მანდატურის სამსახურის უფლებამოსილებები ფართოვდება - რა ცვლილებები იგეგმება კანონში

მანდატურის სამსახურის უფლებამოსილებები ფართოვდება - რა ცვლილებები იგეგმება კანონში

შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტროების მიერ მომზადებული კანონპროექტით, მანდატურად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე, 21 წელს ზემოთ ასაკის მქონე პირი.

ცვლილებების თანახმად, იცვლება მანდატურის პროფესიული მომზადების წესი, რომელიც თეორიულ მომზადებასთან ერთად პრაქტიკულ კომპონენტსაც გაითვალისწინებს.

"თუ დღეს მოქმედი კანონმდებლობით მანდატური შეიძლება გახდეს ზოგადი განათლების მქონე პირი, ცვლილების შემდეგ მანდატურად დაინიშნება მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირი; მანდატურის სამსახურში მიღების ასაკი აიწევს 21 წლამდე; იცვლება მანდატურის პროფესიული მომზადების წესი, რომელიც თეორიულ მომზადებასთან ერთად პრაქტიკულ კომპონენტსაც გაითვალისწინებს. გაიზრდება მოსამზადებელი კურსის ხანგრძლივობა. კურსს შესაბამისი ექსპერტები გაუძღვებიან, რაც სწავლების მაღალ ხარისხს და მანდატურთა პროფესიულ ზრდას უზრუნველყოფს. ახალი კურსის შესაბამისად გადამზადებას მოქმედი მანდატურები ეტაპობრივად გაივლიან", - აღნიშნულია კანონპროექტში.

როგორც შსს-ში აცხადებენ, კანონპროექტი მიზნად ისახავს მანდატურის სამსახურის ეფექტიანობის გაზრდას და უწყებებს შორის მჭიდრო კომუნიკაციის გზით, როგორც სკოლის, ისე მიმდებარე ტერიტორიაზე მოზარდთა შორის დანაშაულის პრევენციას.

მანდატურს დამრღვევი მოსწავლის შეყოვნება მაქსიმუმ 3 საათით შეეძლება. კანონით ფართოვდება მანდატურის სამსახურის უფლებამოსილებები. მანდატურის ფუნქციებში შემოდის შეყოვნების მექანიზმი და მას შეეძლება დისციპლინური ან სხვა დარღვევის შემთხვევაში მოსწავლე შეაყოვნოს და განცალკევებით ამყოფოს მისი მშობლის ან კანონიერი წარმომადგებლის სკოლაში მისვლამდე.

"შეყოვნების მექანიზმი ამოქმედდება და გამართლებული იქნება მაშინ, თუ მოსწავლის ქმედებით საფრთხე ექმნება სასწავლო პროცესის უწყვეტობას, ანდა პირთა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. შეყოვნების მაქსიმალური პერიოდი იქნება 3 საათი. სკოლაში მოსწავლეთა შორის კონფლიქტის განეიტრალებისა და სკოლის გარეთ კონფლიქტის გაგრძელების პრევენციის მიზნით, მანდატურს, სამართალდარღვევის არ არსებობის შემთხვევაში მოზარდის შეყოვნებისა და მშობლისთვის დაუყოვნებლივ შეტყობინების, სამართალდარღვევის შემთხვევაში კი, პოლიციისთვის დაუყოვნებლივ შეტყობინების ვალდებულება ექნება", - განაცხადა პრეზენტაციაზე განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა.

მანდატურს მოზარდის შეყოვნების შემთხვევაში მშობლისთვის შეტყობინების ვალდებულება ექნება, სამართალდარღვევის აღმოჩენისას კი მან პოლიციას დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს.

"სკოლაში მოსწავლეთა შორის კონფლიქტის განეიტრალების და სკოლის გარეთ კონფლიქტის გაგრძელების პრევენციის მიზნით, მანდატურს ექნება მოზარდის შეყოვნების და მშობლისთვის და სამართალდარღვევის შემთხვევაში, პოლიციისთვის დაუყოვნებლივ შეტყობინების ვალდებულება;

მანდატურის სამსახური ხდება გაცილებით დამოუკიდებელი და მაღალი ლეგიტიმაციის მქონე - მანდატური თანამდებობაზე დაინიშნება არა სკოლის დირექტორის, არამედ მანდატურის სამსახურის უფროსის მიერ, რაც მანდატურის დამოუკიდებლობის ხარისხს გაზრდის. მანდატურის სამსახურის უფროსს, თავის მხრივ, თანამდებობაზე ნიშნავს განათლების მინისტრი", - ნათქვამია კანონპროექტში.

ამასთან, სკოლებში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შიდა და გარე პერიმეტრზე ვიდეოკამერების არსებობა სავალდებულო გახდება. კანონპროექტში ნათქვამია, რომ ვიდეოკამერები სკოლის მთელ ტერიტორიას და გარე პერიმეტრს დაფარავს.

"სკოლების აღჭურვის პროცესი ეტაპობრივად წარიმართება და საქართველოს უკლებლივ ყველა სკოლას მოიცავს. სკოლებში, სადაც უკვე არსებობს კამერები, გადამოწმდება მათი დაფარვის არეალი და საჭიროების შემთხვევაში, გაიზრდება ვიდეოკამერების რაოდენობა. ვიდეოკამერების ადმინისტრირებას მანდატურის სამსახური განახორციელებს;

კიდევ უფრო გაიზრდება კოორდინაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის. კერძოდ, სკოლაში რიკს-ჯგუფების ადრეულ ეტაპზე იდენტიფიცირებისა და სკოლის გარეთ დანაშაულის პრევენციის მიზნით, მოხდება სამინისტროებს შორის სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციის გაცვლა", - განმარტავენ შსს-ში.

ცვლილებათა პაკეტი შს სამინისტრომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად მოამზადა და ის პარლამენტს უახლოეს მომავალში გადაეგზავნება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი