ავტორი:

ბათუმელი გოგონას ისტორია, რომელმაც 100 კილოგრამი დაიკლო - "მიყვარდა ცომეული, შემეძლო დღეში ორი მთლიანი პური მეჭამა"

ბათუმელი გოგონას ისტორია, რომელმაც 100 კილოგრამი დაიკლო - "მიყვარდა ცომეული, შემეძლო დღეში ორი მთლიანი პური მეჭამა"

ბათუმელი გოგონას - სოფო აბაიშვილის ისტორია საინტერესო და დაუჯერებელია. გოგონა, რომელმაც 100 კილოგრამზე მეტი დაიკლო, ჭარბ წონასთან ბრძოლის ყველაზე რთულ და ემოციურ პროცესზე გულახდილად საუბრობს.

"ბავშვობაში ძალიან გამხდარი, უჭმელი ბავშვი ვიყავი, წონაში მატება 13 წლის ასაკიდან დავიწყე. გარდატეხის პერიოდში მოვიმატე და თანდათან 185 კილოგრამს მივაღწიე. გენეტიკაში მამის მხრიდან ბიძა მყავდა ჭარბწონიანი და ვფიქრობ, ამიტომ შემექმნა მეც წონასთან დაკავშირებით პრობლემა" - გვიყვება სოფო.

- როდის დაიწყე წონასთან ბრძოლა?

- 24 წლის ვიყავი, როდესაც თბილისში ჩამოვედი და ენდოკრინოლოგთან მივედი. დავიწყე საათობრივი კვება, ავიკრძალე ტკბილეული და ცომეული. 20-30 კილოგრამს პერიოდულად სულ ვიკლებდი ხოლმე, მაგრამ მერე ვიმატებდი. ენდოკრინოლოგთან მისვლის შემდეგ დავიწყე სწორი კვება, ფიზიკური აქტივობებით დავკავდი და ერთ წელიწადში დავიკელი 75 კილოგრამი, რომელიც წელიწადნახევარი შევინარჩუნე, შემდეგ დავიწყე განმეორებით მატება.

- იყო ეტაპი შენს ცხოვრებაში, როდესაც დანებდი წონასთან ბრძოლას?

- მნიშვნელოვანია არა ის ფაქტი, რამდენი დრო დასჭირდება ზედმეტი კილოგრამების დაკლებას, არამედ როგორ შეინარჩუნებ დაკლებულ წონას. საჭიროა იგივე შემართება და სწორი კვება. მე ალბათ ეს ეტაპი გამეპარა და თანდათან მატება დავიწყე. ნამატმა 50 კილოგრამს გადააჭარბა, 167 კილომდე ავედი, ამიტომ გადავწყვიტე გამეკეთებინა კუჭის ოპერაცია. ამჟამად, მთლიანობაში 100 კილოგრამი მაქვს დაკლებული და განვაგრძობ კლებას.

ყველაფრის ჭამის უფლება მაქვს ცოტა რაოდენობით. ძალიან მიყვარდა ცომეული, შემეძლო დღეში მთლიანი ერთი ან ორი პური მეჭამა.

- მხოლოდ ვიზუალურად განსხვავდება ერთმანეთისგან ძველი და ახალი სოფო?

- არა, ბედნიერება წონაში ყოფილა. შემეცვალა ხასიათი, შეხედულებები, დღის განრიგი, უფრო თავდაჯერებული გავხდი. პლიუს 100 კგ სოფო გარეთ არ გადიოდა, ფეხით არ დადიოდა, ახლა ვარ უფრო გახსნილი და პოზიტიური ვარ, იმიჯიც შევიცვალე.

ყველა ადამიანს ვინც ახლა ჭარბ წონას ებრძვის ვურჩევდი, იყვნენ თავდაჯერებულები, ნებისყოფით მოეკიდონ გახდომის ხანგრძლივ პროცესს და უყვარდეთ საკუთარი თავი. მქონია პერიოდები, როდესაც ნერვები მღალატობდა დიეტის დროს, მაგრამ დავამარცხე, 4 წელი დამჭირდა იმისთვის, რომ ეს გადამელახა. ბევრჯერ შევსულვარ სამზარეულოში, გამიღია მაცივარი, შემიხედავს, დამითვალიერებია, შემდეგ დამიხურავს და გამოვსულვარ.

ბოლოს მიმტყუნა ნერვებმა და ამიტომ გადავწყვიტე ოპერაცია. ისევ ამ კვების რეჟიმით და აქტიური ცხოვრების წესით ვაპირებ ბოლო 20 კილოგრამის დაკლებას, მინდა 60 კგ ვიყო.

ამჟამად წინა წლებთან შედარებით რადიკალურად განსხვავებული დღისა და კვების რეჟიმი მაქვს - ვიკვებეები დღეში რამდენჯერმე, ვცდილობ ცხიმიანს, ნიგვზიანს და ცომეულს არ გავეკარო. ვჭამ შოკოლადს, ვსვამ მაქსიმალურად ბევრ წყალს, წვენებს, უშაქრო ჩაის. დავდივარ ფეხით, ადრე ორ ნაბიჯსაც არ ვდგამდი.

რას ვურჩევდი იმ ადამიანებს, ვისაც ჭარბი წონა აწუხებს? პირველ რიგში დიდ გამძლეობას, იკვებონ სწორად, საათობრივად, ფეხით იარონ ბევრი და დალიონ ბლომად წყალი! ტკბილი, მარილიანი, ცხიმიანი - აი ამ ჩემონათვალზე უარს რომ იტყვით, მაშინ იქნებით ყველაზე ბედნიერები და ჯანმრთელები.

ნინო წიფურია, AMBEBI.GE