ავტორი:

"თქვენ პირველი ხართ, ვინც ამ საფლავზე ყვავილები დადოო..." - როგორ ეძებს პოლონური წარმოშობის ქართველი ქალი ომში დაკარგულ ქართველებს

"თქვენ პირველი ხართ, ვინც ამ საფლავზე ყვავილები დადოო..." - როგორ ეძებს პოლონური წარმოშობის ქართველი ქალი ომში დაკარგულ ქართველებს

ათ წელზე მეტია პოლონური წარმოშობის ქართველი გოგონა მეგი სტემპენი, გერმანიაში ცხოვრობს და მეორე მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულ ქართველ მეომრებს საკუთარი ძალებით ეძებს... თავდაპირველად, დიდი ბაბუით დაიწყო - ჭოლა თედორაძე სხვებთან ერთად საბჭოთა არმიაში გაიწვიეს და მას შემდეგ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება... ბაბუის ძებნისას უამრავი ქართველი იპოვნა და ოჯახებს მათზე ინფორმაცია მიაწოდა. ეს პროცესი დღემდე გრძელდება.

“ქალაქ ქემნიცში არის საბჭოეთის სასაფლაო, აქ დავიწყე ბაბუას ძებნა და იმდენი ქართველი ვიპოვე... პირველი იყო სამხედრო ტყვე - 1920 წელს დაბადებული და 1942 წელს დაღუპული დიმიტრი პოზვერშვილი... ძალიან უცნაური გრძნობა იყო. ოჯახს წლების განმავლობაში უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიაჩნდა. დავიწყე მისი ოჯახის ძებნა, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ და რანაირად უნდა მეპოვა, სოციალური ქსელის დახმარებით დავუკავშირდი ყველას, ვისთანაც კი ხელი მიმიწვდებოდა... 6 თვე ვეძებდი და ბოლოს ვიპოვე მისი ოჯახი, ზესტაფონელი ყოფილა...” - იხსენებს ქართველი გოგონა AMBEBI.GE-სთან საუბარში და ამბობს, რომ საფლავი დღემდე ძალიან მოვლილია.

შემდეგ, იმ ადგილებში დაიწყო ძებნა, სადაც საკონცენტრაციო ბანაკები იყო. ასე იპოვა შტალაგის ტყვეთა ბანაკში დაღუპული ფასანაურელი ნიკოლოზ ქავთარაძე. ლამსდორფის ბანაკი, რომელიც ახლა პოლონეთის ტერიტორიაზე მდებარეობს, 1941 წელს თავად ტყვეებმა ააშენეს, - 1941 წელს და მშენებელობის დასრულებამდე, ზამთარ-ზაფხულ, ღია ცის ქვეშ უწევდათ ყოფნა და ძილი. მთლიანობაში, იქ 40 ათასი ტყვე დაიღუპა...

“როგორც კი ვიგებდი, რომ ამა თუ იმ ქალაქში საბჭოთა ჯარისკაცების სასაფლაო იყო, მივდიოდი და საათობით, ხშირად რამდენიმე დღის განმალობაში დავდიოდი და ქართულ გვარებს ვეძებდი... რამდენჯერმე მაღალი თოვლის გამო, ფორთხვითაც მომიწია გადაადგილება. ტყეში იყო სასაფლაო და იქამდე გზა გაკვალული არ იყო... ჩემი მეუღლე დამცინოდა, თუმცა, ჩემი გულისტკივილი ესმოდა... ეს იყო აღმოსავლეთ გერმანიაში, ქალაქ ქემნიცში, სადაც დიმიტრი ფოცხვერაშვილის საფლავი ვიპოვე...” – გვიყვება ის.

მისივე თქმით, სასაფლაოს დამლაგებელმა უთხრა, რომ ყოველ 9 მაისს, საბჭოთა მეომრების საფლავებს ყვავილებით ამკობენ, თუმცა, ქართველი ტყვეს საფლავს მნახველი არასდროს ჰყოლია...

“იცოდა, რომ დიმიტრი ქართველი იყო და გაოცებული მიყურებდა, თქვენ პირველი ხართ, ვინც ამ საფლავზე ყვავილები დადოო... მისი ოჯახის წევრი ვეგონე. ცრემლები მახრჩობდა, კი, ოჯახის წევრი ვარ-მეთქი, ვუპასუხე - შორეული საქართველოდან მოსული ქართველი, ნამდვილად მისი ოჯახის წევრი ვიყავი..." - იხსენებს მეგი.

ერთი სიტყვით, ახალგაზრდა ქალმა ბაბუა ვერ იპოვა, თუმცა, ძალიან ბევრი ქართველის შესახებ ოჯახებს ინფორმაცია მიწოდა...

“შემდეგ, ქალაქ დრეზდენის ფონდი მოვძებნე და დავიწყე ურთიერთობა ამ ფონდთან, მათ მაჩუქეს წიგნი, სადაც საბჭოთა კავშირის ჯარისკაცების საფლავების მისამართებია... შემდეგ ინტერნეტ საიტებიც გადმომიგზავნეს და თანდათან სხვების ძებნა დავიწყე... ყველაზე ემოციური იყო ერთი ჯარისკაცის - არტაშ ქისიშვილის საფლავის პოვნა, - რომელიც ჩემი ქმრის დაბადების დღეზე 18 დეკემბერს დაბადებულა და ჩემი დაბადების დღეს 6 ივლისს დაიღუპა... უცნაური შეგრძნება იყო, - ჩვენ ორნი პირველი ვიყავით ვინც ამდენი წლის მერე მის საფლავზე მივიდა და მისი დაბადების და გარდაცვალების დღეებზე დაბადებული ცოლ-ქმარი აღმოვჩნდით” – იხსენებს მეგი სტემპენი.

ძებნის პროცესის გასაადვილებლად, ახალგაზრდა ქალმა გადაწყვიტა ოფიციალური მოთხოვნა გააკეთოს, რათა უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველების მონაცემები მიაწოდონ და ამის მიხედვით იპოვოს ქართველი მეომრები.

“ვიცი, რომ ქემნიცში უამრავი ქართველი ტყვე დაიღუპა. ქალაქში ავტონაწილების ქარხანა იყო და იქ ამუშავებდნენ ტყვეებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზებით იღუპებოდნენ - ზოგი ლაზარეთში, ბევრი კი, დახვრიტეს...“ - გვიყვება ის.

P.S მეგი სტემპენი მზად არის, ქართულ ოჯახებს უგზო-უკვლოდ დაკარგული ახლობლების პოვნაში დაეხმაროს გერმანია-პოლონეთის ტერიტორიაზე, ასევე ინტერნეტ რესურსის გამოყენებით იპოვოს სხვა ქვეყნის არქივებშიც.