მეტრო "ვარკეთილში" დაშავებული ძმის მიერ გამოტანილი სესხით მკურნალობს

მეტრო "ვარკეთილში" დაშავებული ძმის მიერ გამოტანილი სესხით მკურნალობს

მეტროსადგურ "ვარკეთილში" ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული დიმიტრი ფაილოძე მკურნალობას ძმის მიერ გამოტანილი სესხის მეშვეობით განაგრძობს. 30 იანვარს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ფაილოძეს მარცხენა ფეხზე წვივი მოტყდა.

ფაიულოძეების ოჯახის ერთადერთი მარჩენალია, რომელიც მის მიერ დღეში ნაშოვნი 20-30 ლარით ავადმყოფ ბებიასაც უვლიდა. მეტროსადგურში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ის შემოსავლის გარეშე დარჩა. მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ მას რამდენიმე თვის განმავლობაში გადაადგილება არ შეეძლება.

დაზარალებული AMBEBI.GE-ის მეშვეობით შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებს დახმარებას სთხოვს, რათა მკურნალობის გაგრძელება შეძლოს.

"როდესაც მეტროში ინციდენტი მოხდა და დავშავდი, საავადმყოფოში ყოფნის პერიოდი დამიფინანსდა, ოპერაცია პირველივე დღეს გამიკეთეს. საავადმყოფოში მომინახულეს გამგეობის წარმომადგენლებმა და დახმარებას დამპირდნენ, თუმცა აღარავინ შემხმიანებია. 10 დღის სამყოფ წამლებში 300 ლარამდე გადავიხადე. მედიკამენტების ფული კი ჩემმა ძმამ, სესხად გამოიტანა. ტკივილები მაწუხებს, გამაყუჩებელსა და თრომბის საწინააღმდეგო მედიკამენტებს ვიკეთებ. ფეხზე მჭირდება სპეციალური ჩასაცმელი, რომელსაც ასევე დამატებით ფული სჭირდება... 2 თვეში რენტგენი მექნება გადასაღები და 6 თვეში ხელახალი ოპერაცია მესაჭიროება, რადგან ფეხზე რკინის ფირფიტები მაქვს ჩადგმული. ოფიციალური სამსახური არ მქონია, მაგრამ დღიურ სამუშაოზე 20-30 ლარს ვშოულობდი და ავადმყოფ ბებიას ვუვლიდი. სახლშიც ბებიასთან ერთად ვცხოვრობ, რომელმაც ინსულტი გადაიტანა, აქვს სიმსივნე და ასეთი ქალი უპატრონოდ დამრჩა. ჩემი მდგომარეობის გამო მინიმუმ, 6 თვე მუშაობას ვერ შევძლებ" - განაცხადა დიმიტრი ფაილოძემ.

დაშავებულ პირთა მკურნალობის ხარჯებთან დაკავშირებით თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განმარტავენ, რომ პირველადი მკურნალობის ხარჯები სრულად ანაზღაურდა, ხოლო დაზარალებულთა დამატებითი მკურნალობის საჭიროების შემთხვევაში ხარჯებს შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ თბილისის მერია დაფარავს.

"30 იანვარს, მეტროს სადგურ "ვარკეთილში" მომხდარი შემთხვევის შედეგად, 14 ადამიანი დაზარალდა, რომელთაც სასწრაფო-სამედიცინო დახმარება დროულად აღმოუჩინეს და სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

მათი პირველადი მკურნალობის ხარჯები სრულად ანაზღაურდა, როგორც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ასევე, თბილისის მერიის მიერ. როგორც არაერთხელ აღინიშნა, დაზარალებულთა დამატებითი მკურნალობის საჭიროების შემთხვევაში, ხარჯებს შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ, თბილისის მერია დაფარავს", - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, მეტროსადგურ "ვარკეთილში" ჭერი 30 იანვარს ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი პოლიციელი.

ნიკა საჯაია

AMBEBI.GE

ფოტო: ghn.ge

ასევე წაიკითხეთ: როდის გარემონტდა და რა დაჯდა მეტრო "ვარკეთილის" რეაბილიტაცია, სადაც დღეს ჭერი ჩამოინგრა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი