ქართველი სუმოისტის ისტორიული გამარჯვება - ლევან გორგაძე იმპერატორის თასის მფლობელია!

ქართველი სუმოისტის ისტორიული გამარჯვება - ლევან გორგაძე იმპერატორის თასის მფლობელია!

პირველად სუმოს ისტორიაში, ქართველი იმპერატორის თასის მფლობელია! ტოჩინოშინი იგივე ლევან გორგაძემ დღეს საუკეთესო სუმოისტის ტიტული მოიპოვა.

იაპონიაში "ჰაცუ ბაშოს" სუმოისტთა ტურნირზე ტოჩინოშინი 13 გამარჯვებით და 1 მარცხით ერთი ტურით ადრე გახდა გამარჯვებული.

დღეს მე-14 ტურის შეხვედრები გაიმართა და ქართველი იაპონელ შოჰაზანს დაუპირისპირდა, საკმაოდ მნიშვნელოვან შეხვედრაში ქართველმა არაფერი დათმო და ახალი ისტორია დაწერა.

ხილეთ ვიდეო: პირველი ქართველი სუმოისტი, რომელიც იმპერატორის თასის მფლობელი გახდა - ისტორიული გამარჯვების კადრები

ტოჩინოშინი მე-3 ევროპელია, რომელმაც ამ ტიტულის მოპოვება შეძლო. მაგრამ ასე სენსაციურად არავის მოუპოვებია, რადგან მან როგორც მე-3 მაეგაშირამ შეძლო ეს. ხოლო რაც შეეხება ამ ტურნირს, ის ყველაზე პრესტიჟულია სუმოს სამყაროში.

რანგით ქვედა ლიგაში დღეს იასპარეზა გაგამარუმაც (თეიმურაზ ჯუღელი), რომელმაც დაიშოჰო დაამარცხა. მას ჯამში 7 მოგება და 7 წაგება დაუგროვდა.

იაპონიაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი, არჩილ მაჭავარიანი ლევან გორგაძის გამარჯვების მნიშვნელობაზე წერს:

"სასწაული ამბავი მოხდა. არც ვიცი მნიშვნელობით რას შევადარო. ალბათ ზაზას NBA-ს ბეჭედს ან კალაძის ჩემპიონთა ლიგას. მაგრამ კიდე ბოლომდე არ გადმოსცემს ეს მნიშვნელობას. მაინც კიდევ უფრო სხვა რამეა სუმოში იმპერატორის თასის მოგება. იმიტომ, რომ არ არის ეს უბრალოდ სპორტი. იაპონელების კულტურის, რელიგიის, თვითშემეცნების, მსოფლმხედველობის სიმბოლო და გამოხატულებაა სუმო. ეროვნული სიამაყეა. ღმერთების ბრძოლაა. პირველი ბრძოლა სუმოში ლეგენდის მიხედვთ ღმერთებს შორის შედგა, გამარჯვებული ღმერთის შვილები გახდნენ იაპონიის იმპერატორები და იმიტომაც ჰქვია თასს იმპერატორის თასი. სუმოისტებიც დღემდე რაღაც ნახევრადღმერთებად ითვლებიან აქ. და ეს თასი მოიგო ლევანმა. ღმერთების ბრძოლაში გახდა ჩემპიონი. ბოლო დღეები სულ ტოჩიზე წერდა და ლაპარაკობდა აქ ყველა. საელჩოში რეკავდნენ და გვილოცავდნენ. და დღეს საბოლოოდ ჩემპიონია!

ისტორია დაწერა ამ ბიჭმა. ჩათვალეთ, რომ დღეიდან მთელმა იაპონიამ იცის საქართველო, აბსოლუტურად ყველა იაპონელმა და დაინტერესებულები არიან ჩვენით. დიდი, სასწაული, საოცარი საქმე გააკეთა ჩვენმა ბიჭმა, რომელსაც ისეთი ტრავმის გამო მოუწია ცოტა ხნის წინ ქვემოთ ჩავარდნა, რომ საერთოდ არ ჯეროდათ თუ დაბრუნდებოდა. დაბრუნდა და იმპერატორის თასი მოიგო. ჰოლივუდური ფილმის სიუჟეტია. მესამე ევროპელია ისტორიაში, ვისაც ეს ტიტული მოუგია. დიდი, დიდი ამბავია ძალიან. ეს არის ისტორია მებრძოლ სულზე,რომელიც არ ნებდება. მადლობა ლევანს. საოცრად მაგარ, ალალ, ჯიგრიან ბიჭს და ნადვილ მეომარს!" - წერს მაჭავარიანი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი