სვანეთი, როგორიც ჯერ არ გინახავთ და საოცარი სიყვარულის ისტორია 10 პრესტიჟული ჯილდოს მფლობელ ქართულ ფილმში

სვანეთი, როგორიც ჯერ არ გინახავთ და საოცარი სიყვარულის ისტორია 10 პრესტიჟული ჯილდოს მფლობელ ქართულ ფილმში

სვანეთი, როგორიც ჯერ არ გინახავთ და საოცარი სიყვარულის ისტორია დიდ ეკრანზე! საქართველოს კინოთეატრებში 22 თებერვლიდან მასშტაბური პრემიერა შედგება. "დედე" პირველი ქართული ფილმია, რომელმაც აზიურ ოსკარზე UNESCO-ს პრიზი კულტურული მრავალფეროვნებისთვის დაიმსახურა. ფილმმა 20-ზე მეტ საერთაშორისო ფესტივალზე მიიღო მონაწილეობა და 10 პრესტიჟული პრიზით 22 თებერვლიდან საქართველოში ბრუნდება!

"დედე: სვანური ბალადა" - ახალგაზრდა რეჟისორის, მარიამ ხაჭვანის პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია. მან თავისი კინოკარიერა რამდენიმე წლის წინ დაიწყო და დღემდე საკმაოდ წარმატებულად აგრძელებს.

მარიამ ხაჭვანი დაიბადა 1986 სოფელ უშგულში. 2008 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ტელეკინორეჟისურის ფაკულტეტი.

"სტუდენტი ვიყავი, როცა ჩემმა ლექტორმა, მიხო ბორაშვილმა მითხრა, ფშავებს ვაჟა ჰყავდათ და სვანეთის მთებში ერთი ისეთი როგორ არ დაიბადა, იქაური ცხოვრება გვაჩვენოსო" - ეს სიტყვები სულ მიტრიალებდა თავში და სვანეთზე ფილმის შექმნის იდეის ინსპირაციის წყაროც ეს სიტყვები გახდა. ფილმი სვანი გოგონას საოცარ სიყვარულსა და მკაცრ ტრადიციებს შორის ჭიდილს გვაჩვენებს. ფილმში არის მძიმე მომენტები, მაგრამ ეს სინამდვილეა, - ისაა, რაც ხდებოდა. მაგრამ, ამავდროულად ვაჩვენებ ვიზუალურ სამოთხეს, რომელიც ამ რთულ ცხოვრებას აბალანსებს" - ამბობს მარიამი.

სწორედ ამ მოტივებზე შექმნილმა ფილმმა მოიპოვა მსოფლიო აღიარება.

"ფილმის ენა სვანურია, მთავარი მიზეზი სვანური ენის შენარჩუნება იყო. მოგეხსენებათ, სვანური ყველაზე გამორჩეული (განსხვავებული) წევრია ქართველურ ენათა შორის. ამ ენაზე მოსაუბრეთა რაოდენობა დღითიდღე კლებულობს სვანი მოსახლეობის ქვეყნის სხვა რეგიონებში გაფანტვის გამო. სვანური ენა ამჟამად გაქრობის საშიშროების ქვეშაც კი დგას, ვინადან ახალი თაობის უმეტესობა მას თავისუფლად უკვე ვეღარ ფლობს. მინდა, რომ მომავალ თაობას ისტორია შემორჩეს, რადგან გავა დრო, ბევრი რამ შეიცვლება, ფილმის კადრები კი საინტერესო ისტორიად დარჩება" - გვეუბნება ახალგაზრდა რეჟისორი.

ფილმის მიერ მსოფლიოს სხვადასხვა კინოფესტივალებზე მიღებული ჯილდოები ძალიან შთამბეჭდავია:

1. ჟიურის გრანპრი - კანის კინოფესტივალი, კინემატოგრაფების 30-ე შეხვედრაზე. საფრანგეთი

2. აზიის ოსკარად წოდებულ APSA- დაჯილდოებაზე "დედე" წარდგენილი იყო და გაიმარჯვა კულტურული მრავალფეროვნების ჯილდოზე, რომელიც იუნესკოს პარტონაჟით გაიცემა. ავსტრალია.

3. ჟიურის პრიზი - A კლასის კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ჩეხეთი

4. ჟიურის პრიზი - ბათუმის საავტორო ფილმების ფესტივალზე.

5. ტოფიფესტის კინოფესტივალი, პოლონეთი. მარიამ ხაჭვანს გადაეცა "ვერცხლის ანგელოზი", როგორც საუკეთესო რეჟისორს ფილმისთვის "დედე"

6. გრანპრი - ავანტურას საერთაშორისო კინოფესტივალი, ხორვატია.

7. ხალხის გრანპრი- მონპელიეს საერთაშორისო კინოფესტივალზე. საფრანგეთი

8. წარმოების პრიზი - ფორტლაუდერდალეს საერთაშორისო კინოფესტივალზე. ამერიკა.

9. პრეზიდენტის პრიზი - ფორტლაუდერდალეს საერთაშორისო კინოფესტივალზე. ამერიკა

10. ხალხის ნომინაცია - სან პაულოს კინოფესტივალზე, ბრაზილია

მრავალი ჯილდოს მფლობელი ქართული ფილმის ხილვის საშუალება 22 თებერვლიდან ქართველ მაყურებელსაც მიეცემა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი