19 წლის ცოლ-ქმარი, რომლებიც ჯარში ერთად მსახურობენ - "ყველას დავუმტკიცე, რომ ქალს ყველაფერი შეუძლია, მათ შორის ჯარში ყოფნაც"

19 წლის ცოლ-ქმარი, რომლებიც ჯარში ერთად მსახურობენ - "ყველას დავუმტკიცე, რომ ქალს ყველაფერი შეუძლია, მათ შორის ჯარში ყოფნაც"

19 წლის ნინო მეგრელიშვილმა და 19 წლის ლევან მჭედლიძემ, სამხედრო სამსახურში შესვლა დაახლოებით 8 თვის წინ ერთად გადაწყვიტეს. თავდაპირველად, ცოლ-ქმარმა საწყისი 3-თვიანი მომზადების რთული კურსი გაიარეს, რომელსაც თან დატვირთული რეჟიმი, ზაფხულის გაუსაძლისი სიცხე და ფიზიკური ტრავმები ახლდა, შედეგად კი საკონტრაქტო სამხედრო სამსახური დაიწყეს.

ლევანი არტილერტისტია, ნინო კი ამჟამად, კავშირგაბმულობის 100-ეულში რადიოოპერატორის პოზიციას იკავებს. ორივე ამბობს, რომ მათი საქმე რთული და საპასუხისმგებლო, თუმცა საპატიო და საამაყოა. ლევანს სამხედრო სამსახურის დაწყება ბავშვობიდან სურდა, ნინომ კი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქმარმა შეატყობინა, რომ საწყისი მომზადების კურსის გავლას გეგმავდა და შესაბამისი საბუთების მოწესრიგებაზე ზრუნავდა.

"რომ გავიგე საწყისი მომზადების კურსი იწყებოდა, მეორე დღეს დილით ქუთაისში განცხადება დავწერე, თბილისში დაბრუნების შემდეგ კი ნინომ 2 დღეში მითხრა, რომ მასაც ჩემთან ერთად წამოსვლის სურვილი ჰქონდა. თავიდან მეგონა, ხუმრობდა, ვფიქრობდი, გოგოა, ცოტა სუსტია, მაგრამ შემდეგ ვისაუბრეთ და ერთად წამოსვლა გადავწყვიტეთ, რატომაც არა, ვცადოთ-მეთქი. თავიდან მეგონა, რეჟიმს ვერ გაუძლებდა და უკან დაბრუნდებოდა, ვცდილობდი, ყველაფერი გამეკეთებინა, რომ სახლში არ წასულიყო.

იხილეთ ვიდეო: ცოლ-ქმარი ქართულ არმიაში

საბოლოოდ, წინასწარი მომზადების კურსს ჩემმა მეუღლემ რომ გაუძლო და ბევრმა ჯარისკაცმა ვერა, კარგი გრძნობა იყო. დასაწყისში, წინასწარი მომზადების კურსს 10 კაცი მაინც ტოვებდა და მიკვირდა ჩემი მეუღლე მომზადების გავლას ისევ რომ აგრძელებდა. ყოველდღე მქონდა იმის იმედი, რომ უკან არ დაბრუნდებოდა და მე ვამაყობ, რომ ეს კურსი ერთად გავიარეთ და ამ დროს ჩემ გვერდით იყო," - იხსენებს ლევანი.

ნინო აღიარებს, რომ საწყისი მომზადების კურსი მისთვის რთული აღმოჩნდა, - "თავიდან ფეხებზე სულ სილურჯეები მქონდა,"- იხსენებს ის, თუმცა საკუთარი შესაძლებლობების დასამტკიცებლად იმდენად მოტივირებული იყო, რომ კურსი წარმატებით გაიარა.

"თავდაპირველად, როდესაც მეუღლესთან ერთად შეიარაღებულ ძალებში სამსახურის დაწყება გადავწყვიტე, გარემოს მხრიდან ცოტა სკეპტიკურ დამოკიდებულებას ვხედავდი, თუმცა ყველას დავუმტკიცე, რომ ქალს ყველაფერი შეუძლია, მათ შორის ჯარში ყოფნაც. მიმაჩნია, რომ შეიარაღებულ ძალებში როგორც კაცებმა, ისე ქალებმა უნდა იმსახურონ, რადგან სამშობლოს დაცვა ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საკითხია" - აღნიშნავს ის.

ნინოს და ლევანს 2 წლის შვილი ჰყავთ, რომელიც მთელ დღეს ბებიასთან ატარებს, საღამოს კი მშობლებთან ერთად ყოფნის საშუალება ეძლევა. ახალგაზრდა წყვილი ამბობს, რომ თავიდან, მცირეწლოვანი შვილის დატოვება ძალიან გაუჭირდათ:

"ბავშვი დღის განმავლობაში შეიძლება 8 საათი ვერ ვნახო, მაგრამ როცა მასთან ერთად ვარ, ყურადღებას არ ვაკლებ. ჯერ პატარაა, მაგრამ როდესაც გაიზრდება, დარწმუნებული ვარ, მისი მშობლების პროფესიით იამაყებს და ვეცდები, ჩემი სამსახური შევაყვარო" - აღნიშნავს ლევანი.

ახალგაზრდა ცოლ-ქმარის სამუშაო დღე 08:00 საათზე იწყება, დილის ვარჯიშის შემდეგ ისინი თავიანთი მოვალეობების შესრულებას იწყებენ. ლევანის თქმით, თავდაპირველად, სამხედრო სამსახურზე განსხვავებული წარმოდგენა ჰქონდა: "თავიდან ჯარი უბრალო სამსახური მეგონა, სადაც მიხვიდოდი, შემდეგ უკან დაბრუნდებოდი... სინამდვილეში კი სხვანაირი აღმოჩნდა, იგივე ოჯახია, მეორე სახლი, რადგან სახლზე მეტ დროს აქ ვატარებ, ღამითაც აქ მიწევს დარჩენა," - განმარტავს ლევანი.

ნინო რადიოოპერატორის კვალიფიკაციის ამაღლებას გეგმავს, თავისი პროფესია ძალიან მოსწონს და სურს, რომ სამხედრო საქმიანობა მომავალშიც გააგრძელოს. ამბობს, რომ შეიარაღებულ ძალებში ქალებისა და კაცების ერთნაირ პირობებში ყოფნა ძალიან მოსწონს.

"სამხედრო სამსახურში ქალების რაოდენობა საკმაოდ დიდია, მაგრამ ვისურვებდი, რომ უფრო მეტი იყოს. ფიზიკური მომზადების მხრივ ქალებზე შეღავათები არ ვრცელდება, კაცები და ქალები ერთნაირად ვარჯიშობენ, ემზადებიან, მსახურობენ. რა თქმა უნდა, ამას ვეთანხმები, როდესაც სამხედრო სამსახურში მოვდიოდი, გააზრებული მქონდა, რომ კაცებთან შედარებით არანაირი პრივილეგია არ მექნებოდა," - აღნიშნავს ნინო.

მე-3 ქვეით ბრიგადაში, სადაც ლევან მჭედლიძე და ნინო მეგრელიშვილი მსახურობენ, განმარტავენ, რომ ქალების მხრიდან სამხედრო სამსახურის მიმართ დაინტერესება იზრდება, რასაც ისინი მიესალმებიან.

"თითოეული მოქალაქე, მნიშვნელობა არ აქვს, ქალი იქნება თუ კაცი, შეიარაღებულ ძალებში თანაბარ მომზადებას გადის, შესაბამისი სამთვიანი წინასარი მოსამზადებელი კურსის დასრულების შემდეგ კონკრეტულ ქვედანაყოფებში ნაწილდებიან, სადაც ორივეს აბსოლუტურად ერთი და იგივე მოვალეობები ეკისრებათ და თანაბარ სიტუაციაში თანაბარ პირობებში ცხოვრობენ. თითოეული მოქალაქის ვალია ქვეყანა დაიცვას, ეცვას სამხედრო ფორმა და უდიდესი პატივია, შენს ქვეყანას ემსახურო," - აღნიშნავს უფროსი სერჟანტი შალვა კაკაბაძე.

ლევან მჭედლიძისა და ნინო მეგრელიშვილის გარდა მე-3 ქვეით ბრიგადაში კიდევ ერთი ახალგაზრდა ცოლ-ქმარი მსახურობს, თუმცა 19 წლის წყვილის შემთხვევა უპრეცედენტოა, რადგან მათ შეიარაღებულ ძალებში სამსახური ერთად დაიწყეს.

მარიამ მენაბდიშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი