ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" თებერვლის ნომრის მთავარი თემები

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" თებერვლის ნომრის მთავარი თემები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" თებერვლის ნომერი #2(86), რომელშიც წაიკითხავთ:

საუკუნის წინანდელი ხელფასები და ფასები

XIX საუკუნის მიწურულიდან I მსოფლიო ომამდე, რუსეთის იმპერიაში არსებული ფასებისა და შრომის ანაზღაურების შესახებ საყურადღებო ცნობებია დაცული საქართველოსა და რუსეთის სახელმწიფო არქივებში, ასევე, ქართველ პოლიტიკურ, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეთა თხზულებებში, მოგონებებსა და ეპისტოლურ მემკვიდრეობაში. 1895-1897 წლებში იმპერიაში გატარებული ფულის რეფორმის შედეგად მიმოქცევაში გამოშვებული რუსული ფული მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სტაბილური კურსის მქონე ვალუტად იქცა. რუსეთის იმპერიის სახელით მოჭრილი ოქროს თუმნიანის დღევანდელი საბაზრო ღირებულება საშუალოდ უტოლდება აშშ-ის 380 დოლარს, რაც ამჟამინდელ ათასამდე ლარს შეადგენს. 1-კაპიკიანის ღირებულება 1914 წლამდე არსებული მდგომარეობითა და ოქროს მსყიდველობითი უნარით, დაახლოებით შეადგენს 38 აშშ-ის ცენტს, რაც თავის მხრივ, თითქმის 1 ლარს უტოლდება.

1914 წლის თებერვალში თბილისში საშუალო დღიური ანაზღაურების სახით მუშა იღებდა 2 რუბლსა და 39 კაპიკს (დურგალი, ხარატი და მლესავი - 3 რუბლს; ქვის მთლელი, მხურავი, მღებავი და ხურო - 2,5; მჭედელი - 2; მხერხავი - 1 რუბლს; ხოლო დღიური მუშა - 80 კაპიკს და სხვ.). თორმეტი დასახელების პირველი მოთხოვნილების საქონლის თითო გირვანქის (409 გრამის) შეძენა შეიძლებოდა ჯამში საშუალოდ 1 რუბლად და 53,5 კაპიკად. ამდენად, მუშას საშუალო დღიური ანაზღაურებით - 2 რუბლითა და 39 კაპიკით, შეეძლო შეეძინა პირველი მოთხოვნილების საქონელი თითო გირვანქის ოდენობით და თან დაუხარჯავი დარჩებოდა საშუალოდ 85,5 კაპიკი.

ქვეყნის უპირველეს უმაღლეს სასწავლებელში - პეტერბურგის საიმპერატორო უნივერსიტეტში მოღვაწე მეცნიერთა და პედაგოგთა შრომის საშუალო ანაზღაურება, ბუნებრივია, უფრო მაღალი იყო. თბილისის ვიცე-გუბერნატორის წლიური ხელფასი კი 3 ათას მანეთს შეადგენდა.

აჰმად ფაშა ალ-მანიქლი - სუდანის ქართველი მმართველი [21 გვ.]

XVIII საუკუნის საქართველოში მონათვაჭრობის მასშტაბები განსაკუთრებით გაიზარდა. ქართველ ახალგაზრდებს იტაცებდნენ და ოსმალეთის იმპერიაში ყიდდნენ. მონად ქცეული ქართველები ძირითადად იმპერიის არმიაში მსახურობდნენ და მამლუქთა უმნიშვნელოვანეს ნაწილს შეადგენდნენ. მრავალი ქართველი დაწინაურდა როგორც სულთნის კარზე, ისე ოსმალეთის ცალკეულ პროვინციაში. ქართული წარმოშობის მამლუქები სხვადასხვა დროს განაგებდნენ ეგვიპტეს, სირიას, ერაყს, ალჟირს და დიდი როლი შეასრულეს ამ ქვეყნების პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. ჩვენი ინტერესის სფერო ხდება სუდანიც, რომელსაც 1843-1845 წლებში ქართული წარმომავლობის მქონე ჰუქუმდარი (გენერალ-გუბერნატორი) აჰმად ფაშა ალ-მანიქლი მართავდა... 1843 წელს ეგვიპტის მმართველმა მუჰამად ალიმ სუდანის მართვა ალ-მანიქლის დაავალა.

ადმინისტრაციული საქმეების მოგვარების შემდეგ ალ-მანიქლი სუდანში დარჩა და დაიწყო მეორე მისიის განხორციელება - დაზვერვითი ექსპედიციის ხელმძღვანელობა. ექსპედიციას ევალებოდა სუდანის ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის საბადოების ძებნა და ამის შესახებ მუჰამად ალისთვის ანგარიშის ჩაბარება. 1844 წელს ფაზუღლიდან გაგზავნილ მოხსენებაში ალ-მანიქლი კაიროს ატყობინებდა, რომ სენარი მდიდარი იყო კაჟით, რკინის ოქსიდებითა და თიხით, თუმცა ოქრო ამ რეგიონში ნაკლებად მოიპოვებოდა. რამდენიმე თვის შემდეგ მუჰამად ალიმ გადაწყვეტილება შეცვალა - სუდანის პროვინციები კვლავ ხარტუმს დაუქვემდებარა და ალ-მანიქლი მთელი სუდანის ჰუქუმდარად დანიშნა...

უჯარმა - დედაქალაქი დროებით

ქართული თავდაცვითი არქიტექტურის ნიმუშთაგან ერთ-ერთი უძველესი და სხვებთან შედარებით უკეთესად შემონახული ძეგლია უჯარმის ციხე- ქალაქი. გარეკახეთში, მდინარე იორის მარჯვენა ნაპირზე გაშენებული თავდაცვითი კომპლექსი თბილისიდან 40 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ისტორიული ცნობებით (მატიანე ქართლისაი) უჯარმის ციხე- ქალაქი აშენდა III საუკუნის დასაწყისში და უკავშირდება ქართლის მეფე მირდატის ძე ასფაგურის სახელს, რომელიც ფარნავაზიანთა დინასტიის უკანასკნელ წარმომადგენლად მიიჩნევა. IV საუკუნეში უჯარმა უკვე საუფლისწულოდ გადაიქცა და მატიანის ცნობით, აქ მეფე მირიანის ძე რევი დასახლდა, როგორც კახეთისა და კუხეთის მმართველი. წმინდა ნინოს ცხოვრების მიხედვით, იმავე პერიოდში, სწორედ უჯარმაში, როგორც სამეფო ქალაქში, იგზავნება კახეთის გაქრისტიანებისთვის გამიზნული ორი ჯვრიდან ერთ-ერთი და აქვე აღიმართება. უჯარმის, როგორც ისტორიული ადგილის სახელი ძირითადად მეფე ვახტანგ გორგასალს უკავშირდება. სწორედ მისი მეფობის ხანაში, ანუ V საუკუნის მეორე ნახევრიდან უნდა მიეღო ციხე- ქალაქ უჯარმას ის ძირითადი მასშტაბი და სამშენებლო მოხაზულობა, რომელიც გვიან პერიოდში მცირედ შეიცვალა. ირანთან დაპირისპირების გამწვავებასთან ერთად, გაიზარდა უჯარმის პოლიტიკურ- სტრატეგიული მნიშვნელობაც და დროებით სამეფო რეზიდენციამ მცხეთიდან უჯარმაში გადაინაცვლა. აქვე, თავის მიერ აგებულ ქალაქში გარდაიცვალა 502 წელს ვახტანგ გორგასალი და სწორედ აქაურ ლანდშაფტსა და მისადგომებთან არის დაკავშირებული მისი გარდაცვალების ლეგენდები. საგულისხმოა, რომ ვახტანგ გორგასლის ვაჟს დაჩის, ზედწოდებად ისტორიის ფურცლებზე სწორედ "უჯარმელი" შერჩა და სწორედ აქედან გადაიტანა მან მამის ანდერძის თანახმად სამეფო რეზიდენცია თბილისში.

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

რას კითხულობდნენ მეკობრეები 300 წლის წინ

ბაიოს გობელენს საფრანგეთიდან დიდ ბრიტანეთში ჩაიტანენ

ექსტრემალური ტურიზმი XIX საუკუნეში

ქართული ძეგლები ევროპულ ნომინაციაში

ნიკოლოზ ბარათაშვილის გენიის უცნობი თაყვანისმცემელი / აზნაურ აბელიშვილებისა და სამი სამსჭვალის ისტორია

სამხედრო საქმე. ჩანახატები პირველი რესპუბლიკის ჯარის ცხოვრებიდან / ჟურნალ "მხედარს" სამხედრო სამინისტრო გამოსცემდა

ძვირფასი სახელები. სვიმონ დადიანი - ქართველი მოდილიანის დაბრუნება. დასასრული

ამბავი "კლარჯეთის ქვეყნისა" / "დღითი დღე ქართულს ივიწყებენ შავშები, კლარჯები, ტაოელები"

კვალი ნათელი. ტრისტან მახაური - მითებში გადასული სიცოცხლე

ყველაზე მშვიდობიანი ცივილიზაცია მსოფლიოს ისტორიაში / რას მოგვითხრობს კნოსოსის სასახლე მინოსურ კულტურაზე

ისტორიის უცნაურობანი. ცხოველები... ეშაფოტზე / "დამნაშავე უნდა დაისაჯოს, თუნდაც ის ღორი იყოს"...

მსოფლიოს უძველესი კომპანიების კლუბი

სადაზვერვო თამაშები. ჯაშუშთა მეფე ვილჰელმ შტიბერი /

"კაცი, რომელმაც შექმნა გერმანული სპეცსამსახურები და გერმანიის გაერთიანებაში უდიდესი წვლილი შეიტანა" (დასასრული)

უახლესი ისტორია. საქართველოსთან ომიდან უკრაინის გაზის ომამდე / მიხაილ ზიგარის "კრემლის ლაშქარი"

გამოსათხოვარი. ისტორია სახელად "მარიკა ლორთქიფანიძის ცხოვრება"

ფურცლები წარსულიდან. ისტორიული ამბები ძველი ჟურნალ-გაზეთებიდან

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს