რუსეთის საგარეო უწყება გიორგი კვირიკაშვილს პასუხობს

რუსეთის საგარეო უწყება გიორგი კვირიკაშვილს პასუხობს

რუსეთის საგარეო პოლიტიკურ უწყებაში საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიროგი კვირიკაშვილის 9 მარტის განცხადებას გამოეხმაურნენ, რომელიც უწყების ვებგვერდზეა განთავსებული.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მოსკოვში ყურადღებით გაეცნენ საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის 9 მარტის განცხადებას.

"კმაყოფილებით აღვნიშნავთ მასში გადმოცემულ განწყობას ორმხრივი ურთიერთობის ნორმალიზების პროცესის გაღრმავების შესახებ. არავის უნდა ჰქონდეს ეჭვი, რომ რუსეთი, როგორც მანამდე, დაინტერესებულია მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობის გაჯანსაღებით და მზადაა იმდენად შორს წავიდეს, რამდენადაც ამისთვის მზად იქნება თბილისი.

გიორგი კვირიკაშვილის მიერ ხსენებული სწრაფვა პროგრესისკენ ჟენევის დისკუსიებში იმედს გვაძლევს საქართველოს მხარის კონსტრუქციულობასთან დაკავშირებით, რაც მარტის ბოლოსთვის დაგეგმილ მორიგ რაუნდს უკავშირდება. დარწმუნებულები ვართ, რომ ასეთი მიდგომა მხარდაჭერილი იქნებოდა მოლაპარაკებების დანარჩენი მონაწილეების მიერაც, იმისგან დამოუკიდებლად, თუ ვინ უხელმძღვანელებს საქართველოს დელეგაციას.

შეუძლებელია არ მივესალმოთ, ასევე, დეკლარირებულ მისწრაფებას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან პირდაპირ დიალოგის შესახებ. სწორედ ასეთია ერთადერთი რეალური გზა იმ საკითხების დასარეგულირებლად, რომლებიც საქართველოს აწუხებს, რომელიც რუსეთ-საქართველოს ორმხრივი დღის წესრიგის ფარგლებს გარეთ არსებობს. კერძოდ, ეს ეხება ცოტა ხნის წინანდელ ინციდენტს საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით, რაც მწუხარებას იწვევს", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.