მოქალაქეებს დარეკვის გარდა, "112"-ში ჩუმი განგაშის - SOS შეტყობინების გაგზავნა შეეძლებათ

მოქალაქეებს დარეკვის გარდა, "112"-ში ჩუმი განგაშის - SOS შეტყობინების გაგზავნა შეეძლებათ

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, მოადგილეებთან ერთად, "112"-ის დღესთან დაკავშირებით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის რუსთავის "ქოლ-ცენტრს" ეწვია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს, ღონისძიებაზე "112"-ის დეპარტამენტმა ინოვაციური და თანამედროვე ტექნოლოგიებზე აგებული პროექტი "112"-ის მობილური აპლიკაცია წარმოადგინა. მათი ცნობით, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირს, შესაძლებლობა ექნება ჩამოტვირთოს და ისარგებლოს "112"-ის მობილური აპლიკაციით.

"აპლიკაციის მთავარ უპირატესობას მოქალაქის ადგილმდებარეობის დაუყოვნებლივ განსაზღვრა წარმოადგენს, რაც საგრძნობლად შეამცირებს საგანგებო სამსახურების შემთხვევის ადგილზე მისვლის დროს. აპლიკაციას აქვს ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქციები, როგორიცაა ჩუმი განგაშის გაგზავნა "112"-ში (SOS) და ოპერატორთან მიმოწერა ("ჩატი"). აღნიშნული ფუნქციების გამოყენება მომხმარებელს შეუძლია ისეთ შემთხვევებში, როდესაც არ აქვს საუბრის საშუალება ან ზარის განხორციელებით ექმნება საფრთხე.

აპლიკაცია უფასოა, აქვს IOS-ისა და Android-ის პლატფორმების მხარდაჭერა და ხელმისაწვდომია როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ და რუსულ ენებზე. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ მსოფლიოს 13 ქვეყანაშია დანერგილი მობილური აპლიკაციით გადაუდებელი დახმარების ცენტრთან დაკავშირება.

ღონისძიების ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრმა "112"-ის თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და "112"-ის ეფექტურ მუშაობაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა.

ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა "112"-ის რუსთავის ცენტრი დაათვალიერეს, ოპერატორების მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ და დეპარტამენტის სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.

11 თებერვალს, "112"-ის დღეს აღნიშნავს როგორც საქართველო, ასევე მსოფლიოს 80-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები. მისი მიზანია მოსახლეობაში 112-ის ცნობადობის გაზრდა. ყოველწლიურად, ამ დღეს, საქართველოს "112" სხვადასხვა სახის საინფორმაციო კამპანიას ატარებს", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი