30 წლის ქართველი, რომელსაც ცნობილი მეცნიერები დარგის ახალგაზრდა ლიდერად უკვე აღიარებენ

30 წლის ქართველი, რომელსაც ცნობილი მეცნიერები დარგის ახალგაზრდა ლიდერად უკვე აღიარებენ

ზურაბ გეგუჩია წელიწადნახევარია ნიუ იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის მეცნიერ-თანამშრომელია.

25 წლისას მიენიჭა ციურიხის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი. რამდენიმე წელი მუშაობდა შვეიცარიის ყველაზე დიდ სამეცნიერო ცენტრში – პაულ შერერის ინსტიტუტში. მისი შრომები იბეჭდება ისეთ რეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალებში, როგორიცაა: Nature Communications, Physical Review Letters და Physical Review B. გეგუჩია 70-მდე სამეცნიერო სტატიის ავტორია, რომელთაგან ორი, მისი პირველი ავტორობით, 2012-2013 წლებში კონდენსირებული გარემოს ფიზიკის პრესტიჟულ ჟურნალში (Journal of Physics: Condensed Matter) საუკეთესო სტატიებს შორის დასახელდა.

აღმოჩენილი აქვს რამდენიმე ახალი ეფექტი მაღალტემპერატურულ და ტოპოლოგიურ ზეგამტარებში, რომელიც ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ამ ნივთიერებებში ზეგამტარობის მექანიზმის დასადგენად. ზურაბ გუგუჩიასა და მისი კოლეგების ერთ-ერთი ნაშრომი, რომელიც 2017 წელს დაიბეჭდა, მიიჩნევა 30 წლის წინ ამ დარგში გაცემული ნობელის პრემიის ნამუშევრის ღირსეულ გაგრძელებად. ცნობილი მეცნიერები გუგუჩიას უკვე აღიარებენ დარგის ახალგაზრდა ლიდერად. ის აქტიურად მუშაობს ბერკლის, პრინსტონის, ტოკიოს და სხვა უნივერსიტეტების მეცნიერებთან (მათ შორის ქართველებთანაც). საკუთარი სამეცნიერო იდეების საფუძველზე ატარებს ექსპერიმენტებს ისეთ ცნობილ ლაბორატორიებში როგორებიცაა ოკ-რიჯის და ბრუკჰავენის ეროვნული სამეცნიერო ლაბორატორიები (ამერიკა), ტრიუმფი (კანადა) და პაულ შერერის ინსტიტუტი (შვეიცარია).

წაკითხული აქვს 40-მდე მოხსენება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა თუ

სემინარებზე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ორჯერ (2015 და 2017 წელს) მოიპოვა ახალგაზრდა მკლევარებისათვის დაწესებული შვეიცარიის სამეცნიერო ეროვნული ფონდის პრესტიჟული ჯილდო. 2017 წელს გახდა კოლუმბიის უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერთა კონკურსის გამარჯვებული. 2015 წლის ღირსების ორდენოსანი და 2016 წლის წინანდლის პრემიის ლაურეატი. 30 წლის ზურაბ გეგუჩია თავის დაგროვილ გამოცდილებაზე გვესაუბრება.

- ცოტა რამ თქვენს პედაგოგიურ მოღვაწეობაზე. ამ მხრივ რა გამოცდილება გაქვთ?

- ჩემი, როგორც მეცნიერის მოტივაცია მხოლოდ ის კი არ არის, რომ სიამოვნება მივიღო ახლის აღმოჩენით, არამედ ისიც, რომ ეს ყველაფერი საინტერესოდ მივაწოდო სტუდენტებს. ვეთანხმები ამერიკელ მწერალსა და კრიტიკოსს - მარკ ვან დორენს, რომელიც ამბობდა, „სწავლება აღმოჩენებისთვის ხელშეწყობის ხელოვნებააო“.

2009 წლიდან, მას შემდეგ, რაც ციურიხის უნივერსიტეტში დოქტორანტი გავხდი, აქტიურად ვარ ჩაბმული სასწავლო პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ უფრო მეტ დროს სამეცნიერო კვლევებს ვუთმობ. ძირითადად ფიზიკის ფაკულტეტის III-IV კურსის სტუდენტებთან მიწევდა მუშაობა. პასუხისმგებელი ვიყავი ჩემი სამეცნიერო ხელმძღვანელის ლექციის პრაქტიკულ და ლაბორატორიულ ნაწილზე. ასევე, თითქმის ყოველ წელს მობარებული მყავდა ციურიხის უნივერსიტეტის რამდენიმე მაგისტრანტი, რომლებიც მონაწილეობდნენ ჩემს სამეცნიერო კვლევებში, მე კი მათ სამაგისტრო ნაშრომების შესრულებაში ვეხმარებოდი.

კოლუმბიის უნივერსიტეტში მუშაობა მიწევს ორ დოქტორანტთან, რომლებსაც ვეხმარები ექსპერიმენტების დაგეგმვაში, მათ განხორციელებაში, მონაცემთა ანალიზში, შედეგების ინტერპრეტაციასა და მათი სამეცნიერო პუბლიკაციების სახით წარმოდგენაში, რაც ძალიან შრომატევადი და საპასუხისმგებლო პროცესია, თუმცა, ამავდროულად, სასიამოვნოც. მე და ჩემი ჯგუფის ხელმძღვანელი - პროფესორი იასუტომო უემურა ასევე ორგანიზებას ვუწევთ სალექციო კურსს – „კონდენსირებული გარემოს ფიზიკის საზღვრები“, რომლის ფარგლებშიც კოლუმბიის უნივერსიტეტში დეკემბერში მოწვეული გვყავდა ცნობილი ფრანგი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი, პროფესორი ალბერ ფერი. მან საინტერესო სემინარი ჩაატარა.

- მართალია უნივერსიტეტებში ასწავლით და არა სკოლებში, მაგრამ ქართველი მკითხველისთვის, მოწავლეებისა და მასწავლებლებისთვის საინტერესო იქნება იმ ახალი მიდგომების გაცნობა, რაზეც თქვენ ხელი მიგიწვდებათ. იქნებ სწავლების მეთოდებიც შევადაროთ ქვეყნების მიხედვით.

- სკოლის მოსწავლეებთან სულ რამდენიმეჯერ მქონდა შეხება ციურიხის უნივერსიტეტში ყოფნის პერიოდში. სასწავლო წლის ბოლოს სკოლებიდან უნივერსიტეტში მოჰყავდათ მოსწავლეები და მე და ჩვენი ჯგუფის სხვა წევრები ლაბორატორიაში მათ რამდენიმე სახალისო ცდას ვუჩვენებდით. თვითონ მოსწავლეებიც ერთვებოდნენ ამ ექსპერიმენტებში. მახსოვს, ძალიან კმაყოფილები რჩებოდნენ და ფიზიკისადმი უფრო მეტი ინტერესით მიდიოდნენ ჩვენგან. ფიზიკის მასწავლებლებიც მოდიოდნენ მეცნიერებაში სიახლეების გასაცნობად - სკოლებსა და უნივერსიტეტებს შორის მჭიდრო კავშირია.

ბუნებრივია, ქვეყნების მიხედვით სწავლების მეთოდები განსხვავდება. ყველაზე დიდი სხვაობა საქართველოსთან ჩემი აზრით ისაა, რომ ჩვენს სკოლებში პრაქტიკულად ფიზიკის ლაბორატორიები არ არსებობს. მოსწავლეები ისე ამთავრებენ სკოლას, რომ ექსპერიმენტის ჩატარება კი არა, ნახვაზეც კი ზედმეტია საუბარი. ძირითადი კონცენტრაცია ხდება თეორიულ ნაწილზე, რაც არ არის სწორი მიდგომა. ფიზიკის მარტო სიტყვებით ახსნა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მოსწავლეები დავაინტერესოთ და შთავაგონოთ. იგივე პრობლემაა სხვა საბუნებისმეტყველო საგნებშიც. ფიზიკა ექსპერიმენტის გარეშე არ არსებობს! ეს პრობლემა დროულ გადაწყვეტას მოითხოვს.

ჩემმა ერთმა შვეიცარიელმა კოლეგამ, რომელმაც დისერტაცია წარმატებით დაიცვა და ძალიან კარგი მეცნიერი იყო, შვეიცარიის ერთ-ერთ გიმნაზიაში ფიზიკის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. რამდენიმეჯერ ვეწვიე მას სკოლაში და გაოცებული დავრჩი, იმდენად მაღალ დონეზე აღჭურვილი ლაბორატორია ჰქონდათ. აქ ორი რამაა მნიშვნელოვანი: ქვეყანაში მეცნიერება ერთ-ერთი პრიორიტეტია და სკოლებში საბუნებისმეტყველო საგნებს სათანადო ხელშეწყობა აქვს. სკოლის მასწავლებლობა უნივერსიტეტის პროფესორობაზე არანაკლებ პრესტიჟულია. მასწავლებლის პროფესია ჩვენთანაც აუცილებლად უფრო პრესტიჟული უნდა გახდეს.

აღსანიშნავია, რომ ჩემს უფროს შვილს, რომელიც ნიუ-იორკის (მანჰეტენი) საჯარო სკოლის პირველკლასელია, ასეთი ადრეული ასაკიდანვე უტარდება მეცნიერების გაკვეთილებიც. აქვს გამოყოფილი სამეცნიერო ოთახი, სადაც ის წლის განმავლობაში ჩაატარებს რამდენიმე მარტივ და სახალისო ცდას. ვატყობ, რომ ინტერესით ეკიდება. ჩემი აზრით, ეს ძალიან სწორი მიდგომაა და კარგი იქნება საქართველოს სკოლების დაწყებით საფეხურზეც თუ დაინერგება. განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი