როგორ აფასებენ და რას უკავშირებენ თეოლოგები საპატრიარქოს მიერ გაკეთებულ სკანდალურ განცხადებას

როგორ აფასებენ და რას უკავშირებენ თეოლოგები საპატრიარქოს მიერ გაკეთებულ სკანდალურ განცხადებას

საპატრიარქოს მხრიდან ხდება წინასწარი პრევენცია ნებისმიერი განსხვავებული მიდგომის, სადაც წარმოჩენილი იქნება საპატრიარქოს შეცდომები, მათი არასწორი პოლიტიკა და კანონდარღვევები, - ასე აფასებს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი საპატრიარქოს მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებას. მისი თქმით, ეს არის თავის დაზღვევის ერთგვარი საშუალება საპატრიარქოს მხრიდან, რომელიც გულისხმობს წინასწარ პრევენციას, რათა აღიკვეთოს ყოველი კრიტიკული აზრი, მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა ის არგუმენტირებული და ლეგიტიმური.

”შესაბამისად, ამით ხდება, წინასწარი პრევენცია ნებისმიერი განსხვავებული მიდგომის, სადაც წარმოჩენილი იქნება საპატრიარქოს შეცდომები, მათი არასწორი პოლიტიკა, კანონდარღვევები და ა.შ. ეს არის მცდელობა წინასწარი ბარიკადის შექმნის, რომელიც ყოველ შეფასებას აცხადებს მტრულად. საბოლოო ჯამში, საპატრიარქოსთვის ეს არის ერთგვარი ისტერიკა, რომელიც აგონიურ ხასიათს ატარებს და მიუთითებს, რომ სისტემა გაცილებით დიდ კრიზისშია, ვიდრე ეს გარედან ჩანს. ამას თან ერთვის ნიკა გვარამიას შეხვედრა დეკანოზ გიორგი მამალაძესთან, რომელსაც სავარაუდოდ, აქვს ისეთი ინფორმაცია, რომელიც დიდ დარტყმას მიაყენებს მაღალი იერარქიის წარმომადგენლობას. თუ გიორგი მამალაძე იყო დამნაშავე და საგამოძიებო უწყებები ამაზე აპელირებენ, სასამართლომაც ეს დაადასტურა და არის მსჯავრდებული, ამ შემთხვევაში მას ჰყავს დამკვეთები, რომლებმაც დაავალეს მას, რომ შეესრულებინა ასეთი არამართლზომიერი და ბოროტ განზრახვა. ეს გულისხმობს, რომ გარეთ რამდენიმე მაღალი იერარქიის სასულიერო პირი თავისუფალია. შესაბამისად, დეკანოზს აქვს ისეთი ინფორმაცია, რომელიც საპატრიარქოს იმიჯს, მის პრესტიჟს და ღირსებას, ძალიან დიდი დარტყმის ქვეშ აყენებს. დეკანოზი ასევე შესაძლოა ფლობდეს ინფორმაციას ზნეობრივი და ფინანსური კუთხით დარღვევების შესახებაც, რაც საპატრიარქოსთვის განგაშის ზარების რეკვის საფუძველია. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, საფრთხე დიდია მათთვის და გადაწყვიტეს თავიდან აერიდებინათ ეს”, - განაცხადა ტიგინაშვილმა.

მისივე თქმით, საპატრიარქოს წინასწარ გაკეთებული განცხადებები მრევლისთვის ვერ იქნება დამაჯერებელი.

”თანმიმდევრულად ხდება ყველა სეგმენტის, ყველა შრის გაწბილება, რომელიც საპატრიარქოში წლების მანძილზე იყო დუმილის, მკაცრი ჩაკეტილობის და მოიერიშე დომინანტობის რეჟიმში. ფაქტობრივად, ყველა საკითხს ედო ტაბუ, არავითარი წვდომა არ არსებობდა ადმინისტრაციულ გადაწყვეტილებებზე, საზოგადოება იყო ამ თვალსაზრისით იზოლირებული და მითებსა და ლეგენდებს აყოლილი. დღეს უკვე რაციონალური განსჯა მიმდინარეობს პროცესების და ამოტივტივებულია საპატრიარქოში არსებული პრობლემები და საზოგადოების ნაწილის მხრიდან ერთხმად მოხდა ეკლესიაზე უარის თქმა. მრევლის კლებადობის დინამიკის კუთხით, კატასტროფული ვითარებაა”, - აღნიშნა ტიგინაშვილმა.

კანონიკური სამართლის სპეციალისტი, თეოლოგი ლადო ნარსია კი ფიქრობს, რომ საპატრიარქო გუშინ გავრცელებული განცხადებით ცდილობს საზოგადოებას უთხრას, რომ რაც არ უნდა ინფორმაცია გავრცელდეს, ტყუილი იქნება. ნარსია ვარაუდობს, რომ შესაძლოა, გარკვეული ინფორმაციების გამოქვეყნებას ე.წ. ციანიდის საქმეში მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე აპირებდეს.

”წინასწარ ასეთი განცხადებით, ადამიანებს ეუბნებიან, რომ რაც არ უნდა გამოქვეყნდეს, ეს არის ტყუილი. იგივე დეკანოზი მამალაძე ამბობს, რომ აქვს ბევრი ინფორმაცია. შესაძლოა, ამ განცხადებით საპატრიარქოს უნდა უთხრა საზოგადოებას, რომ რასაც იტყვის მამალაძე, არ დაუჯეროთო”, - განაცხადა თეოლოგმა.

მისივე თქმით, საპატრიარქომ იცის, რომ არის მნიშვნელოვანი ინფორმაციები, რომელიც ჯერ კიდევ საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი.

”ეს ყველაფერი შესაძლოა საზოგადოებისთვის სასარგებლო და აუცილებელი არც იყოს. ეს ინფორმაციები გროვდება უკვე ათეული წლებია. პერიოდულად იწერებოდა და საჯარო ხდებოდა ინფორმაციები. დიახ, არსებობს ინფორმაციები, რომელიც არ სურს საპატრიარქოს გამოვიდეს დღის სინათლეზე და გახდეს ეს ყველაფერი ცნობილი საზოგადოებისთვის. თუ საპატრიარქოს სურს, რომ ასეთ ინფორმაციებს მეტი ფილტრაცია ჰქონდეს, თავად უნდა შეძლოს საკუთარ წიაღში რაღაც ისეთი პროცესების განვითარება, რომელიც საზოგადოებას გაუქრობს მსგავს ინტერესს და დაინახავს ეკლესიას, როგორც მაგალითს და იტყვის: შესაძლოა არსებობს გარკვეული პრობლემები, მაგრამ არსებობს ჯგუფი სასულიერო იერარქიის, რომელსაც ვენდობით”, - განაცხადა ნარსიამ.

მისივე თქმით, ნებისმიერი ცრუ ინფორმაცია ან ნებისმიერი არასამართლიანი შეტევა ეკლესიაზე, იქნება ეკლესიის გაძლიერება, ხოლო თუ კრიტიკა სამართლიანია და თუ არსებობს მიზეზები, რის გამოც საზოგადოება სვამს შეკითხვებს, ასეთ შემთხვევაში ეკლესიას უპირველესად ევალება თვალი გაუსწოროს რეალობას და იფიქროს ამ პრობლემების მოგვარებაზე.

”ეს არ არის რაღაც საშიში პროცესი, დისკრედიტაცია, შეტევა ან საგანგაშო ვითარება, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ერთადერთი, განსაკუთრებული რაც შეიძლება იყოს არის ის, რომ უკვე ათეული წლებია ეკლესიაში არსებობს ხელშეუხებელი პრობლემა, რომელსაც მფარველობს ეკლესიის გარკვეული ჯგუფი და ეს პრობლემები არ გვარდება. თუ ვინმეს წარმოუდგენია, რომ ეკლესია ანგელოზთა სამყაროა, სადაც არც შეცდომებს უშვებენ და არც რაიმე ტიპის გადაცდომებია, ეს შეცდომაა და ასეთი შეფასება ეკლესიაზე არ არის სწორი. ეკლესიაში, საპატრიარქოში შესაძლოა არსებობდეს რაღაც პრობლემები და აქ არაფერია მიუღებელი, მაგრამ მიუღებელი არის ის, რომ ამ ხნის მანძილზე არ ხდება პრობლემაზე რეაგირება. საპატრიარქო ამ განცხადებაში ამბობდა, რომ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა მიმართულია იმის გამო, რომ ეკლესია სიწმინდეს იცავსო. ეკლესიამ სიწმინდე მის წიაღში უნდა დაიცვას პირველ რიგში და ის ადამიანები ვინც მხილებულნი არიან არაერთგზის, მათ მიმართ უნდა გამოიყენოს განწმენდითი საშუალებები და უნდა დაითხოვოს დროებით დაკავებული პოზიციიდან. ეს იქნება უპირველესი მაგალითი, რომ ეკლესია სიწმინდის დამცველია. ვინ ეუბნება ეკლესიას, რომ მან არ უნდა იქადაგოს ქრისტიანული მრწამსი? ვინმეს უთქვამს აკრძალეთ ქრისტიანობის ქადაგებაო? ვინმეს უთქვამს, რომ ოჯახის სიწმინდის მიმართ არ ისაუბროთო? რა არგუმენტებია ამ განცხადებაში, საერთოდ ვერ ვხვდები”, - განაცხადა ნარსიამ.

საპატრიარქომ გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც მიუთითებს, რომ იგეგმება დისკრედიტაციის ახალი ტალღის აგორება და არ არის გამორიცხული, რომ ბინძური კამპანიის წარმოება განხორციელდეს უმაღლესი იერარქის მიმართაც და ამაში სასულიერო პირებიც იქნან გამოყენებულნი.

”არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა ყოველთვის მიმდინარეობდა და მიმდინარეობს, მაგრამ ბოლო პერიოდის მოვლენებმა აჩვენა, რომ პროცესები მიზანმიმართულ მწვავე სახეს იღებს, რისი გამოვლინებაცაა თუნდაც 25 მილიონის და ჯიპების თემა, საარჩევნო კამპანიის მთელი პერიოდის მანძილზე რესპუბლიკური პარტიის მიერ გაკეთებული განცხადებები და, რა თქმა უნდა",ციანიდის საქმეც”. რატომ ხდება ეს? გარკვეული ძალებისთვის ყოვლად მიუღებელია ჩვენი ეკლესიის და კათოლიკოს-პატრიარქის მაღალი ავტორიტეტი და რეიტინგი; მათთვის ასევე მიუღებელია, რომ ეკლესია იცავს ოჯახის სიწმინდეს, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ეროვნულ და ტრადიციულ ღირებულებებს, ზრუნავს მომავალი თაობის სწორად აღზრდისთვის; მიუღებელია, რომ ეკლესია ეწინააღმდეგება "ელგებეტე" პირთა ცხოვრების წესის ნორმად გამოცხადებას, პროტესტს უცხადებს ნარკოლიბერალიზაციის არასწორ, სახიფათო ფორმებს და აზარტული თამაშების პროპაგანდას; რომ იგი იღვწის, წმინდა მამათა მიერ დადგენილ კანონთა შესაბამისად, მართმადიდებლური სწავლების დაცვისთვის…. და ა.შ. მეტად მნიშვნელოვანია ისიც, რომ დიდია მცდელობა იმისა, ეკლესია ჩართონ და გამოიყენონ პოლიტიკურ თამაშებში. როგორც ჩანს, აქამდე განხორციელებულმა ქმედებებმა ზოგიერთისთვის სასურველი შედეგი მაინც ვერ გამოიღო და ამიტომაც, ჩვენი ინფორმაციით, იგეგმება დისკრედიტაციის ახალი ტალღის აგორება და არ არის გამორიცხული, რომ ბინძური კამპანიის წარმოება განხორციელდეს უმაღლესი იერარქის მიმართაც და ამაში სასულიერო პირებიც იქნან გამოყენებულნი”, - აცხადებენ საპატრიარქოში.

"ვირუსი მაშინ გადაივლის, როცა ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაცია განცხადებს, რომ პანდემია დასრულდა" - ხათუნა ზახაშვილი

"საპარტნიორო ფონდმა" ინფექციურ საავადმყოფოსა და ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკას საჩუქრად სამედიცინო ეკიპირება გადასცა

"ქვეყანაში დაახლოებით 12-დან 15-მდე კლასტერია და მგონი, მათი სახელები ყველამ ყველამ იცის" - ამირან გამყრელიძე