"ბიბლუსი" სტუმრად რუსთავის ქალთა მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში - პატიმარი ქალები 8 მარტთან დაკავშირებით წიგნებით დაასაჩუქრეს

"ბიბლუსი" სტუმრად რუსთავის ქალთა მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში - პატიმარი ქალები 8 მარტთან დაკავშირებით წიგნებით დაასაჩუქრეს

8 მარტთან დაკავშირებით, წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ რუსთავის ქალთა კოლონიას ესტუმრა. მაღაზიათა ქსელმა პატიმრებს და დაწესებულების ბიბლიოთეკას, ქართველი და უცხოელი მწერლების მხატვრული ლიტერატურა გადასცა.

ქალთა დაწესებულებას "ბიბლუსთან" ერთად მწერლებიც ესტუმრნენ. გიორგი კეკელიძე, ტორესა მოსი და შორენა ხუხუა პატიმრებს წიგნების მნიშვნელობაზე ესაუბრნენ და ავტოგრაფებიც დაურიგეს. შეხვედრაზე ქალთა დაწესებულების რამდენიმე პატიმარმა თავისი ლექსებიც წაიკითხა.

მწერალ გიორგი კეკელიძის განცხადებით, საღამო და პატიმრებთან შეხვედრა საკმაოდ ემოციური იყო.

"ჩემთვის ძალიან ემოციური საღამო გამოდგა უბრალო მიზეზის გამო, რომ ეს ადამიანები ბუნებრივია არც მთლად კომფორტულ სიტუაციაში იმყოფებიან, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ ვეცადეთ დაგვენახებინა ის მნიშვნელობა, რომელიც წიგნსა და წიგნიერებას აქვს. ასევე დავანახეთ ის უპირატესობები, რომელიც შეიძლება მათ აქ გამოიყენონ დროის გაყვანის თვალსაზრისით. წიგნების მოტანა, დიალოგი, საუბარი ცხადია, დიდწილად ამ საქმეს ემსახურება. ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ ეს მათ ამ სირთულეს მთლიანად შეუმსუბუქებს, მაგრამ გარკვეულწილად ვფიქრობთ, რომ ერთი პატარა ნაბიჯი მაინც გადავადგმევინეთ თავისუფლების აკვნისკენ", - განაცხადა გიორგი კეკელიძემ.

ტორესა მოსიმ ყურადღება გაამახვილა პენიტენციურ დაწესებულებაში კითხვისა და წიგნების მნიშვნელობაზე.

"მე არასდროს ვყოფილვარ პატიმარი, მაგრამ წარმოსახვით ბევრჯერ წარმომიდგენია, რომ ასეთ ჩაკეტილ სივრცეში, წიგნი ალბათ ერთადერთი საუკეთესო საშუალებაა, რომ თავისუფლება იგრძნო. თავისუფლება ყველა ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. აქ, ამ სივრცეში წიგნი გაცილებით უფრო ღრმა და დიდ მნიშვნელობას იძენს. ამას კონტაქტის დროს ვგრძნობდი კიდეც, რომ ეს ყველაფერი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია აქ, ვიდრე ჩვეულებრივ ყოველდღიურობაში", - განაცხადა ტორესა მოსიმ.

მწერალმა შორენა ხუხუამ შეხვედრაზე თავის წიგნზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოზიტიური უკუკავშირი იგრძნო. "ჩემთვის დღევანდელი დღე განსხვავებული იყო, რადგან მოვედით და შევხვდით ქალბატონებს, რომლებიც ამ დაწესებულებაში არიან, რომელთაც გარკვეულწილად არ გაუმართლათ, ჩაკეტილ სივრცეში არიან. მე თვითონ არ მაქვს გამოცდილება მსგავს სიტუაციაში როგორ ვისაუბრო რა გავაკეთო და აღფრთოვანებული დავრჩი ამ ადამიანებით, თავიანთ ლექსებს გვიკითხავდნენ, ძალიან ემოციურ კონტაქტზე იყვნენ", - განაცხადა შორენა ხუხუამ.

როგორც ღონისძიების დასრულების შემდეგ "ბიბლუსის" მარკეტინგის დეპარტამენტის ხელძღვანელმა თიკო ფეიქრიშვილმა აღნიშნა, "ბიბლუსი" მომავალშიც აპირებს მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას.

”რუსთავის ქალთა კოლონიას "ბიბლუსი" ქალთა საერთაშორისო დღისთვის ეწვია. საჩუქრად გადავეცით წიგნები, მოვაწყვეთ საინტერესო ლიტერატურული ღონისძიება მწერლებთან ერთად. ვფიქრობთ, რომ წიგნები საუკეთესო საშუალებაა აქ ყოფნის წლების ნაყოფიერად გასატარებლად. ჩვენ პატიმარ ქალებს გადავეცით, როგორც თანამედროვე, ასევე კლასიკოსი მწერლების მხატვრული ლიტერატურა. ვფიქრობ, ეს ნამდვილად დაეხმარება მათ, ცოტა უკეთესად გაატარონ ეს პერიოდი", - განაცხადა თიკო ფეიქრიშვილმა.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს