"ბადაგონის" დამფუძნებელი - გადავდივართ კრიზისული მართვის რეჟიმზე

"ბადაგონის" დამფუძნებელი - გადავდივართ კრიზისული მართვის რეჟიმზე

კომპანია "ბადაგონის" თბილისის ოფისი დღეიდან მუშაობას წყვეტს. ამის შესახებ "ბადაგონის" დამფუძნებელმა გიორგი სალაყაიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი განცხადებით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რაც კომპანიაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამასახურის შესვლამ გამოიწვია, ბადაგონი კრიზისული მართვის რეჟიმზე გადადის.

"მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის, რომელიც უდიდეს მორალურ და არა მხოლოდ მორალურ მნიშვნელობას ატარებს პირადად ჩემთვის და ყველა „ბადაგონელისთვის“.მინდა გაცნობოთ, რომ „ბადაგონში“ ფინანსური პოლიციის შემოსვლის და განსაკუთრებით უბინძურესი საინფორმაციო კამპანიის შედეგად, რომელიც უკანასკნელი რამოდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა პირადად ჩემი, ლიზა ბაგრატიონის და საერთოდ „ბადაგონის“ წინააღმდეგ, ჩვენ მივიღეთ ძალიან მძიმე შედეგები.

მოგეხსენებათ, რომ ბიზნესი და განსაკუთრებით ექსპორტზე ორიენტირებული საწარმო დიდწილად დამოკიდებულია გარე ფაქტორებზე, როგორიც არის ქვეყანაში შექმნილი ბიზნეს გარემო და ბრენდის ირგვლივ არსებული საინფორმაციო ფონი. სწორედ ამ ფაქტორების გამო, „ბადაგონმა“, უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში, დაკარგა უმსხვილესი კონტრაქტორი ორგანიზაცია, რომელიც აწარმოებდა „ბადაგონის“ ღვინის ექსპორტს ჩინეთში და ამასთან ერთად რუსეთის მთავარმა დისტრიბუტორმა უარი განაცხადა კონტრაქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე. სამწუხაროდ, შექმნილი ვითარებით სარგებლობენ არაკეთილსინდისიერი კონკურენტებიც.მოგახსენებთ, რომ ამ ყველაფრის შესახებ ვაცნობე პრემიერ-მინისტრს, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს, რაზეც პრემიერმა აღუთქვა მხარდაჭერა „ბადაგონს“ და დამარწმუნა, რომ უშუალოდ ჩაერთვებოდა „ბადაგონის“ ირგვლივ შექმნილი ვითარების გადაწყვეტაში. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ პრემიერ-მინისტრისგან მე ვიგრძენი კომპანიის მიმართ სრული მხარდაჭერა და დახმარების გულწრფელი სურვილი, რადგან ეს საკითხი არა მხოლოდ „ბადაგონს“, არამედ მთელ ჩვენს ქვეყანას ეხება.ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, დროებით შევაჩეროთ საქმიანობა „ბადაგონის“ თბილისის სათავო ოფისში, დღევანდელი დღიდან გადავდივართ კრიზისული მართვის რეჟიმზე და ვაცხადებთ სრულ მობილიზაციას „ბადაგონის“ ყველა საწარმოში. ჩვენ გადავდივართ კახეთში, რათა ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ შესრულდეს ჩვენს მიერ ნაკისრი ვალდებულებები ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი უცხოელი პარტნიორების წინაშე. მთელი ჩვენი გუნდი იქნება ჩვენი ექვსასივე თანამშრომლის გვერდით და იმუშავებს მათთან ერთად. მე გამოვთქვამ იმედს, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევინარჩუნებთ „ბადაგონს“, ხოლო ხელისუფლება უმოკლეს ვადებში გამოძებნის ყველასათვის, და პირველ რიგში „ბადაგონისთვის“ და „ბადაგონელებისთვის“ ოპტიმალურ გადაწყვეტილებას, რომელიც ხელს შეუწყობს „ბადაგონის“ შემდგომ წარმატებულ განვითარებას!

კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ მზად ვარ ყველა არსებული პრეტენზიის განხილვა მოხდეს სამოქალაქო სასამართლოს დარბაზში, მხარეების კანონიერი უფლებების სრული დაცვით და პატივისცემით, როგორც ეს ხდება ყველა ცივილიზებულ და დემოკრატიულ ქვეყანაში,"- განაცხადა გიორგი სალაყაიამ.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, თბილისის ოფისის თანამშრომლები სამუშაოდ კახეთში, ზემო ხოდაშენსა და მანავში განთავსებულ „ბადაგონის“ საწარმოებში გადადიან.

ცნობისთვის, კომპანია „ბადაგონში“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური 2018 წლის 7 თებერვალს შევიდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი