო ბევრი დაუგროვდა წასაკითხი და მის ასანაზღაურებლად დრო არ აქვთ.
ისინი შემოკლებული გამოცემების საშუალებით მარტივად ახერხებენ გამოტოვებული წიგნების წაკითხვას. ასევე, არსებობს ადამიანების კატეგორია, რომლებსაც გაწელილი პასაჟების კითხვა არ უყვართ. კლასიკაში კი ხშირად შეხვდებით ბუნებისა და გარემოს აღწერებს, ხანგრძლივ მსჯელობებს რელიგიასა და ფილოსოფიაზე. შემოკლებული ვარიანტი მათთვის საუკეთესო გამოსავალია. ამ ყველაფრის მიუხედავად, შემოკლებული სერიის გამოცემას დიდი სიფრთხილით ვეკიდებით. წინააღმდეგობებსაც ველოდებით, თუმცა აუცილებლად იქნებიან ადამიანები, რომლებიც ამ სერიას წიაკითხავენ და კმაყოფილები იქნებიან," - განმარტავს მაია ალუდაური.
სერია "კლასიკა-მოკლედ"არ არის წიგნის ადაპტირებული გამოცემა, არამედ გამორჩეულია იმით, რომ ინარჩუნებს ავტორის სტილს, წერის მანერას, ორგინალური ტექსტის თავისებურებებს. ის გაძლევთ შესაძლებლობას, რომ მინიმალურ დროში მაქსიმალური წარმოდგენა შეიქმნათ ამა თუ იმ კლასიკოსის შემოქმედებით მემკვიდრეობაზე, გაეცნოთ მსოფლიო ლიტერატურის შედევრებს, რომლებმაც წლებსა და საუკუნეებს გაუძლო. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა "კლასიკა-მოკლედ" - წიგნების ილუსტრირებული კოლექცია.
გამომცემლობა "პალიტრა L-ის" პროექტების მენეჯერის ანი თოდრიას განმარტებით, მათ ქართულად ნათარგმნი წიგნების შემოკლებას, უკვე შემოკლებული ვარიანტების თარგმნა ამჯობინეს.
"ჩვენ ავიღეთ მსოფლიოში აღიარებული შემოკლებული კლასიკური ლიტერატურის სერია და ის ვთარგმნეთ. ამ გამოცემაზე ნამუშევარი აქვს ადამიანების დიდ ჯგუფს, პროფესიონალებსა და ფსიქოლოგებს, რომ შემოკლებისას ავტორის მთავარი იდეა და მიზანი არ დაკარგულიყო," - განმარტავს ანი თოდრია.
კლასიკის შემოკლება მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა. მასზე ისეთი წამყვანი გამომცემლობები, როგორიცაა oxford, pearson, fleurus, usbourne წერენ: