უნივერსიტეტების ავტორიზაციაზე გადაწყვეტილებას უცხოელი ექსპერტები მიიღებენ

უნივერსიტეტების ავტორიზაციაზე გადაწყვეტილებას უცხოელი ექსპერტები მიიღებენ

უნივერსიტეტების ავტორიზაციის და მათი პროგრამების აკრედიტაციის საბჭოებს უცხოელი ექსპერტები უხელმძღვანელებენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სამმართველოს უფროსმა ქეთევან ცოტნიაშვილმა განუცხადა. 

როგორც ცოტნიაშვილმა აღნიშნა, უცხოელი ექსპერტების ჩართულობით პროცესი მიმდინარე წელს დაიწყება. 

ცოტნიაშვილის განმარტებით, უცხოელი ექსპერტები მხოლოდ იმ უნივერსიტეტების ავტორიზაციის და პროგრამების აკრედიტაციის პროცესში ჩაერთვებიან, რომლებიც რეგულირებად მიმართულებებზე მუშაობენ. 

„საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა იგეგმება ავტორიზაციის და აკრედიტაციის საბჭოებში და არა მონიტორინგის პროცესში. ავტორიზაცია არის ინსტიტუციური შეფასება და აკრედიტაცია - პროგრამების შეფასება. ავტორიზაციის პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა სავალდებულო იქნება და ისინი ყველა საავტორიზაციო ვიზიტში მიიღებენ მონაწილეობას. ექსპერტები შეირჩევიან ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის საბჭოების რეკომენდაციით იმის მიხედვით, რომ მათ აქვთ სხვადასხვა დონეზე ევროპის მასშტაბით ექსპერტთა ჯგუფების თავმჯდომარეობის და ხელმძღვანელობის გამოცდილება. ქვეყნები დიფერენცირებული არ არის. ექსპერტები იქნებიან ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, გააჩნია რა მიმართულება იქნება შესამოწმებელი. ახალი სტანდარტებით და სისტემით საავტორიზაციო პროცესის განხორციელება აქამდე არ მომხდარა, ახლა შემოდის თვითშეფასების ანგარიშები თებერვლიდან, განაცხადებს რასაც მივიღებთ, ყველა საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით გაივლის ავტორიზაციას. ასევე ვაპირებთ საერთაშორისო ექსპერტების ჩართვას პროგრამების აკრედიტაციის პროცესშიც. ეს ძირითადად შეეხება რეგულირებადი მიმართულების პროგრამებს, როგორიცაა: სამედიცინო, საზღვაო მიმართულება, სამართალი, მასწავლებლის განათლება და ვეტერინარია, ასევე სადოქტორო პროგრამებს. ამ პროგრამებს განსაკუთრებული სიფრთხილით სჭირდება შემოწმება, რომ მივიღოთ ისეთი კადრი, რომელიც საფრთხეს არ შეუქმნის საზოგადოებას. როგორც აღვნიშნე, ყველა პროგრამას უცხოელი ექსპერტების ჩართულობით არ ეხება აკრედიტაციის და ავტორიზაციის გავლა. რიგ პროგრამებზე, თუ ეს არ არის რეგულირებადი მიმართულების და სადოქტორო პროგრამები, პროცესი ისევ ქართველი ექსპერტების მიერ ჩატარდება“, - განაცხადა ცოტნიაშვილმა. 

გარდა ამისა, ცოტნიაშვილის თქმით, ავტორიზაციის და აკრედიტაციის საბჭოებს დამატებით 15-15 წევრი დაემატება. 

„ავტორიზაციის საბჭო შედგება 17 წევრისგან. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ სამედიცინო მიმართულებით, მსოფლიო სამედიცინო ორგანიზაციების ფედერაციის წევრები გვინდა გავხდეთ, ავტორიზაციის საბჭოს 15 წევრი დაემატება, რომლებიც სამედიცინო მიმართულებით ავტორიზაციის და აკრედიტაციის პროცესში იქნებიან ჩართულები. ჯამში 32 ადამიანი მიიღებს გადაწყვეტილებას. ეს ცვლილებები უკვე შესულია კანონში. ასე მოხდება აკრედიტაციის შემთხვევაშიც, საბჭოს 17 წევრს კიდევ 15 პირი დაემატება. რაც შეეხება ახალი წევრის შერჩევის პროცესს, მსოფლიო განათლების ფედერაციას აქვს თავისი სტანდარტები, სადაც ადგენს როგორი შემადგენლობით უნდა იყოს საბჭო წარმოდგენილი. გარკვეული პირები უნდა იყვნენ საჯარო სფეროში მარეგულირებელი სფეროდან წარმოდგენილი, ვიღაც კლინიკური გამოცდილების უნდა იყოს, ვიღაც აკადემიური მიმართულებით და ა.შ. 

რაც შეეხება ჩვეულებრივ აკრედიტაციის და ავტორიზაციის საბჭოებს, ძირითადად წარმოდგენილები არიან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, იმის გათვალისწინებით, რომ უნდა იყოს როგორც კერძო, ასევე საჯარო უმაღლესი დაწესებულებებიდან, რეგიონებიდან და ასევე, სტუდენტები და დამსაქმებლები.

რაც შეეხება უნივერსიტეტების პრეტენზიებს, რომ საბჭოებში მათი კონკურენტი უნივერსიტეტების წარმომადგენლები არიან, ეს პრობლემა ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება იყოს. საბჭოში კონკურენტი უნივერსიტეტის წარმომადგენლის ჩასმა იწვევს გარკვეულ ორაზროვნებას, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ერთი ადამიანი ვერ იღებს გადაწყვეტილებას საბჭოში და 17 ადამიანი კოლექტიურად იღებს გადაწყვეტილებას, ასეთი რისკების შემცირება ამით არის შესაძლებელი. გადაწყვეტილებას საბჭოს დამსწრეთა ¾ იღებს და არა ერთი ადამიანი. ჯგუფის დასკვნა მიდის შემდეგ საბჭოებზე განსახილველად და საბოლოოდ საბჭოები იღებენ გადაწყვეტილებას, დარჩეს თუ არა ავტორიზაცია უნივერსიტეტს და აკრედიტაცია პროგრამას“, - აღნიშნა ცოტნიაშვილმა და დასძინა, რომ უნივერსიტეტი ავტორიზაციას 6 წლის ვადით იღებს. ახალი პროგრამა აკრედიტაციას 4 წლით, ხოლო განმეორებითი აკრედიტაციის შემთხვევაში 7 წლის ვადით ანიჭებს. 

„ამ პერიოდში, გამომდინარე იქიდან, რომ ინსტიტუციაშიც და პროგრამებშიც გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს, ვატარებთ მონიტორინგებს იმისთვის, რომ გარკვეული დროის შემდეგ დავადგინოთ ისევ შესაბამისობაში არის თუ არა ინსტიტუციები და პროგრამები. როგორც იცით, ცოტა ხნის წინ გადამოწმების საფუძველზე განხორციელდა მონიტორინგები და, სამწუხაროდ, სამ ინსტიტუციას გაუუქმდა ავტორიზაცია, ასევე, რამდენიმე უნივერსიტეტს უარი ეთქვა პროგრამის აკრედიტაციაზე. განმარტებისთვის, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ GIPA-ს აკრედიტაცია არ გაუქმებია, მათ წარმოადგინეს ახალი პროგრამა, რომელმაც ვერ დააკმაყოფილა მოთხოვნები“, - განაცხადა ცოტნიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, მიმდინარე წლისთვის დაგეგმილია 28 უმაღლესი სასწავლებლის ახალი სტანდარტით ავტორიზაციის გავლა, ხოლო მონიტორინგის შედეგად 10 ინსტიტუცია შემოწმდება. რაც შეეხება აკრედიტაციას, ამ ეტაპზე ბევრ უნივერსიტეტში სხვადასხვა პროგრამაზე მიმდინარეობს. 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი