საპარკინგე სისტემის რეგულირების მიზნით, მერიაში ახალი სამსახური შეიქმნება

საპარკინგე სისტემის რეგულირების მიზნით, მერიაში ახალი სამსახური შეიქმნება

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, თბილისში საპარკინგე სისტემის რეგულირების ახალი მოდელი შეიქმნება, რაც ახალი მუნიციპალური სამსახურის ჩამოყალიბებას გულისხმობს.

ამის შესახებ ირაკლი ხმალაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

ხმალაძის თქმით, მერიის მუნიციპალური სამსახური მზად არის „სითი პარკის“ ვალდებულებები შეასრულოს, თუმცა შესაძლოა ჯარიმების გამოწერის ფუნქცია ახალ მუნიციპალურ კომპანიას დაეკისროს.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანია არის საკმაოდ ძლიერი კომპანია გამართული მენეჯმენტით, ტექნიკური და მატერიალური საშუალებებით და ადამიანური რესურსით. აქედან გამომდინარე, ყველაზე ოპტიმალური იქნება პარკირების რეგულირება დროებით განხორციელდეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მხრიდან. თუმცა, ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ უახლოეს პერიოდში ჩამოვაყალიბოთ ახალი საპარკინგე სისტემის რეგულირების მოდელი, რომელიც გარკვეულწილად შეიძლება ითვალისწინებდეს ახალი მუნიციპალური სამსახურის შექმნას და პარკირების რეგულირების ის ნაწილი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია - ჯარიმების დაწერა განახორციელოს ისევ და ისევ მუნიციპალურმა კომპანიამ და ახალმა კომპანიამ“, - განაცხადა ხმალაძემ.

ირაკლი ხმალაძე არ გამორიცხავს, რომ „სითი პარკის“ თანამშრომლების ნაწილი მერიის სატრანსპორტო სამსახურში დასაქმდეს.

როგორც ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ იქნება იმის აუცილებლობა, რომ რესურსების გაძლიერება მოხდეს, გამოცდილმა ადამიანებმა შეიძლება გააგრძელონ მუშაობა თბილისის სატრანსპორტო სამსახურში.

„ჯერჯერობით ვერ გეტყვით თანამშრომლებთან დაკავშირებით. ჩვენ ფუნქციები უნდა გადმოვიბაროთ, გარკვეული რესურსი გაგვაჩნია, გვყავს ჩვენი თანამშრომლები, კონტროლიორები, თუ იქნება იმის აუცილებლობა, რომ რესურსების გაძლიერება მოხდეს, რასაკვირველია, გამოცდილმა ადამიანებმა შეიძლება გააგრძელონ მუშაობა თბილისის სატრანსპორტო სამსახურში. ერთი რამ ცხადია, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, რაც არსებობდა პარკირების რეგულირებასთან დაკავშირებით, ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის სწორი, სამართლიანი და მოქალაქეების უფლებებზე ორიენტირებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღებთ ყველანაირ ზომას, რომ შედეგები იყოს რბილი და არ გამოიწვიოს ნეგატიური შედეგები“, - განაცხადა ხმალაძემ.

ცნობისთვის, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, 10 აპრილიდან „სითი პარკის“ ხელშეკრულება წყდება. რის მიზეზადაც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ კომპანიის მხრიდან უპასუხისმგებლობა და საჯარო უფლებამოსილებების არასათანადოდ შესრულება დაასახელა.

„ჩვენი მხრიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, კომპანია მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს არ ასრულებს, რაც მოქალაქეების უფლებების შელახვისა და პარკირების მართვის სფეროში სისტემური პრობლემების შექმნის მიზეზად იქცა“, - განაცხადა კალაძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი