რა დაავადებები ვითარდება სხვადასხვა ვიტამინის დეფიციტის დროს და რომელი სიმპტომებით უნდა ამოვიცნოთ ისინი

რა დაავადებები ვითარდება სხვადასხვა ვიტამინის დეფიციტის დროს და რომელი სიმპტომებით უნდა ამოვიცნოთ ისინი

ორგანიზმში ვიტამინების დეფიციტის განვითარებას ხელს უწყობს უამრავი გარეგანი და შინაგანი ფაქტორი:

გარეგანი ფაქტორებია: საკვების ნაკლებობა, საკვებში ვიტამინების დაბალი შემცველობა, დიეტები, ნარშირწყლებით მდიდარი არაბალანსირებული რაციონი, მავნე ჩვევები, საკვების არასწორი შენახვა და არასწორი კულინარიული დამუშავება.

შინაგანი ფაქტორებია: საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მწვავე და ქრონიკული დაავადებები, მოზარდი და ხანდაზმული ასაკი, ჰიპერთერმია, სტრესი, ორსულობა, ჭიებით ინვაზია, საფაღარათო საშუალებებისა და ვიტამინების ხანგრძლივი მიღება.

რა დაავადებები ვითარდება სხვადსხვა ვიტამინის დეფიციტის დროს და რომელი სიმპტომებით უნდა ამოვიცნოთ ისინი:

A ვიტამინის ნაკლებობის დროს აღინიშნება:

თვალების დაზიანება (ქათმის სიბრმავე, კონიუნქტივიტი, ბლეფარიტი, კერატიტი, კერატომალაცია, რქოვანას პერფორაცია, სიბრმავე); კანისა და მისი დანამატების დაზიანება (წვრილი ქატოსებრი ქერცლი, ფოლიკულური ჰიპერკერატოზი მხრებზე, დუნდულა კუნთებზე, კიდურის სახსრების გამშლელ ზედაპირზე, თმის სიმშრალე და მტვრევადობა, ფრჩხილების განივი დახაზულობა); საოფლე და საცრემლე ჯირკვლების ატროფია; ლორწოვანი გარსის დაზიანება (სტომატიტი, ეროზიები, ბრონქების, საშარდე გზებისა და სასქესო ორგანოების ეპითელიუმის მეტაპლაზია); კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანება (ჰიპოაციდური გასტრიტი, დიარეა); ფიზიკური და ინტელექტუალური განვითარების შეფერხება. ავიტამინოზის დროს ვითარდება დარიეს დაავადება (ფოლიკულური ჰიპერკერატოზი).

D ვიტამინის ნაკლებობის დროს აღინიშნება:

ძვლოვანი ქსოვილის მინერალიზაციის პროცესების დარღვევა (ოსტეომალაცია); კრუნჩხვები; ფსიქომოტორული განვითარების დარღვევა. ავიტამინოზის დროს ვითარდება რაქიტი.

E ვიტამინის ნაკლებობის დროს აღინიშნება:

კუნთოვანი სისტემის დეგენერაციული ცვლილებები (კუნთების სისუსტე, სიარულის მანერის შეცვლა, თვალის მამოძრავებელი კუნთების პარეზი, მიოკარდიუმის დაზიანება); ნევროლოგიური დარღვევები (არეფლექსია, ზურგის ტვინის დისფუნქცია); კაპილარების განვლადობისა და სიმყიფის გაძლიერება; რეპროდუქციული ფუნქციის (სპერმატოგენეზის, ოვოგენეზის, პლაცენტის განვითარების) დარღვევა.

K ვიტამინის ნაკლებობის დროს აღინიშნება:

ჰემორაგიული სინდრომი (K-ვიტამინდამოკიდებული შედედების ფაქტორების - II,VII, IX და XI ფაქტორების - აქტივობის დაქვეითების შედეგად).

H ვიტამინის ნაკლებობის დროს აღინიშნება:

კანისა და მისი დანამატების დაზიანება (დერმატიტი, სებორეა, ალოპეცია, ფრჩხილების მტვრევადობა); ნევროლოგიური სიმპტომები (ძილიანობა, ჰიპერესთეზია, ჰალუცინაციები, ატაქსია); განვითარების შეფერხება.

C ვიტამინის ნაკლებობის დროს აღინიშნება:

დაღლილობა, მადის დაქვეითება; ხშირი და ხანგრძლივი რესპირატორული ინფექცია. ავიტამინოზის დროს: სურავანდი; მელერ-ბარლოუს დააავადება (ძვლისაზრდელასქვეშა მოტეხილობები).

B1 ვიტამინის ნაკლებობის დროს აღინიშნება:

დაღლილობა, აპათია, გაღიზიანებადობა, დეპრესია, ძილიანობა, ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა, ანორექსია, გულზიდვები, მუცლის ტკივილი (ადრეული სიმპტომები); პერიფერიული ნეიროპათია (მგრძნობელობის, რეფლექსების, მოძრაობის დარღვევა); კორსაკოვის სინდრომი (მეხსიერების დაქვეითება, დროსა და სივრცეში ორიენტაციის დარღვევა, კონფაბულაციები (ცრუ მოგონებები); ვერნიკის ენცეფალოპათია (ფსიქიკის ცვლილება, კოორდინაციისა და თვალის მოძრაობის დარღვევები); ნაწლავების ტონუსის დაქვეითებით გამოწვეული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევა (გულისრევა, ღებინება, ყაბზობა). ავიტამინოზის დროს: ბერი-ბერის სველი (გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაზიანებით მიმდინარე) ფორმა; ბერი-ბერის მშრალი (ნერვული სისტემის დაზიანებით მიმდინარე) ფორმა.

B2 ვიტამინის ნაკლებობის დროს აღინიშნება:

კანისა და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანება (ნახეთქები კანზე, ანგულარული სტომატიტი. გლოსიტი, ენის დვრილების ატროფია); თვალის დაზიანება (მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, წვის შეგრძნება თვალებში, კონიუნქტივიტი, ცრემლდენა); სებორეული ეგზემა; ზრდის დარღვევები; ნორმოქრომული ანემია, ძვლის ტვინის ჰიპოპლაზია; ნევროლოგიური დარღვევები (უძილობა, ატაქსია, კრუნჩხვები). ავიტამინოზის დროს: არიბოფლავინოზი.

PP ვიტამინის ნაკლებობის დროს აღინიშნება:

საერთო სისუსტე, ცხელი კერძების მიმართ ზედმეტი მგრძნობელობა, თავბრუხვევა (ადრეული სიმპტომები ვიტამინის 2-3-თვიანი დეფიციტის დროს); კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანება (ნერწყვდენა, სტომატიტი, დიარეისა და შეკრულობის მონაცვლეობა, კუჭის წვენში მარილმჟავასა და პეპსინის შემცველობის მკვეთრი დაქვეითება); კანის დაზიანება (კანის გაუხეშება, აქერცვლა და ყავისფერი პიგმენტაცია). ავიტამინოზის დროს: პელაგრა (დერმატიტი, დიარეა, დემენცია).

B5 ვიტამინის ნაკლებობის დროს აღინიშნება:

კანისა და მისი დანამატების დაზიანება (დერმატიტი, გაჭაღარავება, ალოპეცია); კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევა; თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვა.

B6 ვიტამინის ნაკლებობის დროს აღინიშნება:

კრუნჩხვები (უმეტესად - 2 წლამდე ასაკის ბავშვებში), მოუსვენრობა, დეპრესია; პერიფერიული ნევრიტი, ტერფების წვა; დერმატიტი (აქერცვლა ცხვირ-ტუჩისა და შუბლის ნაოჭების არეში, მოზარდებში - სებორეა და ჩვეულებრივი ფერიმჭამელები); მადის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება.

Bc ვიტამინის ნაკლებობის დროს აღინიშნება:

ლორწოვანი გარსის დაზიანება (გინგივიტი, სტომატიტი, გლოსიტი, ნეკროზული ანგინა, სისხლდენა ცხვირისა და პირის ღრუს ლორწოვანი გარსიდან); ნევროლოგიური სიმპტომები (საერთო სისუსტე, დაღლილობა, გაღიაზიანებადობა, დათრგუნულობა, სპასტიკური დამბლები და კრუნჩხვები); მეგალობლასტური ანემია; კუჭ-ნაწლავის ფუნქციის დარღვევა (დიარეა); ზრდის შეფერხება; ნაყოფის განვითარების დეფექტები; გონებრივი განვითარების შეფერხება. ავიტამინოზის დროს: იაკშა-გაიემის ანემია (თხის რძით კვების დროს).

B12 ვიტამინიჰის ნაკლებობის დროს აღინიშნება:

მეგალობლასტური ჰიპოქრომული ანემია; ალოპეცია; პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანება (გლოსიტი, გინგივიტი).

ვიტამინოთერაპია არსებობს როგორც მონოვიტამინური, ისე პოლივიტამინური პრეპარატები. მონოვიტამინები სამკურნალო მიზნით გამოიყენება, ხოლო პოლივიტამინებს ხშირად მოიხმარენ პროფილაქტიკურ საშუალებად. ვიტამინების კომბინირებული გამოყენებისას შესაძლოა მათი ბიოლოგიური თვისებები შეიცვალოს. მაგალითად, C ვიტამინის დოზის გაზრდისას მცირდება B2 ვიტამინის მოთხოვნილება, საკვებში ამ უკანასკნელის ნაკლებობის დროს კი მცირდება ქსოვილებში C და B1 ვიტამინების დონე; არსებობს ერთგვარი ანტაგონიზმი B1-სა და B12-ს შორის; C და P ვიტამინების ერთდროული მიღება მათ მოქმედებას აძლიერებს; C ვიტამინი ცუდად ეთავსება სპილენძს; E ვიტამინი ჭარბი ოდენობის რკინასთან ერთად მიღებისას აქტივობას კარგავს. პოლივიტამინური პრეპარატის არჩევისას ყურადღება უნდა მიექცეს, შეიცავს თუ არა ის ადამიანისთვის აუცილებელ ვიტამინებს და როგორია მათი დოზირება. დოზები უნდა შეესატყვისებოდეს (არ უნდა ჭარბობდეს) ვიტამინების დღიურ მოთხოვნილებას. უპირატესობა უნდა მიენიჭოს მინერალებისა და მოკროელემენტების გარეშე შედგენილ პოლივიტამინებს ან ისეთ ფორმებს, რომლებშიც ვიტამინები და მიკროელემენტები სხვადასხვა აბის სახით არის წარმოდგენილი და სხვადასხვა დროს მიიღება.

წყარო: mkurnali.ge

"ბანკეტისთვის არ ემზადებითო? თურქეთიდან მომწერა" - 17 წლის ანის, რომელსაც სიმსივნე დაუდგინდა, დახმარება ესაჭიროება

გუდამაყრის გზაზე კლდე ჩამოიშალა - 22 სოფელი გარე სამყაროს მოწყდა

"საშინელი კრიზისია... წარმოიდგინეთ, მთელი წელი სცენაზე რომ არ გამოდიხარ" - პანდემიის გამო გაჩერებული ქართველი მომღერალი, რომელსაც მსოფლიო აქვს მოვლილი