"სად არ მათრიეს, სად არ გადამაგდეს, სად არ მაწვალეს. ყველაფერს რომ ჩავყევი და გავიხსენე, თვითონ განვცვიფრდი, ნუთუ ყოველი მე მხვდა წილად... ჩემს თავზე მძიმე ზღაპარმა გადაიარა. ერთი ადამიანისთვის ეს ბევრზე ბევრია გადასატანად და დაუჯერებელიც!.." - წერდა ლევან გოთუა - მწერალი, საზოგადო მოღვაწე, მთამსვლელი... მომავალ ხუთშაბათს ჟურნალ "გზასთან" ერთად მკითხველი "ქართული პროზის საგანძურის" მე-17 ტომად სწორედ ამ საინტერესო მწერლისა და ადამიანის ნაწარმოებებს მიიღებს.
ლევან გოთუამ 66 წელი იცოცხლა და აქედან 22 - გადასახლებაში გაატარა. 1920-ინი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო. უფროს ძმასთან, არჩილთან ერთად, 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში მონაწილეობდა და პირველად სწორედ ამიტომ გადაასახლეს. იმხანად 18 წლის იყო. მას შემდეგ კიდევ ორჯერ აღმოჩნდა გადასახლებაში. დახვრეტაც კი ჰქონდა მისჯილი.
ერთხელ მისი მამა - ცნობილი საზოგადო მოღვაწე, მწერალი, პუბლიცისტი, გაზეთ "ვოზროჟდენიეს"' მთავარი რედაქტორი პართენ გოთუა, რომელიც ასევე დაკავებული ჰყავდათ, დასახვრეტად გაუყვანიათ, მაგრამ ბოლო მომენტში, გვარი რომ ამოუკითხავთ, მიმხვდარან, რომ მისი კი არა, ახალგაზრდა გოთუას დახვრეტა სურდათ, ამ გაუგებრობას კი შვილიც გადაურჩენია... 200-მდე საოცარი წერილი გამოუგზავნია გადასახლებიდან ოჯახისთვის. "ვერ გამიგია, სამშობლო იმიტომ მიყვარს, რომ ასე შორსა ვარ, თუ იმიტომ ვარ ასე შორს, რომ ასე ძალიან მიყვარს სამშობლოო", - წერდა.
გადასახლებიდან დაბრუნებულს, კარგა ხანს არ აძლევდნენ საქართველოში ცხოვრების უფლებას. მხოლოდ 1960 წლის 25 აპრილს, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის პროკურორის მოადგილემ, იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველმა ა. გიგაურმა გრიფით "სრულიად საიდუმლოდ" პროტესტით მიმართა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის უმაღლეს სასამართლოს და, დანაშაულის დაუმტკიცებლობის გამო, ლევან გოთუას რეაბილიტაცია მოითხოვა. პროტესტი დაკმაყოფილდა და რეაბილიტირებული მწერალი საქართველოში დაბრუნდა. 55 წლის ლევან გოთუა დაოჯახებულა და არმაზში დასახლებულა.
მწერლის ქალიშვილი - ლელა გოთუა ძალიან პატარა - სულ 6 წლის ყოფილა, როცა მამა გარდაეცვალა...
- ლელა, სულ არ გახსოვთ მამა?
- როგორ არ მახსოვს?! ძალიან თბილი და მოსიყვარულე ადამიანი იყო. თითქოს ბავშვურიც. მახსოვს, კალთაში ჩამისვამდა ხოლმე და მასთან ერთად ვხატავდი. ნებისმიერი ჩემი ბავშვური "აღმოჩენა", გაოცება, მიგნება, ბავშვურად აღაფრთოვანებდა ხოლმე. ყველას უკვირდა: ამდენი გაჭირვება, განსაცდელი, ტკივილი გამოიარა და მაინც დიდ ბავშვად დარჩაო. დედაჩემს - ციცო ალხაზიშვილს აქვს მოყოლილი: თავის ოთახში მუშაობდა და ერთხელ შევუსწარი, იცრემლებოდაო. დედა გაოცებულა: რა გატირებსო? - მამუკა კახნიაური (მამა ერთ-ერთი ნაწარმოების გმირს გულისხმობდა) ორმოში ჩავარდა და ვეღარ ამომყავსო (იცინის)...
დედა ყველგან დაჰყავდა თურმე. ალბათ - მეც, მაგრამ ის საღამოები და იუბილეები საერთოდ არ მახსოვს, სამაგიეროდ, კარგად მახსოვს, კახეთში გამართული ერთ-ერთი საღამოდან ნაჩუქარი თეთრი ვირით რომ დაბრუნდნენ არმაზში (იქ აგარაკზე ვცხოვრობდით) და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა (იცინის)... ერთხელ კიდევ, იხვების გადაფრენის დროს, სტუმრები გვყავდნენ. ისე დაბლა მოფრინავდნენ იხვები, იოსებ ნონეშვილმა ქვა ესროლა და ერთი ჩამოაგდო. ძაღლმა ამოიყვანა წყლიდან და მახსოვს, აღარავის გავატანე ის იხვი: სათუთად მოვუარე და ამის შემყურე მამა ძალიან ბედნიერი იყო: ბუნების, ფრინველებისა და ცხოველების დამცველი შვილი მეზრდებაო...
ისიც კარგად მახსოვს, დედამ "ტომ სოიერი" რომ წამიკითხა და ისე მომეწონა განძის პოვნის ამბავი, გადავწყვიტე, ბედი მეც მეცადა. სახლის გარშემო თხრა დავიწყე და მამა სიცილით კვდებოდა: ამან ასე თუ განაგრძო, საძირკველს გამოუთხრის სახლსო (იცინის)... დილაობით მე ვაღვიძებდი: ოთახში შევაკითხავდი და ცხვირს ჩამოვქაჩავდი ხოლმე. მამა იძულებული ხდებოდა, მალე გამოფხიზლებულიყო და სასწრაფოდ ზღაპარი მოეყოლა - სხვაგვარად ვერ დამეხსნებოდა... ჭადრაკის თამაშსაც მასწავლიდა და უბედნიერესი ვიყავი, რომ "ვუგებდი". თვითონაც აღფრთოვანებული იყო: ხედავთ, რა ჭკვიანურ სვლებს აკეთებსო! ცურვასაც მასწავლიდა მტკვარზე.
ჩვენთან სტუმარი არ ილეოდა და მუდამ 20-კაციანი სუფრა იყო გაშლილი. სამწუხაროდ, ასაკის გამო არ მახსოვს, რა თემაზე საუბრობდნენ ხოლმე მამა და სტუმრები, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, ბევრ საინტერესო თემას შეეხებოდნენ. მახსოვს, ერთხელ სტუმარმა გამომცდელად მკითხა (ამ დროს მამის კალთაში ვიჯექი და ვხატავდი), - "ვეფხისტყაოსანი" ვინ დაწერაო? თავაუღებლად ვუპასუხე, - მამამ-მეთქი. - აბა, შოთა რუსთაველმა რაღა დაწერაო? - ჩამეკითხა და მივხვდი, ის არ ვთქვი, რაც უნდა მეთქვა. გაბრაზებით თავი ავწიე და ვუპასუხე: იცით, რა? მამამ და შოთა რუსთაველმა ერთად დაწერეს-მეთქი (იცინის).
- დედასა და მამას ერთმანეთი სად გაუცნიათ?
- დედა მწერალთა პოლიკლინიკაში მუშაობდა თურმე და მწერლებს ძალიან უყვარდათ. თუ არ ვცდები, კიტა ბუაჩიძეს უთქვამს: ციცუნია, მე უნდა გაგათხოვო და ისიც ვიცი, ვის გაგაყოლებო; მამას გულისხმობდა თურმე. არადა, იმხანად დედა ახალგაზრდა იყო - მამაზე 22 წლით უმცროსი. მაგრამ მამის შეყვარებაში ასაკს ხელი არ შეუშლია: როგორც ჩანს, ძალიან მოიხიბლა ლევანით. მახსოვს, მამა რომ გარდაიცვალა და მიმიყვანეს, დედა ძალიან ტიროდა, მე კი დავამშვიდე: დედა, ნუ ნერვიულობ, ახალი მამა გვეყოლება და თანაც, ამაზე კარგი-მეთქი. გაგიჟებულა დედაჩემი: რას ამბობს ეს ბავშვი, აქედან წაიყვანეთო (იცინის)!..
- მამის გარდაცვალების შემდეგ აღარ გათხოვილა?
- არა. იცით, მამა ის ადამიანი იყო, ვისთვისაც აუცილებლად ბოლომდე უნდა გეერთგულა. არ მავიწყდება - მამას ინსულტი რომ დაემართა და მძიმედ ავად შეიქნა, მეორე დღესვე გამაცალეს იქაურობას. უკეთესობა რომ არ ეტყობოდა, ვერც ლაპარაკობდა და ვერც მოძრაობდა, ექიმებმა დედას ურჩიეს, გოგონა მოუყვანეთ, ეგებ ფსიქოლოგიურად ამან უშველოს და უფრო კონტაქტური გახდესო... რომ მიმიყვანეს, უეცრად ხელი გადამხვია, ჩამიხუტა და ტირილი დაიწყო. რადგან განერვიულდა, ექიმებიც შეშინდნენ, - უარესად არ გახდეს, ბავშვი გაიყვანეთო. გამოვყავდი და გასაოცარი რამ მოხდა: კაცს ამდენი ხნის განმავლობაში ხმა არ ამოეღო, არ განძრეულა, ჩემი გასვლისას კი უცებ წამოჯდა და დამიძახა. ყველანი შოკში ჩაცვივდნენ... მამას მაინც ვერ ვუშველეთ და ძალიან მალე გარდაიცვალა.
- თქვენ გაქვთ ოჯახი?
- 2 შვილი მყავს: 22 წლის ვაჟი და 17 წლის გოგონა. ბაბუას ნაწარმოებებს ყოველთვის ინტერესით კითხულობენ და მისი ამბებიც ძალიან აინტერესებთ. სამწუხაროდ, წერის ნიჭი არც მე გამომყვა და არც მათ.
- მამას ჰგავხართ?
- ბუნებითაც მამას ვგავარ და გარეგნობითაც, განსაკუთრებით კი - მამის დედას... ძალიან მწყდება გული, რომ მამას და მე ერთად ყოფნა არ დაგვცალდა: ჩემთვისაც მნიშვნელოვანი იქნებოდა და მისთვისაც, მით უმეტეს - ნანატრი შვილი ვყავდი და ჩემით ძალიან ამაყობდა. ბედნიერი ვიქნებოდი, რომ ჩემი შვილებითაც ეამაყა.
ირმა ხარშილაძე
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)