ავტორი:

სამყაროს 5 გამორჩეული ქალის საოცარი ისტორია, რომელიც 8 მარტს უნდა წაიკითხოთ

სამყაროს 5 გამორჩეული ქალის საოცარი ისტორია, რომელიც 8 მარტს უნდა წაიკითხოთ

სამყაროში ყოველთვის არსებობდნენ ქალები, რომლებიც ცდილობდნენ მსოფლიო უკეთესი გაეხადათ, ან უბრალოდ, თავიანთი გაბედულებით ყველასთვის დაენახვებინათ, რომ კაცობრიობის განვითარებაში მათი წვლილი დიდია. ხშირად ამის გაკეთება საკუთარი სიცოცხლის ფასად უწევდათ, მაგრამ მათ ბრძოლას შედეგი ყოველთვის ჰქონდა...

ნერჯა - ტერორისტების წინააღმდეგ

1980-იან წლებში, ამერიკულმა ავიაკომპანიამ Pan Am-მა აზიელი კლიენტების მეტი კომფორტისთვის, ეკიპაჟის ყველა წევრი ინდოელი აიყვანა. სწორედ მაშინ, 23 წლის ინდოელმა გოგონამ, ყოფილმა მოდელმა ნერჯა ბჰატონიმ ბორტგამცილებლის პროფესია აირჩია...

1986 წლის 5 სექტემბერს, გამთენიისას, როდესაც Pan Am რეისი 73-ის თვითმფრინავი მუმბაიდან ამერიკისკენ მიფრინავდა, პაკისტანში, ყარიჩის აეროპორტში დაფრინდა. ბორტზე ოთხმა შეიარაღებულმა ტერორისტმა შეაღწია და ეკიპაჟის წევრები და მგზავრები მძევლად აიყვანა. ტერორისტები ორგანიზაცია "აბუ ნიდალის" წევრები იყვნენ და თავიანთი ტერორისტული დაჯგუფების წევრების ციხიდან გათავისუფლებას ითხოვდნენ. ბორტზე 361 მგზავრი და ეკიპაჟის 19 წევრი იმყოფებოდა... ტერორისტების ბორტზე გამოჩენისას თვითმფრინავის კაბინაში იმყოფებოდნენ: პილოტი, დამხმარე და ბორტინჟინერი. დაბნეული ბორტგამცილებლებიდან ერთადერთმა ნერჯამ მოახერხა და პილოტის კაბინას ტერორისტების თვითმფრინავში ყოფნის ამბავი შეატყობინა, რის შემდეგაც, მათ თვითმფინავი ჩუმად დატოვეს. ნერჯა ბორტზე დარჩა, რადგან ეკიპაჟის დარჩენილი წევრები და მგზავრები ვერ მიატოვა...

მას შემდეგ, რაც ტერორისტებმა გაარკვიეს, რომ პილოტის კაბინა ცარიელი იყო, თვითმფრინავის ბორტზე მყოფი მგზავრების დახოცვა დაიწყეს - ვისაც აშშ-ს პასპორტი ჰქონდა, დაუნდობლად კლავდნენ... ნერჯამ მგზავრების პასპორტები გადამალა და ასე შეძლო 41 ადამიანის გადარჩენა.

ეკიპაჟის წევრებმა სიცოცხლის რისკის ფასად თვითმფრინავიდან ხალხის გაყვანა დაიწყეს. როდესაც ნერჯა ბჰატონი სამი ამერიკელი ბავშვის გადარჩენას ცდილობდა, მას ტერორისტმა ესროლა. გოგონა საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა.

წლების შემდეგ, საბედისწერო ფრენას ცოცხლად გადარჩენილი ერთ-ერთი ბავშვი, ავიახაზების კაპიტანი გახდა. მისი თქმით, ის ინდოელი ნერჯა ბჰატონის თავგანწირვამ გადაარჩინა და მისი კარიერის შთაგონების წყაროც გახდა....

მალალა - განათლების უფლებისთვის

ალბათ ბევრს წაუკითხავს ჩვენი დროის თანამედროვე გმირის, 1997 წელს დაბადებული პაკისტანელი გოგონას - მალალა იუსაფზაის ისტორია, რომელსაც “თალიბები” განათლების მიღებისთვის დევნიდნენ, თუმცა, მამის მხარდაჭერით (რომელიც სკოლის დირექტორი იყო), ის სწავლას ჯიუტად განაგრძობდა... 11 წლის ასაკში ინტერნეტბლოგი შექმნა, სადაც პაკისტანში „თალიბების“ ქმედებებს აკრიტიკებდა და განათლების მნიშვნელობაზე წერდა. 2012 წელს, სკოლაში მიმავალ 15 წლის მალალას, რომელიც თანატოლებთან ერთად, მანქანის ძარაზე იმყოფებოდა, ტერორისტული მოძრაობა "თალიბან პაკისტანის” წევრები დაესხნენ და თავში ესროლეს...

საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, მალალა ბრიტანეთში გადაიყვანეს, არაერთი ოპერაციისა და ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, ის გადარჩა და მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა და ძალზე გავლენიან უფლებადამცველად იქცა... 2013 წელს მიიღო ანა პოლიტკოვსკაიას სახელობისა და სახაროვის პრემია. 2014 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიით დააჯილდოვეს. გოგონა დღემდე იბრძვის მთელს მსოფლიოში ქალებისთვის განათლების ხელმისაწვდომობის მოსაპოვებლად... 2014 წლის 29 ოქტომბერს, მას მიანიჭეს კიდევ ერთი პრესტიჟული - მსოფლიოს ბავშვთა პრემია, რომელსაც მედია ნობელის ბავშვთა პრემიას უწოდებს.

2017 წელს, მალალა იუსუფზაი ოქსფორდის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. იუსუფზაი ფილოსოფიის, პოლიტიკისა და ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობს.

"ავიღოთ ჩვენი წიგნები და კალმები, ისინი ჩვენი ყველაზე ძლიერი იარაღებია. ექსტრემისტებს მუდამ ეშინოდათ და ეშინიათ წიგნების და კალმების. მათ ქალებისაც ეშინიათ. მე მინდა, რომ განათლება თალიბების, ტერორისტებისა და ექსტრემისტების შვილებმა მიიღონ. ერთ ბავშვს, ერთ მასწავლებელს, ერთ წიგნს და ერთ კალამს შეუძლია შეცვალოს მსოფლიო. განათლება ერთადერთი გამოსავალია. განათლება უპირველესია", - ეს მალალას სიტყვებია.

ირენა - ჩუმი გმირი

ირენა სენდლერი ვარშავაში 1910 წლის 15 თებერვალს დაიბადა. მამა ექიმი ჰყავდა და მუდამ გაჭირვებულის დახმარებას ასწავლიდა. მისი გარდაცვალების შემდეგ, ქლიშვილმა მამის შეგონება პირნათლად შეასრულა, - 1939 წელს პოლონეთის ოკუპაციის შემდეგ, ნაცისტებმა, ვარშავაში, ებრაელებისთვის გეტო შექმნეს და ასობით ადამიანი შეყარეს...

ირენა სოციალური დახმარების განყოფილებაში ექთნად მუშაობდა, შემდეგ კი, ებრაელთა დახმარების საზოგადოებაში გაწევრიანდა. მოგვიანებით, კოლაბორაციონისტებთან ერთად, გეტოში მყოფი ბავშვები სიკვდილს ხელიდან გამოგლიჯა და მათ თავშესაფრებსა და ოჯახებში გაგზავნა დაიწყო, იქ სადაც ბავშვები მშვიდად იქნებოდნენ... იყო შემთხვევები, როდესაც ებრაელი დედები შვილებს არ ატანდნენ, - უცხო ადამიანის ნდობა რთული იყო, მით უფრო, მაშინ, როცა არავინ იცოდა რა მოხდებოდა და მათი უმრავლესობა საკონცენტრაციო ბანაკებიდან გამოაღწევდა თუ არა...

ირენა ბავშვების გამოყვანას სხვადასხვა გზით ცდილობდა, - მათ ხან სასწრაფო დახმარების მანქანაში მალავდა, ხანაც ძველმანების ტომრებში, ნაგვის ურნებში და წარმოიდგინეთ - კუბოებშიც კი... გადარჩენილ ბავშვებს შორის ყველაზე გამორჩეულია, პატარა ელზას ისტორია, რომელიც ირენმა გეტოდან ხუთი თვის ასაკში, ხის ყუთით გამოიყვანა. ერთადერთი ნივთი, რაც გოგონას მშობლებისგან სახსოვრად დარჩა, - ვერცხლის კოვზი იყო, რომელიც დედამ ბავშვს საფენებში გაუხვია.

ირენმა 25 000-ზე მეტი ბავშვი გადაარჩინა. ყველა მათგანის პირად მონაცემებსა და ადგილსამყოფელს, მეზობელ ბაღში დამალულ ლითონის კოლოფში ინახავდა...

ერთ დღესაც, ნაცისტებმა მას მიაგნეს, დააპატიმრეს და სასტიკად აწამეს, თუმცა, გმირმა ქალმა ყველაფერს გაუძლო... რეჟიმმა მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. თუმცა, ბედმა არ გაწირა - მისმა თანამოაზრეებმა ჯარისკაცები მოისყიდეს და გააპარეს. ირენა სიკვდილამდე გამოგონილი სახელით ცხოვრობდა... ომის დასრულების შემდეგ, ირენმა ჩანაწერებით სავსე თუნუქის კოლოფი იპოვა და გადარჩენილი ებრაელების მოძიების კომიტეტს გადასცა... 2007 წელს, ირენა სენდლერი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინეს, თუმცა, ერთი წლის შემდეგ, 98 წლის ასაკში გარდაიცვალა...

ედითი - არისტოკრატი ფრონტის ხაზიდან

“ბედნიერება მსხვრევადია, ამიტომ მას ფრთხილად უნდა მოვეპყროთ” - წერდა ამერიკელი მწერალი ქალი, ედით უორტონი, რომელიც შეიძლება ითქვას, პირველი სამხედრო ქალი ჟურნალისტი იყო. ის პირველი მსოფლიო ომის დროს ფრონტის ხაზზე იმყოფებოდა და მნიშვნელოვან ინფორმაციებს აგროვებდა, რომელსაც მაშინდელ გამოცემებს აწვდიდა... იმ წლებში მოპოვებული ცნობები, მან შემდეგ, თავის ცნობილ ნაწარმოებებშიც გამოიყენა.

ცნობილია, რომ ნიუ-იორკში არისტოკრატულ ოჯახში დაიბადა, განათლება სახლში მიიღო და პირველი ნაწარმოები 11 წლის ასაკში დაწერა... ის წლების განმალობაში აქტიურად იბრძოდა განათლების მიღების თანაბარი უფლებებისთვის.

გარდა სამწერლო და დიზაინერული საქმიანობისა (ედითი ფორმებს კერავდა ჰოსპიტალებისთვის) ამერიკელმა ნოველისტმა მოახერხა ასი ათასობით დოლარი შეეგროვებინა ლტოლვილებისა და ტუბერკულოზით დაავადებულთა დასახმარებლად, ამასთან, ხელმძღვანელობდა ფლანდრიელი (ბელგიის რეგიონი) ბავშვების გადარჩენის კომიტეტს, რომელთა ქალაქებიც დაიბომბა გერმანელების მიერ.

1916 წელს, საფრანგეთის მთავრობის დევნილებს აქტიურად ეხმარებოდა, რისთვისაც ლეგიონის საპატიო ორდენით დააჯილდოვეს... 1921 წელს ედითმა პულიტცერის პრემია მიიღო - ის პირველი ქალია, ვინ ამ პრემიის ლაურეატი გახდა.

ძიუნკო - პირველი ქალი ევერესტზე

ძიუნკო ტაბეი იყო პირველი მთამსვლელი ქალი, რომელმაც ევერესტი დალაშქრა. მან პირველი გამოცდილება, ჯერ კიდევ 10 წლისამ მიიღო, როდესაც იაპონიაში კლასთან ერთად წავიდა ლაშქრობაში და ამომავალი მზის ქვეყანაში ცნობილ ნასას მთაზე ავიდნენ. გოგონას ალპინიზმის მიმართ ინტერესის მიუხედავად, ოჯახს არ ჰქონდა ფინანსური საშუალება, რომ შვილს ოცნებაში დახმარებოდნენ, თუმცა, ამას მისთვის ხელი სულაც არ შეუძლია, - ძიუნკომ ყველა სიმაღლის დაპრყობა დამოუკიდებლად გადაწყვიტა.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ქალთა ალპინიზმის კლუბი დააფუძნა და ლოზუნგად გაიხადა ფრაზა “თავად წავიდეთ უცხოეთის ექსპედიციებში”. მოგვიანებით, ძიუნკო იხსენებდა, რომ ქალთა კლუბის გახსნა იყო პასუხი მამაკაცების დამოკიდებულებაზე, რომლებიც ქალთან ერთად მთაში წასვლაზე უარს ამბობდნენ... 1965 წელს ის ასევე მთამსვლელ მანასობუ ტაბეის შეხვდა, რის შემდეგაც ისინი შეუღლდნენ და ორი შვილი გაუჩნდათ...

1972 წელს ძიუნკო ტაბეი თავის ქვეყანაში უკვე აღიარეს ალპინისტად. ევერესტის დასაპყრობად, 15 ქალი შეიკრიბა, ორი მათგანი, მათ შორის ერთ-ერთი ძიუნკო, უკვე დედა იყო... ექსპედიციისთვის ფინანსური მხარის მოგვარება მათ ბოლომდე ვერ შეძლეს, იაპონიის ხელისუფლებამ თავი არ შეიწუხა, ამიტომაც ქალებმა საძილე ტომრები, ლაბადები და ხელთათმები თავად დაამზადეს...

1975 წელს, იაპონელმა ქალებმა ნეპალიც დალაშქრეს. მაისის დასაწყისში, 6 300 მეტრის სიმაღლეზე მყოფ ბანაკს ზვავმა გადაურა. ექსპედიციის წევრებმა ფიზიკური დაზიანება მიიღეს. ტაბეი უგონოდ იყო, თუმცა მალევე გამოჯანმრთელდა და საყვარელი საქმიანობა გააგრძელა... ალპინიზმის კვალდაკვალ, ის ეკოლოგიურ პრობლემებზეც მუშაობდა და იაპონიასა და ჰიმალაის შესწავლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა...

ტაბეი 2016 წელს, 77 წლის ასაკში, სიმსივნით გარდაცვალა. მან თავისი ცხოვრებით ძალიან ბევრ ქალს ჩაუნერგა საკუთარი თავის და ძალების რწმენა.

ცარიელი მილანი, ვენეცია და რიგები მაღაზიებთან  - რა ხდება იტალიაში კორონავირუსის გამო კარანტინის გამოცხადების შემდეგ (ფოტოები)

ჩინეთში ჩამონგრეული სასტუმროს ფოტოები, სადაც საკარანტინო ზონა იყო  - ტრაგედიას 10 ადამიანი ემსხვერპლა

კორონავირუსის გამო, იტალიაში, ლომბარდიის რეგიონი და 14 პროვინცია ჩაკეტეს - სავალდებულო კარანტინში 16 მილიონი ადამიანია