"საქართველოს რკინიგზა" - წინა წლებთან შედარებით, გადაყვანილი მგზავრების სტატისტიკა გაიზარდა

"საქართველოს რკინიგზა" - წინა წლებთან შედარებით, გადაყვანილი მგზავრების სტატისტიკა გაიზარდა

წინა წლებთან შედარებით, "საქართველოს რკინიგზის" მიერ გადაყვანილი მგზავრების სტატისტიკა გაიზარდა.

როგორც სს "საქართველოს რკინიგზა" იუწყება, მათთვის მგზავრთა გადაყვანა ყოველთვის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენდა.

"საქართველოს ტურისტული პოტენციალის ზრდასთან ერთად ჩვენი კომპანია ძალისხმევას არ ზოგავს მგზავრთა კომფორტული გადაადგილების, მათი მომსახურების ხარისხის ზრდისა და მგზავრთა უფლებების დაცვის კუთხით. 2015 წლიდან დღემდე ბევრი გაკეთდა ამ მიმართულებებით", – აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, გადაყვანილი მგზავრების სტატისტიკა შემდეგია: 2017 წელს სულ გადაყვანილია 2,680 მლნ მგზავრი, როდესაც ეს მაჩვენებელი 2015 წელს შეადგენდა 2,397 მლნ-ს.

აქედან, მაგისტრალური სარკინიგზო ხაზებით გადაყვანილია 1,296 მლნ მგზავრი; რეგიონალურით – 1,276 მლნ მგზავრი და საერთაშორისო – 108 ათასი.

"მგზავრთა მომსახურების კუთხითაც რიგი სასიკეთო ცვლილებები განხორციელდა. მაგალითად, შეძენილია 4 თანამედროვე, ორსართულიანი, კომფორტული ელექტრომატარებელი შვეიცარული კომპანია "შტადლერისაგან". მათ ძალიან მალე დაიმკვიდრეს თავი ბაზარზე და ყველაზე მოთხოვნადი გახდნენ, არა მარტო ზაფხულის სეზონისთვის, არამედ მთელი წლის განმავლობაში. საგულისხმოა, რომ აღნიშნული მატარებლები სრულიად აკმაყოფილებს შშმ პირების მომსახურებისთვის განსაზღვრულ სტანდარტებს. ამასთან, სს "საქართველოს რკინიგზამ" აიღო ვალდებულება, რომ ყოველი ახლად შეძენილი სამგზავრო შემადგენლობა თუ ნებისმიერი ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც მგზავრებისთვის იქნება განპირობებული, ასევე დააკმაყოფილებს ზემოხსენებულ სტანდარტებს. სამგზავრო

ბილეთების რეალიზაციის ხელმისაწვდომობისა და გამარტივების მიზნით დაინერგა მობილური აპლიკაცია, რომელიც ყველა საოპერაციო სისტემაზეა მორგებული. ასევე, მგზავრთა მოთხოვნების გათვალისწინებით აპლიკაციაში ჩაშენდა ადგილების შერჩევის ფუნქციონალი. სს "საქართველოს რკინიგზის" მგზავრთა გადაყვანას მოპოვებული აქვს IშO 9001:2015 ხარისხის მართვის სერტიფიკატი. ყოველივე ზემოაღნიშნულმა დადებითი ეფექტი იქონია მგზავრთა კმაყოფილების კუთხით", – აცხადებენ "საქართველოს რკინიგზაში".

მათივე ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მგზავრთა უფლებების დაცვას. ამისათვის, სს "საქართველოს რკინიგზამ" აიღო რიგი ვალდებულებები ევროპარლამენტისა და საბჭოს 2007 წლის 23 ოქტომბრის N 1371/2007 რეგულაციით გათვალისწინებული მგზავრთა ძირითად უფლებათა და ვალდებულებათა რეალიზაციის წესის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე მგზავრთა სარკინიგზო მომსახურებით უზრუნველყოფის და პრეტენზიებზე რეაგირების მექანიზმების რეალიზებაზე.

როგორც სს "საქართველოს რკინიგზაში" აცხადებენ, კვლავ გრძელდება მუშაობა მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით და მოსალოდნელი სიახლეების შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას უახლოეს პერიოდში აცნობებენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი