"სეილები" სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებით - როგორ ასწავლიან კლიენტების მოტყუებას კონსულტანტებს საქართველოში

"სეილები" სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებით - როგორ ასწავლიან კლიენტების მოტყუებას კონსულტანტებს საქართველოში

სეზონური ფასდაკლება, კოლექციის ლიკვიდაცია, სხვადასხვა სადღესასწაულო აქცია - მსგავსი საბაბით სავაჭრო ობიექტებში "სეილები" ხშირად ცხადდება.

თუმცა მომხმარებელი ბევრჯერ გაწბილებულა, როცა პროდუქციის ეტიკეტზე, ქაღალდის რამდენიმე ფენის ქვეშ, საწყისი ფასი აღმოუჩენია, რომელიც დიდად არ განსხვავდება ვითომ შემცირებულისგან. მსგავსი "სეილებით" მომხმარებელს ხშირად ატყუებენ. თუმცა რეალიზატორები მეტი პროდუქციის გაყიდვის სურვილმა იმდენად შეიპყრო, რომ უფრო შორს წავიდნენ და, ფაქტობრივად, "ახალი სიტყვა" თქვეს მარკეტინგში, რაც, გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

როგორც აღმოჩნდა, ფასდაკლებული პროდუქციის ჩამონათვალში ხშირად ხვდება მოკლევადიანი ან სულაც ვადაგასული პროდუქცია. ამას მხოლოდ მას შემდეგ მივაქციე ყურადღება, რაც ერთ-ერთი სავაჭრო ქსელის ყოფილმა კონსულტანტმა იმ დირექტივების შესახებ მიამბო, რომელსაც პერსონალს სამსახურში აყვანისას აძლევენ.

მომხმარებელი თითქმის ყოველთვის აკვირდება ვარგისიანობის ვადას კვების პროდუქტების შეძენისას, თუმცა ასე არ იქცევა, როცა საქმე, მაგალითად, ჰიგიენისა და თავის მოვლის საშუალებებს ეხება. რეალიზატორი, რომელიც ძალიან კარგად იცნობს მომხმარებლის ფსიქოლოგიას, მის ამ ქცევას სათავისოდ იყენებს და ვადაგასულ ან მოკლევადიან პროდუქციაზე ფასდაკლებას აცხადებს. თუმცა მთავარი აქ ის არის, რომ არ ხდება მომხმარებლის ინფორმირება, რომ კონკრეტული პროდუქცია ფასდაკლებულთა ჩამონათვალში სწორედ ვარგისიანობის ვადის გასვლის გამო მოხვდა.

მეტიც, ჩვენი რესპონდენტის, ყოფილი კონსულტანტის თქმით, მათ აქვთ მიცემული დირექტივა, რომ მომხმარებელს, რომელსაც ჯერ არ გადაუწყვეტია, რომელი ბრენდის რა პროდუქციის ყიდვა სურს, პირველ რიგში ის პროდუქცია შესთავაზონ, რომელსაც ვადა გასული აქვს ან მალე გაუვა. ამ ხრიკით მოტყუებული ათი მომხმარებლიდან ერთი მაინც ბრუნდება უკან პრეტენზიით, რომ გაყიდული პროდუქცია უკან დაიბრუნონ. როგორც ჩვენი რესპონდენ­ტი ამბობს, მომხმარებელთან მუდმივი კონფლიქტი, მუდმივად სტრესულ მდგომარეობაში ყოფნა უკმაყოფილო მომხმარებლის მოლოდინის გამო, მისი სამსახურიდან წამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი გახდა.

დამსაქმებლის ინსტრუქტაჟის თანახმად, მათ უნდა დაერწმუნებინათ სამართლიანად დაეჭვებული მომხმარებელი, რომ ცდება და არსებობს ვადაგასული პროდუქციის დამატებითი ვარგისიანობის ვადა - მაგალითად, გახსნიდან 6 თვე.

დამატებითი ვადა ზოგიე­რთ პროდუქტებზე ნამდვილად არის მითითებული,­ მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ პროდუქტი, რომელსაც, მაგალითად, ერთ თვეში გამოყენების ვადა გასდის, თუ გაიხსნება, კიდევ­ ექვს თვეს იქნება ვარგისი.

მოკლედ, როგორც აღმოჩნდა, საქართველოში "სეილებით" თაღლითობა აპრობირებული მეთოდი ყოფილა და მომხმარებელს ფასდაკლებული პროდუქციის შეძენისას დიდი ყურადღება მართებს. მით უფრო, რომ ზოგი პროდუქტი სამკურნალო დანიშნულებითაც გამოიყენება და ვადის გასვლის შემდეგ შესაძლოა ზიანიც კი მიაყენოს თქვენს ჯანმრთელობას. განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი