"ციხე სერიოზული აღვირი იყო ჩემი ამპარტავნობისთვის"

"ციხე სერიოზული აღვირი იყო ჩემი ამპარტავნობისთვის"

ამბობს, რომ სრულიად გულწრფელი ადამიანები არ არსებობენ. ფარისევლობაც მეტ-ნაკლებად ყველას ახასიათებს. მცირე დოზით არც მისთვის ყოფილა უცხო ეს თვისება.

თუმცა არ შეუძლია, გულში მჯიღის ცემით ილაპარაკოს საკუთარ რელიგიურ მრწამსზე, ვერც ეკლესიურად ცხოვრობს და ვერც სანიმუშო მართლმადიდებლობას დაიბრალებს, მაგრამ... "ძალიან თბილი და, - გავბედავ და ვიტყვი, - ახლო ურთიერთობა მაქვს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან", - დაურთავს.

დღეს რუბრიკა "პირისპირის" სტუმარია ადამიანი, რომლის სახელსა და გვარსაც წლების განმავლობაში ყველა სატელევიზიო თუ რადიოარხიდან სხვადასხვა რაკურსით მოისმენდით და ნებისმიერ ბეჭდვით გამოცემაში ამოიკითხავდით... რით იწყებდა და როგორ იმკვიდრებდა თავს, რას მიაღწია, სად შეცდა და დღეს რას აპირებს? - გვესაუბრება ჟურნალისტი შალვა რამიშვილი.  

- ყოველთვის ისეთ რამეს ვამბობდი, რაც ხშირად საზოგადოების მკვეთრ უარყოფით რეაქციასაც კი იწვევდა, მაგრამ ამას არასდროს შევუშინებივარ. ჩვენს საქმეში, - მედიასა და შოუბიზნესს ვგულისხმობ, - ადამიანების გულგრილი დამოკიდებულება მეტ პრობლემად მიმაჩნია, გაღიზიანება კი თითქოს რაღაც შედეგიც კია.

- დროთა განმავლობაში განათლება და გამოცდილება შეიძინეთ, საზოგადოებაში ადგილი დაიმკვიდრეთ და ხშირად ცხოვრების გზასაც ხმაურით გადიოდით...

- ჩემს გზას უფრო ეპატაჟურს ვუწოდებდი. ახალგაზრდა კაცისთვის ეს თვითდამკვიდრების ყველაზე უებარი საშუალებაა. თუნდაც გაიხსენეთ ერეკლე დეისაძე, რომელმაც "საიდუმლო სირობა" დაწერა. შეიძლება დრო გავიდეს და ამ ადამიანმა რაიმე ღირებულიც შექმნას. მაგრამ 19 წლის ბიჭისთვის ასეთი "სირობის" დაწერა არის მხოლოდ და მხოლოდ სურვილი, რომ გამოჩნდეს.

თავისთავად, მისით ატეხილი ქარიშხალი იყო "ქარიშხალი ჭიქაში"- ეს რომანი ამ ხმაურად არც ღირდა. მერწმუნეთ, ამით არც ქართველობას და არც ჩვენს რელიგიას საფრთხე არ დამუქრებია. მხოლოდ დაკომპლექსებული ადამიანები ფიქრობენ, რომ ვიღაც უცნობმა ბიჭუნამ დაწერა "სირობა", თუნდაც "საიდუმლო" და ამან მრავალსაუკუნოვან ცხოვრების წესსა და ეკლესიას, რომელიც ათასწლეულებია, არსებობს, შეიძლება დარტყმა მიაყენოს.

საკუთარ თავზეც იმიტომ ვამბობ: რასაც ახალგაზრდობაში ვაკეთებდი, ასეთივე ეპატაჟი იყო. ბევრი რამ მითქვამს, რაც გამოწვეული იყო არა ანალიზით, არამედ გამორჩევის, წინა პლანზე წამოწევის სურვილით და ასე გრძელდებოდა რაღაც ასაკისა და წარმატების მიღწევამდე, ვიდრე საკუთარ ძალებში არ დავრწმუნდი. მერე კი დავმშვიდდი.

- პოპულარული გახდით, მაგრამ სწორედ თქვენი სკანდალური გამოხდომებისა და გამონათქვამების გამო ბევრს არ მოსწონდით, არ უყვარდით და აღიზიანებდით კიდეც.

- მესმის, მაგრამ ჩვენი რადიო, - სადაც ადრე ვმუშაობდი, - წარმატებული იყო თუნდაც კომერციულად. გარდა ამისა, გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ აზროვნების ახალი ყაიდის დანერგვაშიც თქვა საკუთარი სიტყვა, თუმცა იყვნენ ადამიანები, ვისაც ეს აღიზიანებდათ. ასევე შეიძლება ვიღაცები გაღიზიანდნენ გადაცემით, რომელიც რადიო "პალიტრის" ეთერში გავა. მაგრამ ერთია, როცა გაღიზიანებს, რადგან არაპროფესიულად, უნიჭოდაა გაკეთებული, მეორეა, როცა გაღიზიანებს, რადგან იდეოლოგიურად არ ეთანხმები, მაგრამ ხედავ, რომ პროფესიულადაა მომზადებული. ასეთ გადაცემას მაინც ინტერესით უსმენ.

- პოპულარობას მიაღწიეთ, თუმცა გაცილებით პოპულარული იმ გახმაურებული, სკანდალური ამბის შემდეგ გახდით, რის გამოც ციხეშიც აღმოჩნდით. რა სულიერი ტრასფორმაცია განიცადეთ ციხემდე და ციხეში ყოფნისას, რა ხდებოდა თქვენს სულში?

- ციხემდე გზა ძალიან დიდი გამოცდა იყო: ამპარტავანი გავხდი და ეს ბუნებრივიც იყო. მე არ მაქვს ისეთი მორალური ძალა, რომ დიდ ცდუნებებს შევეჭიდო, არ შემიძლია. ამის გამო დავისაჯე კიდეც. არ ვარ დარწმუნებული, რომ ახლა სრულად დავაღწიე თავი ამპარტავნობას, სრულად გავთავისუფლდი მისგან.

მთავარია, ძალიან მოინდომო, საკუთარ თავზე ბევრი იმუშაო და შეუძლებელი არაფერია. რასაკვირველია, ამის სურვილი მეც მაქვს. თუნდაც ციხეში ყოფნის 4 წელიწადი ხომ ჩემთვის დიდი მარცხი იყო! იქ საკუთარ თავზე დასაკვირვებლად და წიგნების საკითხავად დიდი დრო მქონდა, რამაც მხოლოდ და მხოლოდ სასიკეთოდ იმოქმედა.

- შეიძლება იმ 4 წელიწადს ვუწოდოთ ჩავარდნაც და, ამასთანავე, განახლებაც?

- წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელსაც ბევრი რამ გამოსდის, პოპულარულია, საკუთარი საქმით ფულის შოვნის უნარი და შემოსავალიც აქვს და უცებ, 4 წლით კვდება - ციხეში მოხვედრა ხომ სიკვდილის რეპეტიციაა? - ყველაფერ ადამიანურს მოკლებული ხარ: იქ ნებისმიერი გემრიელი საჭმელიც უგემურია! იქ ჰაერს სულ სხვა სუნი აქვს და მუსიკაც კი სხვანაირად გესმის! ფსიქოლოგიურად გადარჩები, თუ რაღაც დადებითსაც დაინახავ:

თუნდაც იმას რომ კვლავ სუნთქავ და საკუთარ სხეულს გრძნობ. ეს გაძლებინებს და ახლის შეძენის, გაგების სურვილს გიჩენს. მაგალითად, ციხეში წავიკითხე ჰეგელი, რომელსაც გარეთ მყოფი, ალბათ, არ წავიკითხავდი, - ამის არც დრო, არც სურვილი და არც ნერვები არ მექნებოდა. ჰეგელის წაკითხვით განა განსაკუთრებით შევიცვალე, მაგრამ ციხეში გენიალური ხალხის ნააზრევის კითხვა ბევრს ნიშნავდა. მეორეც, ციხეში ყველა პატიმარი თანასწორია.

იქ ვერ იამპარტავნებ და ვერც მეტს მოითხოვ მხოლოდ იმიტომ, რომ ტელევიზორში ჩანდი. შეიძლება თავიდან გამორჩეული ყურადღებაც გამოიჩინონ შენდამი, მაგრამ დროებით: რა წამსაც იგრძნობენ, რომ ამრეზით უყურებ, ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდები. ასე რომ, მეც მივხვდი, რომ ჩვეულებრივი პატიმარი - ერთ-ერთი მათგანი ვიყავი.

მქონდა შეწყალების თხოვნისა და ციხიდან ადრე გამოსვლის შანსი, მაგრამ არ ვისურვე და არც პრივილეგიურ საკანში ვყოფილვარ, თუმცა უკეთეს პირობებში მოხვედრა შემეძლო. პრივილეგია არ ღირდა იმად,  რომ ჩვეულებრივ ადამიანებთან ურთიერთობის სიამოვნებაზე უარი მეთქვა. ვფიქრობ, ციხე კარგი გამოცდა იყო ჩემთვის - ეს იყო სერიოზული აღვირი ჩემი ამპარტავნობისთვის... გარდა ამისა, ვინც უნდა ილაპარაკოს ამბავზე, რაც დამაბრალეს, - სიმართლე ოდესმე მაინც გაირკვევა, - სათქმელი მაქვს, რომ ხელისუფლებამ მომცა სასჯელი და მეც უკლებლივ გადავიხადე ამისთვის;

თუ რამ ცოდვა მიმიძღვის, გამოვისყიდე! ვადაზე ადრე რომ გამოვსულიყავი, აუცილებლად ილაპარაკებდნენ, რომ შემიწყალეს და რაღაც მაჩუქეს, ახლა კი მორალურად წელგამართული ვარ...

- "წელგამართული" დაუბრუნდით საზოგადოებას კვლავ ხმაურით: ქართული სინამდვილისთვის ახალი, უჩვეულო პროექტის, "სიმართლის დროის" წამყვანად მოგვევლინეთ.

- ამ პროექტზე ბევრს არ ვილაპარაკებ, რადგან მხოლოდ რამდენიმე გადაცემაში ვმონაწილეობდი, მერე იქ საკუთარი ადგილი ვერ ვიპოვე - მისი შემოქმედებითი ჯგუფის გემოვნება და ინტერესები მიუღებელი აღმოჩნდა ჩემთვის და მშვიდად და მეგობრულად დავშორდით ერთმანეთს. კარგა ხანია, ჩემი სახელი ამ პროექტთან აღარ ასოცირდება...

- ახლა კვლავ ახალ პროექტს შეეჭიდეთ.

- შევეჭიდე - არა. რადიო კარგად ვიცი, თანაც ძალიან საინტერესოა და ბევრი კარგი რამის საშუალებას იძლევა მუშაობა ისეთ რადიოში, სადაც არ არის ცენზურა. რადიო "პალიტრა" კი სწორედ ასეთია. დავიწყე ერთსაათიანი შოუ - გადაცემა "ცენტრი", რომელსაც შაბათ-კვირის გარდა ყოველდღიურად, საღამოს 8 საათიდან მოისმენთ რადიო "პალიტრის" ეთერში. მოვიწვევ ცნობილ და უცნობ, მაგრამ საინტერესო ადამიანებს და ნაკლებს ვისაუბრებთ პოლიტიკაზე.

- თქვენი ნებისმიერი ჩავარდნა დაღად დაჰყვებოდა თქვენს ოჯახს - მეუღლესა და შვილებს. მეუღლემ - თეა აბაშმაძემ თქვენს "გადასარჩენად" ბევრი რამ გააკეთა.

- ყველაზე მეტად მეუღლის არჩევანში გამიმართლა (იღიმის). 12 წელიწადია, ერთად ვართ, თუმცა სულიერად ქორწინებამდე  "დავნათესავდით". დიდი ხიბლი არც ახლა მაქვს, მით უმეტეს - ვერაფრით მოვხიბლავდი მას 1998 წელს. ყოველთვის პრობლემებს უფრო ვუქმნიდი, ვიდრე რამეს ვუკეთებდი. და მაინც, დადებითის წარმოჩენა, რითაც საზოგადოებას მოვწონვარ, სწორედ მეუღლის დამსახურებაა.

თუ გაბრაზდება, მეუბნება, - სულ არ გამოცვლილხარო, თუ კარგად ვიქცევი, - გაზრდილხარო, - მაქებს (იცინის)... ვერც ბავშვებთან ვიყავი ახლოს. 10 წლის ლაშას, 6 წლის გიორგისა და 5 წლის ნიკუშას ახლაც ვერ ვუთმობ დიდ დროსა და ყურადღებას და ვფიქრობ, ცუდი მამა ვარ. ამას ხანდახან ბავშვებიც აღნიშნავენ, - სიმართლე ხომ უნდა ვთქვა (იღიმის)?.. გიკვირთ, როგორ მიტანენ? ალბათ, რაღაც კარგიც მაქვს, თუმცა უკვე მეშინია, რომ ასეთს დიდხანს აღარ ამიტანენ, ამიტომ უკვე ვფრთხილობ. ვხვდები: არ შეიძლება მხოლოდ იმიტომ აგიტანონ, რომ რაღაც აბსტრაქტული ნიჭი გაქვს; არ შეიძლება, მხოლოდ შემოქმედს უყურონ შენში, უპირველესად ადამიანი უნდა იყო - შვილისთვის ხომ მამა ხარ და არა - საზოგადო მოღვაწე!

- მგონი, მართლა გამოცვლილხართ!

- შედარებით... ოდნავ (იღიმის)...

ირმა ხარშილაძე

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები