აცერი და დაიცავი - იმუნიზაციის აქცია "პალიტრა მედიაში"

აცერი და დაიცავი - იმუნიზაციის აქცია "პალიტრა მედიაში"

"პალიტრა მედია" ჰოლდინგის თანამშრომლებისთვის წითელას, წითურას და ყბაყურას საწინააღმდეგო კომბინირებული იმუნიზაციის აქცია ჩატარდა.

"პალიტრა მედიის" სათაო ოფისში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალისტებმა ვაქცინაცია სპეციალურ მოძრავ ლაბორატორიაში 12:00 საათზე დაიწყეს და პროცესი 16:00 საათამდე გაგრძელდა. მსურველებს C ჰეპატიტის სკრინინგის ჩატარებაც შეეძლოთ.

ვაქცინაციის აქციის ფარგლებში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე "პალიტრა მედიას" ესტუმრა, კომპანიის მენეჯმენტს შეხვდა და იმუნიზაციის აქციაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

ამირან გამყრელიძემ იმუნიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მოსახლეობას მოუწოდა, აიცრან, რაც მათ დაიცავს მძიმე დაავადებებისგან.

მისივე განცხადებით, წითელა 20-დან 40 წლამდე მოსახლეობაში და განსაკუთრებით ქალებში ფიქსირდება. ის ქალბატონებს მოუწოდებს, ჩაიტარონ იმუნიზაცია და დაიცვან, როგორც საკუთარი თავი, ასევე მომავალი თაობა.

"მინდა ყველაზე დიდ ჰოლდინგს საქართველოში - "პალიტრა მედიას" მადლობა გადავუხადო. კომპანია ძალიან ბევრ კარგ საქმეს აკეთებს და დღესაც გვაქვს პრეცენდენტი, რომ მხარი დაუჭირა ამ კარგ ინიციატივას. იმედი მაქვს, ეს ფართოდ გავრცელდება მედიაში, რომ უფრო მეტი იცოდეს მოსახლეობამ, რადგან წითელა არ გახლავთ სახუმარო დაავადება - ის სერიოზულ გართულებებს იწვევს. ამიტომ, თუ არ გვაქვს ინფორმაცია, რომ აცრილი ხართ, ამას არ სჭირდება გამოკვლევები, მიბრძანდით და ჩაიტარეთ იმუნიზაცია იმიტომ, რომ დამატებითი აცრა, სიკეთის მეტს არაფერს მოგიტანთ.

კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ იმუნიზაცია გახლავთ ჩვენი მოსახლეობის ყველაზე უფრო კარგი დაცვის საშუალება. ეს არის გარანტი იმისა, რომ ბავშვს და შემდეგ უკვე ზრდასრული ასაკის ადამიანს, არ დაემართება ისეთი ინფექციური დაავადებები, როგორიცაა ტეტანუსი, ტუბერკულოზი, ყვავილი, პოლიოლიმელიტი, წითელა, წითურა, ყივანახველა და სხვა", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

როგორც "პალიტრა მედიის" HR ბრენდინგისა და შიდა კომუნიკაციის მენეჯერმა ნინო მარეხაშვილმა განაცხადა, იმუნიზაციის აქციას ჰოლდინგი სიამოვნებით შეუერთდა.

"პალიტრა მედია" მუდმივად ზრუნავს საკუთარი თანამშრომლების ჯანმრთელობაზე. სწორედ ამიტომ, ჩვენ დიდი სიამოვნებით დავთანხმდით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს შემოთავაზებაზე, რომ ჩვენი თანამშრომლებისთვის ჩაგვეტარებინა იმუნიზაციის აქცია. სხვა კომპანიებსაც მოვუწოდებთ ჩაერთონ ამ აქციაში, ვინაიდან ეს არის სხვადასხვა დაავადებისგან პრევენცია", - განაცხადა ნინო მარეხაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი