მოგზაურობა ბნელი კოშკის სამყაროში გრძელდება - სტივენ კინგის კიდევ ერთი ტომი ქართულად დღეიდან ხელმისაწვდომია

მოგზაურობა ბნელი კოშკის სამყაროში გრძელდება - სტივენ კინგის კიდევ ერთი ტომი ქართულად დღეიდან ხელმისაწვდომია

პორტალებში მოგზაურობა, ადამიანების სისასტიკე, საფრთხე, რომელიც მათ ყოველ ნაბიჯზე ელოდებათ,  კეთილი და ბოროტი ძალების გადამწყვეტი ბრძოლა - ეს სტივენ კინგის ლეგენდარული რვატომეულის "ბნელი კოშკის" მეოთხე ტომი "ჯადოქარი და ბროლია". წიგნი კეთილშობილი რაინდის, როლანდის ისტორიის გაგრძელებაა, რომელმაც თავისი სამყაროს გადასარჩენად ბნელი კოშკი უნდა იპოვოს. რომანის მთავარ გმირებს უამრავი დაბრკოლების გადალახვა უწევთ. მესამე წიგნის "უნაყოფო მიწების" ბოლოს ბლეინი, კომპიუტერით მართული შეშლილი მატარებლი, როლანდსა და მის კატეტს უცხადებს, რომ თუ გამოცანების შეჯიბრებაში ვერ დაამარცხებენ, ლიანდაგებიდან გადავა. სწორედ ამ გამოცანების შეჯიბრებით იწყება "ჯადოქარი და ბროლი", რომელშიც უამრავ საინტერესო ამბავს ვიგებთ. მასში ბევრი საიდუმლოს გამჟღავნებასთან ერთად, ბევრი კითხვაც ჩნდება, რომლებიც მკითხველს ბნელი კოშკის სამყაროში უფრო ჩაითრევს. რონალდ დისკეინი ერთადერთია, რომელსაც უოლტერ ოდიმის შეჩერება შეუძლია, რომ მან ბნელი კოშკი არ დაანგრიოს. ამაში კი ეხმარებიან ერთგული თანამგზავრები, რომლებიც ფარ-ხმალს არ ყრიან, რადგან იციან, რომ ყველაფერი სწორედ მათზეა დამოკიდებული.

აღნიშნული მეოთხე წიგნი 29 იანვრიდან ქართულ ენაზეც ხელმისაწვდომია.

სერიის პირველი სამი წიგნი გამომცემლობა „დიოგენემ" გამოსცა, დარჩენი წიგნების გამოცემაზე კი „პალიტრა L" იზრუნებს. პირველი სამი წიგნის „დიოგენეს" ტირაჟის ამოწურვის შემდეგ, სრული სერიის გამოცემასაც „პალიტრა L" შეუდგება.

მეოთხე წიგნის მთარგმნელის ანტონ სინატაშვილის თქმით, წიგნზე მუშაობა ძალიან საინტერესო პროცესი იყო.

„საერთოდ, სამეცნიერო ფანტასტიკა და ფენტეზი ძალიან მიყვარს. ამიტომ "ჯადოქარსა და ბროლზე" მუშაობა ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო. მანამდეც მიმუშავია ამ ჟანრში. უშუალოდ მეოთხე წიგნის თარგმნამდე კი კინგის „11:22:63-ს" ვთარგმნიდი, რომელიც დროში მოგზაურობაზეა. ფენტეზის მოყვარულ ქართველ მკითხველს "ჯადოქრისა და ბროლის" ქართულად წაკითხვის შესაძლებლობა ნამდვილად გაახარებს," - აღნიშნავს ანტონ სინატაშვილი.

სტივენ კინგმა რომანების ციკლის "ბნელი კოშკის" გამოცემა 1982 წელს დაიწყო. იგი ფენტეზის, სამეცნიერო ფანტასტიკის, ჰორორის, ვესტერნისა და გარკვეულწილად, მელოდრამის წარმატებული ნაზავია. ცნობილია, რომ კინგისთვის შთაგონების წყაროდ იქცა რობერტ ბრაუნინგის პოემა „ჩაილდ რონალდი ბნელ კოშკს მიადგა" და ასევე ტომას ელიოტის „უნაყოფო მიწა". „ბნელი კოშკის"ციკლის მოტივებზე, ნიკოლაი არსელის რეჟისორობით, გადაღებულია ფილმიც, რომლის პრემიერა თავდაპირველად დაგეგმილი იყო 2017 წლის 17 თებერვალს, თუმცა მოგვიანებით გადავადდა იმავე წლის 28 ივლისზე, შემდეგ კი 3 აგვისტოზე.

„ბნელი კოშკის" პირველი და მესამე წიგნის მთარგმნელისა და ახლა უკვე კონსულტანტის ნიკა სამუშიას თქმით, მე-5 წიგნის თარგმნაზე მუშაობა უკვე დაწყებულია და ისიც წელს გამოვა. აღსანიშნავია, რომ ყდის ილუსტრაცია ქართველ მხატვარ ნათია ზარანდიას ეკუთვნის.

რაც შეეხება "ბნელის კოშკის" ავტორს, 54 რომანი და 200 მოთხრობა 350 მლნ-ზე მეტი გაყიდული ეგზემპლარით – ასე გამოიყურება ამჟამად სტივენ კინგის ბიბლიოგრაფია. მისი წიგნებით არაერთი რეჟისორი დაინტერესებულა. მისივე სცენარების მიხედვით გადაღებული ფილმები კი ყოველთვის კინოკრიტიკოსებისა და კინოს მოყვარულების დადებით შეფასებებს იმსახურებს. გარდა ამისა, მას დაწერილი აქვს არაერთი სასცენო ტექსტი, როგორც ფანტასტიკის, ისევე არაფანტასტიკის ჟანრში.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს