ფანტასტიკური ბელიაევის თანამედროვე თარგმანები "ადამიანის სული თავისუფალია, დაფრინავს, დაჰქრის"

ფანტასტიკური ბელიაევის თანამედროვე თარგმანები "ადამიანის სული თავისუფალია, დაფრინავს, დაჰქრის"

გამომცემლობა"პალიტრა ელის" პროექტი - „ჩემი რჩეული მსოფლიო“ 2013 წელს დაიწყო და მკითხველში დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს. სერიული გამოცემის, რომელიც მსოფლიოს კლასიკოსებისა და თანამედროვე ლიტერატურის საუკეთესო წარმომადგენელთა ნაწარმოებებს გთავაზობთ, უკვე 235 ტომია გამოსული.

"ჩემი რჩეული მსოფლიოს" სერიას 8 თებერვლიდან სამეცნიერო ფანტასტიკის გამორჩეული ავტორისა და რუს „ჟიულ ვერნად“ წოდებული მწერლის - ალექსანდრე ბელიაევის ოთხტომეული შეემატება, რომელიც ახლებურად, თანამედროვე ენაზეა ნათარგმნი. მკითხველში ყველაზე პოპულარული ნაწარმოებების ოთხტომეულის პირველი ტომის - "ადამიანი-ამფიბია", ამჟამინდელი მთარგმნელი პაატა ჩხეიძე გახლავთ. დიდი პოპულარობით სარგებლობდა მე-20 საუკუნის 20-30-იან წლებში დაწერილი ნაწარმოები"ადამიანების მიერ "ზღვის ეშმაკად" წოდებულ უცნაურ ჰუმანოიდზე" - თევზის ლაყუჩებიან ბიჭუნაზე სახელად იხტიანდრი, რომელიც წყალქვეშა სამყაროში ცხოვრობდა და ხმელეთზე მამასთან შესახვედრად ამოდიოდა...

სერიის მეორე ტომი -"არიელი" და"უკანასკნელი ატლანტიდელი" მიხეილ ანთაძემ და თენგიზ ჩხაიძემ თარგმნეს,"პროფესორ დოუელის თავი","ოქროს მთა" და"თეთრი ველური" - პაატა ჩხეიძემ, მე-4 ტომი -"მსოფლიოს მბრძანებელი" კი ჯუანშერ ტიკარაძემ.

ბელიაევმა თავის თხზულებებში სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის ბევრი მიღწევა იწინასწარმეტყველა და მისი შემოქმედება თანამედროვე მკითხველისათვის კვლავაც აქტუალურია.

მიხეილ ანთაძე,"არიელის" მთარგმნელი:

-"არიელი" და ბელიაევის სხვა ნაწარმოებები ბავშვობისას წავიკითხე და მაშინდელი შთაბეჭდილებები და მიდგომა ახლანდელისგან, რა თქმა უნდა, ძალიან განსხვავებულია. მაშინ ეს ძალიან პოპულარული ფანტასტიკა იყო და ქართულ თუ რუსულ ენაზე ხშირად იბეჭდებოდა. ფანტასტიკის ჟანრი მეც მიყვარდა, სულ ვკითხულობდი და მეგონა, რომ ბელიაევი უფრო თანამედროვე ადამიანი იყო, ჩემს ეპოქასთან ახლო მყოფი და ჩემი ბავშვობისას ცოცხალიც კი მეგონა. შემდგომ უკვე, როდესაც მის ბიოგრაფიას გავეცანი, აღმოჩნდა, რომ სულ სხვა თაობის ადამიანი ყოფილა - ბულგაკოვის, ტოლსტოის, მაიაკოვსკის თაობის, რომელიც ჯერ კიდევ რევოლუციამდე გამოვიდა სამწერლო ასპარეზზე, ჟურნალისტი იყო და საბჭოთა პერიოდში ეს ვიწრო განხრა აირჩია - სამეცნიერო ფანტასტიკა, რომელიც სწორედ იმ დროინდელ მეცნიერებას ემყარება. ბელიაევი დრამატული ბედის მქონე კაცი იყო, ახალგაზრდობისას ხერხემლის მძიმე ტრავმა მიიღო და რამდენიმე წელი თაბაშირში მჯდარმა გაატარა. ასეთი გამონათქვამი აქვს - "პროფესორ დოუელის თავი" ჩემს თავზე დავწერე, რადგან რამდენიმე წელი მხოლოდ თავი მქონდა, ტანი - არაო". ლენინგრადის ბლოკადის დროს, შიმშილით გარდაცვლილა.

- ერთია ნაწარმოებზე შექმნილი შთაბეჭდილება ბავშვობისას, ორიგინალიდან თარგმნისას რა დაინახეთ ახლებურად ბელიეავის ნაწერებში?

- ის ქართული თარგმანი დიდი ხნის წინ წავიკითხე და სხვათა შორის, ამჯერად შეგნებულად აღარ ჩავიხედე, რომ ჩემეულად მეთარგმნა. როდესაც ნაწარმოებს სათარგმნად მოვკიდე ხელი, აღმოვაჩინე, რომ ბელიაევი არ ყოფილა რუსული სიტყვის ოსტატი იმ თვალსაზრისით, რომ საკმაოდ გაუმართავი ფრაზებით წერს, ბევრი ტავტოლოგია აქვს და ამ მხრივ, რთული აღმოჩნდა, ამიტომ, შრომატევადი და დაძაბული მუშაობა მომიხდა, რომ გამართულად და ქართველი მკითხველისთვის სასურველ მხატვრულ ენაზე მეთარგმნა. შინაარსობრივად ძალიან საინტერესოა, ეს არის ამბავი ჭაბუკზე, რომელსაც მეცნიერები ისეთ ოპერაციას ჩაუტარებენ, რომ შეუძლია იფრინოს.

-"არიელით" შესაძლოა პარალელი მის ცხოვრებასთანაც გავავლოთ, ბელიაევიც ფრენაზე ოცნებობდა, სწორედ ფრენის სურვილმა მიაყენა მას ის ზიანი ხერხემალზე, რომლის გამოც თითქმის ოთხი წლის განმავლობაში სავარძელს მიეჯაჭვა - დიდი სიმაღლიდან გადმოხტა და ეს მისი პირველი მცდელობა არ ყოფილა.

- დიახ, ყველა ადამიანი ოცნებობს, რომ იფრინოს, ჩიტებს შევნატრით და მის ნაწარმოებშიც სწორედ ეს"ოცნებაა" "განხორციელებული". დადებითი პერსონაჟია, თუმცა, ბევრ უსამართლობას, დევნას აწყდება, საბოლოოდ, ოპტიმისტურად მთავრდება ეს ყველაფერი. ვფიქრობ, ფანტასტიკა ვისაც უყვარს, აუცილებლად დააინტერესებს და სიამოვნებით წაიკითხავს. მთავარი იდეა და მორალი ის არის, რომ ადამიანი თავისუფალი არსებაა და მას შეუძლია, ცხოვრებისეულ ჩაგვრას, უსამართლობას თავი დააღწიოს და სულმა ამ სამყაროში იფრინოს. სული თავისუფალია, დაფრინავს, დაჰქრის. ამ ნაწარმოებში კი არიელი ფიზიკურადაც დაფრინავს.

ბელიაევი ახლა უფრო თანამედროვე ენაზე იქნება, უფრო ხელმისაწვდომი დღევანდელი მკითხველისთვის, განსაკუთრებით, ახალგაზრდებისთვის. ვისაც კითხვა და ფანტასტიკა უყვარს,"არიელი" ნამდვილად მოეწონება. ჩემს სიხარულს გამოვთქვამ, რომ მიდის და დუღს ჩვენი ლიტერატურული ცხოვრება, წიგნები იწერება, ითარგმნება, გამოიცემა. რადგან ეს ხდება, ეს იმას ნიშნავს, რომ მკითხველიც ჰყავს.

შეგახსენებთ, რომ წიგნი ჟურნალ გზასთან ერთად 7 ლარი ეღირება.

 

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს