"ბანანით, მანდარინით მეფემ ადამიანებს კიდევ ერთხელ უმასპინძლა" - დეკანოზის მოსაზრება ერეკლე მეფის საფლავის ტკბილეულით მორთვაზე

"ბანანით, მანდარინით მეფემ ადამიანებს კიდევ ერთხელ უმასპინძლა" - დეკანოზის მოსაზრება ერეკლე მეფის საფლავის ტკბილეულით მორთვაზე

ინტერნეტში ცოტა ხნის წინ გავრცელებულმა ფოტომ, რომელზეც სვეტიცხოველში, ერეკლე მეფის საფლავზე დაწყობილი ხილი და ტკბილეულია ასახული, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ინტერნეტმომხმარებლები პოლემიკაში ჩაერთვნენ - უამრავი ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრება გამოიკვეთა - ზოგი მიიჩნევს, რომ საფლავის ასე შემკობა არ შეიძლება, მორწმუნეების ნაწილი კი თვლის, რომ ამაში მკრეხელური არაფერია, რადგანაც მეფის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდის შემდეგ, საფლავი ტკბილეულით შეიმკო.

აი, რას გვეუბნება სამების საკათედრო ტაძრის დეკანოზი თეოდორე გოგოლაძე:

- ამ დოგმატურ, ეკლესიოლოგიურ გადახვევასთან არ გვაქვს საქმე. საფლავზე ატამს დავდებთ, თხილს, ყვავილს, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ალბათ დამეთანხმებით, იმ ხილს მიცვალებული არ შეჭამს... ჩვენს უწმინდესს არაერთხელ უთქვამს, რომ ძალიან უყვარს ერეკლე მეფე, რომ მის სახელზე დაარქვეს ირაკლი (ერისკაცობაში ირაკლი გახლდათ). იმ დღესაც სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადააუხადეს, მაგრამ ალბათ იმაშიც დამეთანხმებით, რომ პატრიარქის მოთხოვნით და ჩარევით საფლავზე იქ არაფერი იქნებოდა დაწყობილი. საფლავი სასულიერო პირებმა შეამკეს ასე. ამ სიტყვებზე 100%-ით პასუხს ვაგებ.

ფანატიზმი ყველაზე დიდი საშინელებაა, გინდა მართლმადიდებელი იყო, გინდა მუსლიმი, ბუდისტი, ფაშისტი თუ კომუნისტი - თითოეულის გამოვლინება საშიშია! მაგრამ მგონი, იმ ფაქტთან დაკავშირებით ამხელა ამბავი არ იყო ასატეხი. დამიჯერეთ, არაფერი ისეთი არ მომხდარა, - ჩვენ გვაქვს როგორც დაწერილი კანონები, ასევე დაუწერელი, რომელიც მამათაგან გარდამოგვეცა. დაწერილია, რომ მიცვალებულს პანაშვიდი უნდა გადავუხადოთ, მაგრამ დაუწერელია, რომ შესაძლოა, საფლავზე იმ დროს რამე დაიდოს კიდეც, თუნდაც ხილი, ტკბილეული. პატრიარქს ნამდვილად არ სჭირდება ჩემი ადვოკატობა, ღმერთმა დამიფაროს, მაგრამ მისი ქადაგებისას ხშირად მომისმენია, რომ მშობლების სურათებთან კანფეტს, ტკბილეულს აწყობს და მერე იმას სხვებს ურიგებს. ადამიანებსაც უხარიათ და ამით მეც კარგად ვარო.

- მიცვალებულის სახელზე გადახდილი პანაშვიდის დროს მინახავს, მოძღვარი ზეთს, ღვინოს, მარილს, პურს აკურთხებს ხოლმე, თუმცა ასე ხილით მოფენილი საფლავი არ მინახავს...

- რასაც ბრძანებთ, მაგას საკურთხი ჰქვია. თუ არაფერი მიიტანე, რა უნდა ეკურთხოს? საერთოდ, ადრე ასე იყო, - ჩვენი წინაპარი ვინც სახლში საკურთხს გაამზადებდა, ერთი ნაწილი გლახაკებთან მიდიოდა, მეორე ნაწილი ეკლესიაში, მესამეს - სახლში ტოვებდა. ახლა რამდენად აკეთებენ, არ ვიცი.

როდესაც საკურთხის დღეებია ხოლმე, ტაძარში მრევლს, გარდაცვლილის პატრონებს საკურთხი მოაქვთ და ტოვებენ. რამდენჯერ გამიტანებია ჩემი მრევლისთვის ის ნაკურთხი პროდუქტი. ეს ყველაფერი სიყვარულით აღესრულება, სიყვარული კი რჯულის აღმასრულებელია. მთავარი ღმერთისა და მოყვასის სიყვარულია და ეს რა ფორმით გამოიხატება, ბანანის, მანდარინის საფლავზე დადებით, სამოსის გაცემით მიცვალებულთა სახელზე, მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია გულში რა უდევს ადამიანს.

ერთმანეთს ისე უნდა მოვეპყრათ, როგორც ოჯახის წევრებს. თუ ვინმე რამეს აშავებს, უპირველესად საკუთარ თავს უშავებს. ჩემზე იმდენი რამ მომისმენია, რომ ის გამიკეთებია კი არა, გონებაში არც გამივლია.

საერთოდ კი, ჯობია, სახარება ხშირად წავიკითხოთ, ვიდრე ვემთხვიოთ. ასე რომ, არანაირი გადახვევაა დოგმიდან, თუ საფლავზე ბანანს დადებენ, თხილს, ნიგოზს, ფელამუშს. ის პროდუქტები ყველაფერი შემდეგ ხომ მცხეთაში, ტაძართან რიგდება, იქ უამრავი გაჭირვებული ადამიანი დგას, რაც იმას ნიშნავს, რომ რომელიმე მიცვალებულმა ეს თითქოს თავის ხელით გასცა.

მამა რომ გარდამეცვალა, ქელეხში მოსულ ადამიანებს ხომ ვუმასპინძლეთ? ასეთი სუფრა ხომ ისეა აღქმული, რომ მიცვალებული მასპინძლობს? ასეა აქაც - ბანანით, მანდარინით პანაშვიდის შემდეგ, მეფემ ადამიანებს კიდევ ერთხელ უმასპინძლა.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი