რამდენიმე დღის წინ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალურმა დირექტორმა გია ჭანტურიამ განაცხადა, "პირველი არხის" ეთერში საინფორმაციო გამოშვება "მოამბის" გარდა ყველა გადაცემა შეწყდებაო. მიზეზად კი მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი დასახელდა.
ამას მოჰყვა სხვადასხვა გადაცემის ავტორთა დათხოვნა, ზოგის დროებით, ზოგის კი... რა ბედი ელის პოლიტიკურ ტოკშოუ "აქცენტებს", რომელსაც ეკა კვესიტაძე უძღვება, ამაზე თვითონ ჟურნალისტი გვესაუბრება:
- ეკა, რატომ დაიხურა თქვენი გადაცემა?
- ჩემი გადაცემა არ დახურულა. უბრალოდ, ივნისში პოლიტიკური ტოკშოუების სეზონი იწურებოდა. მოგეხსენებათ, დაიწყო მსოფლიოს ჩემპიონატი ფეხბურთში და მთელი სატელევიზიო ბადე მატჩებით გადაიტვირთა.
- ჟურნალისტ ვახო სანაიას გადაცემას არ ემთხვევა მატჩები?
- ვახოს გადაცემა ახალი დაწყებულია. სულ რაღაც ორი გადაცემა გავიდა ეთერში, თანაც, მისი გადაცემის ეთერში გასვლის დროს ნამდვილად არ ემთხვევა არც ერთი მატჩი. ამიტომაც არხის ხელმძღვანელობა მაქსიმალურად შეეცადა, სანაიას გადაცემა შეენარჩუნებინა. დანარჩენი ყველა პოლიტიკური ტოკშოუ, მათ შორის დათო პაიჭაძისაც, შეჩერდა. ასე რომ, საზოგადოებას ეჭვის საფუძველი არა აქვს. უბრალოდ, პოლიტიკური სატელევიზიო შოუების სეზონი დროზე ადრე დასრულდა.
- ეკა, არის თუ არა ქართული მედია თავისუფალი?
- ამ თვალსაზრისით ბოლოს ხანს არაფერი შეცვლილა. ქართულ ტელესივრცეში არსებობს არხები, რომლებიც, რბილად რომ ვთქვათ, არ არიან კრიტიკულები ხელისუფლების მიმართ. არსებობს პრეტენზიები "იმედის" და "რუსთავი 2"-ის მფლობელთა ვინაობის გასაიდუმლოებაზეც. ეს საკითხი საერთაშორისო ორგანიზაციებმაც დააყენეს.
რაც შეეხება "საზოგადოებრივ მაუწყებელს", ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები მიიჩნევენ, რომ არხი არაობიექტურია, ხოლო არაოპოზიციურად განწყობილნი, პირიქით. როგორ მუშაობდა "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ბოლო ხანს, ამის გაგებაში დაგვეხმარება ეუთოს დასკვნა, რომელიც მიუკერძოებელი ორგანიზაციაა და მან ჩვენი ტელევიზია წინასაარჩევნო პერიოდში შეაფასა როგორც აბსოლუტურად დაბალანსებული და ობიექტური ტელეკომპანია. ისე, წინასაარჩევნოდ ტელეკომპანია "რუსთავი 2" უფრო ობიექტური იყო, ვიდრე "იმედი".
- ბევრი მიიჩნევს, რომ ქართულ ტელესივრცეში არსებული ტოკშოუები ამა თუ იმ ტელეკომპანიის სამკაულია, რადგან ეს გადაცემები საზოგადოებისთვის არაფრის მომტანია და მხოლოდ თვალის ასახვევად კეთდება...
- არ ვიცი, ტოკშოუებს სამკაულებად მიიჩნევენ თუ ანტიკვარულ ნივთებად, მაგრამ ეს გადაცემები ყველა პოლიტიკოსს საშუალებას აძლევს, პირდაპირ ეთერში თქვას ის, რაც სურს. სხვათა შორის, პოლიტიკური ტოკშოუების სტუმართა უმეტესი ნაწილი ოპოზიციის წარმომადგენელია.
- ქართველი ჟურნალისტები ორ ნაწილად არიან გახლეჩილი.
- ეს გამოიწვია პოლიტიკური ჯგუფების მომრავლებამ, რომელთა შორისაც რადიკალური დაპირისპირებაა. ეს კი ჟურნალისტებზეც აისახება. საერთოდ, ძნელია, რომელიმე ტელევიზიას ჰქონდეს ორივე მხარის ნდობა.
- თქვენ ხართ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნის, შოთა უტიაშვილის მეუღლე. თუ გრძნობთ თავს პრივილეგირებულად?
- პირიქით. ამის გამო ხშირად მექმნება დისკომფორტი. ცუდ მდომარეობაში მაყენებს ის, რომ ყველა პოლიტიკოსს ჰგონია, რადგან ჩემი მეუღლე შსს-ს მაღალჩინოსანია, მე მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებს გამოვხატავ.
- ეს ნინო ბურჯანაძემაც გითხრათ პირდაპირ ეთერში...
- ძნელია ამის მტკიცება, მაგრამ ჩემი ქმრის გავლენა არაფერში მეხმარება. ამის დამამტკიცებელი საბუთი ჩემი 10-წლიანი ჟურნალისტური კარიერაა. ვიდრე ჩემი მეუღლე მაღალჩინოსანი გახდებოდა, ჟურნალისტი ვიყავი და იმხანადაც ჩამოყალიბებული პოზიცია მქონდა სხვადასხვა ღირებულებაზე. ვერავინ იტყვის, რომ ჩემს პრინციპებს ვუღალატე და პოზიცია შევიცვალე. შეიძლება ბევრმა არ დაიჯეროს, მაგრამ მაინც ვიტყვი: ხელისუფლების მიმართ უამრავ საკითხში საკმაოდ კრიტიკულად ვარ განწყობილი და ვერავინ იტყვის, რომ როდესაც გადაცემაში ხელისუფლების წარმომადგენელი მყავდა სტუმრად, მწვავე კითხვებს არ ვუსვამდი.
სერიოზული სკანდალი ატყდა ვანო მერაბიშვილის ინტერვიუს გამო, რომელიც მან გაზეთ "კომერსანტს" მისცა. ვერაფრით მივაღწიე, რომ ის გადაცემაში მომეწვია. ასე რომ, ნამდვილად არ ვსარგებლობ პრივილეგიებით. სამაგიეროდ, სტუმრად მყავდა გოკა გაბაშვილი, რომელსაც ყველაფერი ვკითხე, რაც ნებისმიერ მხარეს დააინტერესებდა.
ბუნებრივია, ჩემთვის არ არის კომფორტული, როდესაც ჩემი მეუღლე შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანია, ადამიანებს აქვთ იმის განცდა, რომ მე ცალმხრივი ვარ. მესმის მათი, მაგრამ ამის გამო პროფესიას ნამდვილად არ შევიცვლი. მსოფლიოში არსებობს უამრავი მაგალითი იმისა, რომ მაღალჩინოსნის მეუღლე წამყვანი ჟურნალისტია.
მაგალითად, ტელეკომპანია "სი-ენ-ენ"-ის ერთ-ერთი წამყვანის მეუღლე გახლდათ კლინტონის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ბერნარ კუშნერის მეუღლე საკმაოდ გავლენიანი ჟურნალისტია. არც ერთ მათგანს თავი არ დაუნებებია ჟურნალისტობისთვის. მიუხედავად ამ დისკომფორტისა, მაინც არ მსურს, რომ ჟურნალისტიკიდან წავიდე. თან ჩემი მეუღლე ისეთი მნიშვნელოვანი ფიგურაც არ არის. იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელია.
- ეკა, დამეთანხმებით, ალბათ, საკმაოდ უხერხულია, როდესაც გადაცემის სტუმარი პირდაპირ ეთერში გეუბნებათ, რომ კითხვები, რომელსაც უსვამთ, ვანო მერაბიშვილის კაბინეტში მზადდება და ეს გადაცემა თქვენთვის გამოცდაა.
- უკვე მიჩვეული ვარ ასეთ თავდასხმებს. თავდასხმა ხომ საუკეთესო თავდაცვაა!
- შარშან, როდესაც თქვენი და ინგა გრიგოლიას გადაცემა დაიხურა, ვარაუდობდნენ, რომ ინგას გადაცემა საბოლოოდ გაუქმდებოდა, ხოლო ეკა კვესიტაძის გადაცემა, მისი მეუღლის ძალისხმევით, აუცილებლად გაგრძელდებოდა. ვარაუდი გამართლდა...
- შარშან დეკრეტულ შვებულებაში გავედი და ამიტომ შეჩერდა ჩემი გადაცემა. სხვათა შორის, ჩემი მეუღლე იმავე თანამდებობაზე იყო, როდესაც ტელეკომპანია "რუსთავი 2"-დან უცერემონიოდ დამითხოვეს.
ამის შემდეგ 2 წლის განმავლობაში უმუშევარი ვიყავი. შემდეგ შეიცვალა "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობა და დაინიშნა ირაკლი ჩიქოვანი. მე ახალი პროექტი მივიტანე, რომელიც დამიმტკიცეს. მერე "პირველ არხზე" გადავედი და, როგორც უკვე გითხარით, ჩემი გადაცემა დეკრეტულ შვებულებაში გასვლის გამო შეჩერდა, რაც შეეხება ინგა გროგოლიას გადაცემას, ეს ცალკე თემაა. ჩემი და ინგა გრიგოლიას ხელფასები "პირველ არხზე" ძალიან განსხვავებული იყო. როდესაც მას შესთავაზეს ისეთივე ხელფასი, როგორიც მე მქონდა, სამსახურზე უარი თქვა. ინგას ტელევიზიიდან წასვლის ნამდვილი მიზეზი სწორედ ეს არის.
- პოლიტიკაში ჟურნალისტების გადასვლას როგორ შეაფასებთ?
- ყველა პროფესიის ადამიანს შეუძლია პოლიტიკაში გადასვლა. საქართველოში სათანადო დონეზე არც ჟურნალისტები არიან მომზადებულნი პოლიტიკოსებად და არც სხვა პროფესიის ადამიანები. სხვათა შორის, პოლიტიკოსებიც საკმაოდ დაბალი დონისანი არიან.
- არსებობს ისეთი პოლიტიკოსი, რომელიც თქვენს გადაცემაში პროტესტის გამო არ მოსულა?
- ერთ-ერთი მათგანი გახლავთ შალვა ნათელაშვილი. სხვათა შორის, დიდი სურვილი მქონდა გადაცემაში მესაუბრა ინგა გრიგოლიასთან, მაგრამ არ მოვიდა. იმედია, ერთ დღეს აუცილებლად მოვა, თორემ ძალიან სასაცილო იქნება ინგას მხრიდან ვინმესთვის ბოიკოტის გამოცხადება, რადგან მისი ჟურნალისტური მოღვაწეობის ხმაურიანი პერიოდი დამყარებული იყო ბოიკოტზე, რომელსაც პოლიტიკოსები უცხადებდნენ.
"რუსთავი 2"-ის გადაცემებში რამდენჯერმე მონაწილეობდა, ჩემთან კი ერთხელაც არ მოვიდა. იმედი მაქვს, ეს არ იყო წინასწარ გათვლილი ნაბიჯი. ალბათ, სწორედ იმ კითხვას მოერიდა, რომლის დასმასაც პირდაპირ ეთერში ვაპირებდი.
- ტელევიზიიდან წასვლის მიზეზი უნდა გეკითხათ?
- დიახ.
- როდის განახლდება თქვენი ტოკშოუ?
- ოქტომბერში.
- განახლებულ "მაესტროს" როგორ შეაფასებთ?
- "მაესტრომ" იმედი გამიცრუა. არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ საინფორმაციო გამოშვებას წამყვანი უძღვება.
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ხელმძღვანელს, გია ჭანტურიას თანამდებობიდან ხსნიან...
- ნამდვილად არ ვიცი. მსგავსი არაფერი მსმენია.
ეკა კვესიტაძის მიერ დასმულ კითხვებზე კომენტარისთვის ინგა გრიგოლიას მივმართეთ:
"ბევრი ისეთი საინტერესო რამ ვიცი, დარწმუნებული ვარ, ეკა კვესიტაძესაც არ ესიამოვნება"
- ჩემი გადასაწყვეტია, რომელ გადაცემაში მივიდე სტუმრად და რომელში - არა. წინასაარჩევნოდ უამრავ გადაცემაში ვმონაწილეობდი. კვესიტაძისგანაც მქონდა ერთი-ორი შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!, მაგრამ ვერ მოვახერხე მისვლა. მართლა არ მეცალა, წინასაარჩევნო კამპანიით ვიყავი დაკავებული.
- ეკა კვესიტაძემ თქვა, რომ "პირველ არხზე" ინგას ძალიან დიდი ხელფასი ჰქონდა და როდესაც არხის გენერალურმა დირექტორმა ჩემი ანაზღაურების ტოლი ხელფასი შესთავაზა, უარი თქვა ტელევიზიაში მუშაობაზე და ამიტომაც წავიდაო. როგორც ვიცი, ის ამ კითხვის დასმას აპირებდა თქვენთვის პირდაპირ ეთერში და ჰგონია, რომ თავი ამიტომ აარიდეთ მასთან სტუმრობას.
- ეს არის აბსურდი. საერთოდ, ყველა ინფორმაცია, რაც ჩემ შესახებ ვრცელდება, გაზვიადებულია. "პირველ არხზე" ნამდვილად არ მქონია გრანდიოზული ანაზღაურება. ვიღებდი ხელფასს, როგორც არხის გენერალური დირექტორის მოადგილე და როგორც გადაცემა "პოლიტიკური კვირის" წამყვანი. რაც შეეხება ეკა კვესიტაძის ვარაუდს, ნამდვილად არ მაქვს სურვილი, ვუპასუხო, თუმცა მას აქვს უფლება, ჰქონდეს თავისი აზრი. მეგონა, მის გადაცემაში არჩევნებზე ვისაუბრებდით. სხვათა შორის, "პირველ არხზე" და ჩემს ხელფასზე კი არა, ბევრი ისეთი საინტერესო რამ ვიცი, დარწმუნებული ვარ, ეკა კვესიტაძესაც არ ესიამოვნება.
ნინო მაისურაძემ
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)