ამბავს ქართველი ექიმის შესახებ, რომელმაც საკუთარი პაციენტის მდგომარეობის შესახებ "ფეისბუქიდან" შეიტყო და მისი ძვირადღირებული გამოკვლევები დააფინანსა, სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი აზიარებს. პაციენტი ნინო ჭიღიტაშვილია, ექიმი კი ონკოლოგი, მამოლოგი კახაბერ ბარამიძე. ეს ამბავი "ფეისბუქზე" თავად ჭიღიტაშვილმა გამოაქვეყნა.
"ექიმი ონკოქირურგი, რომელმაც შემთხვევით წაიკითხა პაციენტის სტატუსი და საკუთარი სახსრებით დააფინანსა მისი საკმაოდ ძვირადღირებული გამოკვლევები!
ეს ბატონი კახაბერ ბარამიძეა! უძლიერესი ექიმი, უძლიერესი პიროვნება და უძლიერესი ადამიანი,ონკოლოგი,ონკოქირურგი, მამოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი, კლინიკური ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ეს ის ექიმია, რომელმაც დაავადების უკვე შორეულ, ღრმა სტადიაში მყოფს მომკიდა ხელი და ფეხზეც დამაყენა. ეს იყო პირველი სასწაული ჩემს ცხოვრებაში, დღეს კი მეორე სასწაული მოხდა: ბატონმა კახამ სრულიად შემთხვევით წაიკითხა ჩემი სტატუსი, სადაც ვწერდი, რომ ვერ ვახერხებდი უსახსრობის გამო გამოკვლევების ჩატარებას და კლინიკაში მისულს საკუთარი სახსრებით გამიკეთა ყველა ის გამოკვლევა, რომელიც აუცილებელია ამ მზაკვარი დაავადების დინამიკის საკონტროლებლად. შოკში ვარ, მაგრამ სასიოამოვნო შოკში. ეს ხომ დიდი ბედნიერებაა, ასეთი ექიმები რომ არსებობენ, სწორედ, ასეთი ექიმები სჭირდება საქართველოს, სწორედ ასეთი ექიმები გვჭირდება ჩვენ-საქართველოს ხალხს, სწორედ ასეთი ექიმები ქმნიან ეპოქებს!
წარმატებები ბატონ კახას! კიდევ ბევრი პაციენტი გაეხარებინოს თავისი უბადლო პროფესიონალიზმით და ღრმა ჰუმანიზმით!" - წერს ნინო ჭიღიტაშვილი.
პოსტის გამოქვეყნების შემდეგ AMBEBI.GE ჭიღიტაშვილს დაუკავშირდა:
- რამდენიმე წლის წინ ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დამიდგინეს. მკერდის მეტასტაზირებული სიმსივნე მაქვს. ყველაფერი გავყიდე, მაგრამ მკურნალობა ნახევრამდეც ვერ მივიყვანე, ამიტომ დავნებდი. რაღაც პერიოდის შემდეგ სიმსივნე ისევ გააქტიურდა, ქიმიოთერაპიის 9 კურსი ჩავიტარე, მეათე ფიზიკურად აღარ შემეძლო, გავიკეთე ოპერაცია და ღვთის წყალობით ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მთავარი კერა ჩაქრა და ღვთის წყალობით თავს კარგად ვგრძნობ.
- რა სახის გამოკვლევები გჭირდებათ?
- ოპერაციიდან ერთი წელი გავა აპრილში, საჭირო იყო რამდენიმე აუცილებელი გამოკლევა, რომელსაც ფიზიკურად ვერ ვიტარებდი. სოციალურ ქსელში ვითხოვე დახმარება და ჩემმა ექიმმა მომწერა ორშაბათს მოდი კლინიკაშიო, მივედი და ყველა გამოკვლევა უფასოდ ჩამიტარდა. როგორც გითხარით, გამოკვლევები კახაბერ ბარამიძემ დააფინანსა. ფარ-ხმალი მქონდა დაყრილი, 10 კვადრატულ ოთახში ვცხოვრობ და 150 ლარია ჩემი შემოსავალი. ხვალ იქნება გამოკვლევების საბოლოო პასუხი და ღმერთს მადლობას ვეუბნები ყველაფრისთვის.
თამარ ბოჭორიშვილი