დატერორებული თბილისის მცხოვრებნი, ანუ რას აკეთებს მერიის ზოგიერთი სამსახური (R)

დატერორებული თბილისის მცხოვრებნი, ანუ რას აკეთებს მერიის ზოგიერთი სამსახური (R)

ბატონი კახა კალაძისა და ბატონი ირაკლი ხმალაძის საყურადღებოდ, ნუთუ კორუფცია იკიდებს ფეხს თქვენდამი დაქვემდებარებულ სამსახურში?

თბილისის ჭავჭავაძის გამზირის №33-ში მდებარე 16 სართულიანი კორპუსის ყველა მაცხოვრებელი სასიცოცხლო საფრთხის ქვეშ დგას, კორპუსის მიმდებარედ ერთი ხელის გაწვდენაზე, ყოველგვარი უსაფრთხოების ნორმების დარღვევით შენდება 22 სართულიანი (სიმაღლით 76 მეტრზე მეტი) საცხოვრებელი სახლი.

გარდა იმისა, რომ ეს იწვევს მშენებლობის მხარეს მდებარე ბინების აბსოლუტურ დაბნელებას (ვინაიდან მათ სხვა მხარეს განათება არ აქვთ და ასეთი 25 ბინაა) მაცხოვრებლებისათვის სასიცოცხლოდ საშიში მშენებლობა ხორციელდება, კერძოდ 76 მ. სიმაღლის კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს რაიონის გაზგამანაწილებელზე მიბჯენით, რომლის ავარიის შემთხვევაში, მოხდება კორპუსის მთლიანი ნგრევა, რაც ქვეშ მოიყოლებს ჩვენს 16 სართულიან კორპუსს, მიმდებარე თურქეთის საელჩოს და მე-9 საავადმყოფოს. წარმოდგენაც კი საშინელებაა ასეთი კატასტროფის.

არადა გაზგამანაწილებლის აფეთქების შედეგად მასთან მდებარე კორპუსის სრულად ნგრევის პრეცედენტი თბილისს წლების წინ ქონდა.

მშენებარე კორპუსი, რომელიც ჩაკვეხებულის შთაბეჭდილებას ტოვებს თურქეთის საელჩოს, მე-9 საავადმყოფოსა და ჩვენს საცხოვრებელ სახლს შორის, შენდება ყოფილი სტადიონისა და სკვერის ტერიტორიაზე, სადაც ახალი ინფრასტრუქტურისა და გამწვანებისათვის ტერიტორიის ნასახიც არაა, შეუძლებელია რაიმე სახის სახანძრო პირობების დაცვა.

გარდა იმისა, რომ უსახური პროექტია და არავითარი სივრცითი შეხედულება არ აქვს, წარმოუდგენელ საცობებს შექმნის ახლად გამოყვანილ სამანქანო გზაზე - ზ.ავალიშვილის ქუჩაზე ჭავჭავაძის პროსპექტის გადაკვეთასთან.

ეს ყველაფერი ცნობილია და ცნობილი იყო მერიის ხელმძღვანელობისთვის, მშენებლობის ნებართვა გაცემული იყო გ.უგულავას მერობის ბოლო პერიოდში, შემდგომ ჩვენი პროტესტისა და სასამართლო გადაწყვეტილებების შედეგად მშენებლობა შეჩერებული იყო იგივე ბ-ნი უგულავას, ბატონ დ.ნარმანიასა და თქვენ წარმოიდგინეთ ბატონ კ.კალაძის პერიოდშიც.

სამწუხაროა და გაკვირვებას იწვევს ის, რომ ა/წლის პირველი თებერვლიდან მშენებლობის განახლების გადაწყვეტილება მიიღო მერიის არქიტექტურულმა სამსახურმა, თუმცა მშენებლობის ნორმატივებში მოყვანისთვის და მაცხოვრებელთა უსაფრთხოებისთვის არაფერი გაკეთებულა, ეს მაშინ, როცა თვით მერია თავისი 2014 წლის პირველი ოქტომბრის №01/02/124 წერილით აღიარებს სამშენებლო ნორმების, სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო წესებისა და გაზგამანაწილებელი პუნქტის უსაფრთხოების დარღვევას.

დამაფიქრებელია ისიც, რომ ასეთ ქმედებას არქიტექტურული სამსახური, თავისი წარმომადგენლის - იურისტი არჩვაძის მეშვეობით ხსნის ასე - უსაფრთხოებისა და ხანძარსაწინააღმდეგო, ასევე სხვა ნორმატივების წესრიგში მოყვანა მოხდეს კორპუსის აშენების შემდეგ, ეს პრაქტიკულად განუხორციელებელი იქნება, ხოლო ასეთი პასუხი ტიპიური კორუმპირებული და საქმის არმცოდნე ჩინოვნიკის პასუხია.

აღნიშნულ მშენებლობას ახორციელებს შ.პ.ს. "მოყვასი", რომელთაც დანაშაულებრივი გზით მოახერხეს ვაკეში სტადიონისა და სკვერის შესყიდვა, მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების სრული განადგურება, არქიტექტურულ სამსახურთან პროექტის შეთანხმება, მიუხედავად სასამართლოს სამივე ინსტანციის უარყოფითი გადაწყვეტილებისა მერიის სამსახურთან K-2- ის ნორმატივის გაზრდა და ბოლოს ა/წლის პირველი თებერვლიდან მშენებლობის ნებართვის მიღება და საფრთხის შემცველი მშენებლობის განახლება ისე, რომ მშენებლობის განსახორციელებლად საჭირო ტექნიკა განლაგებული იყოს ტრანსპორტის სამოძრაო ქუჩაზე, ვინაიდან მათ წითელი ხაზები სრულად აქვთ ათვისებული მხოლოდ კორპუსის აშენებისთვის, რაც ქმნის მუდმივ საცობებს, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ დაზიანებებზე, რომელიც ასეთი მშენებლობის შედეგად მიღებული აქვს ჩვენს საცხოვრებელ ბინებს.

მერიის ხელმძღვანელობას შევახსენებთ, რომ მოსახლეობის უსაფრთხოდ ცხოვრების უფლება კონსტიტუციითაა დაკანონებული, ხოლო აქსიომაა და არქიტექტურის სამსახურმა მშვენივრად იცის, რომ არც პროექტი უნდა მტკიცდებოდეს და შესაბამისად, არც მშენებლობა ხორციელდებოდეს უსაფრთხოების, ხანძარსაწინააღმდეგო საკითხების, სხივების გადაკვეთის დადგენილი ნორმების დაცვის გარეშე.

მერიის დღევანდელ ხელმძღვანელობას ვთხოვთ, სანამ აღნიშნული მშენებლობა საბოლოოდ არ ამოსულა გათხრილი საძირკველიდან მიწის პირამდე, დაუყოვნებლივ შეაჩეროს ეს ზიანის მომტანი მშენებლობა.

იმედს ვიტოვებთ მერიის ხელმძღვანელობა დროულად გამოგვეხმაურება, შეგვხვდება მოსახლეობას და გაატარებს ქალაქისთვის საჭირო ღონისძიებებს.

ი.ჭავჭავაძის გამზირის №33 კორპუსის მცხოვრებლები.

R

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის