ავტორი:

"დედა კმაყოფილი იყო, მაგრამ როცა ბევრი წააგო, მოიყვანეს ყურაწეული - გვიშველეთ, რას აკეთებსო!..." - მიზეზები, რის გამოც ადამიანი მოთამაშე ხდება

"დედა კმაყოფილი იყო, მაგრამ როცა ბევრი წააგო, მოიყვანეს ყურაწეული - გვიშველეთ, რას აკეთებსო!..." - მიზეზები, რის გამოც ადამიანი მოთამაშე ხდება

ონლაინ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრობლემა ქვეყანაში რომ მწვავედ დგას და სასწრაფოდ რეგულირებას საჭიროებს, ამის შესახებ არაერთხელ ვწერდით. 400 ათასი თამაშდამოკიდებული, ათასობით გაღარიბებული, ვალებში ჩაფლული და დანგრეული ოჯახი, თვითმკვლელობით დასრულებული ათობით სიცოცხლე - ეს ის საგანგაშო სტატისტიკაა, რომელიც პრობლემის დაუყოვნებლივ მოუგვარებლობის შემთხვევაში შესაძლოა უფრო მეტადაც დამძიმდეს...

"პალიტრანიუსის" რუბრიკა "ვიდეობლოგი" სწორედ ამ მზარდ პრობლემას მიეძღვნა. გთავაზობთ ამონარიდებს გადაცემიდან:

აზარტული მოთამაშე: "სულ პირველად მეგობარს შევყევი. მინდოდა მისთვის შემეშალა ხელი, რომ ბოლომდე არ ჩათრეულიყო, არადა ისე აღმოჩნდა, რომ მე მოვყევი ხაფანგში. თავიდან ცოტას ვაგებდი, მაგრამ რაც უფრო შევყევი თამაშს, დიდ თანხებს ვაგებდი და ვერც ვჩერდებოდი... მერე რაღაცეების გაყიდვა დამჭირდა... გამოსავალს ვეღარ ვპოულობდი... ბებიაჩემს რა უნდა ჰქონოდა, მაგრამ სხვა რომ ვერაფერი ვიპოვე, ხელი წამიცდა... შემდეგ ძალიან ვინანე, თუმცა მარტო ამას არა, ბევრ რაიმეს ვნანობ იმ პერიოდიდან...

...კარგია რომ დროზე მივხვდი. მგონია განკურნებადია, მაგრამ ეს ძალიან იშვიათი შემთხვევაა, ალბათ ათასიდან ერთი თუ შეძლებს ამას. მარტო ვერც მე შევძლებდი ამას გავმკლავებოდი, ჩემი ოჯახის და მეგობრების დახმარებით, როგორღაც შევძელი დამეღწია თავი..."

მარინა კაჭარავა, ფსიქოლოგი:

"როგორც წესი, თამაშს ცნობისმოყვარეობის, იაფი ფულის შოვნის გამო იწყებენ. იგივე ტოტალიზატორი, "გადაფხიკე დ მოიგე" და ა.შ... შეიძლება 5 ლარი დადოს და 500 მოიგოს, მერე ამახსოვრდება პოზიტიურად და სულ ჰგონია რომ მოიგებს... სხვათაშორის ბევრს საკმაოდ მაღალი ინტელექტი აქვს, ითვლებიან კარგ მოსწავლეებად და ჰგონიათ, რომ სულ შეძლებენ მოგებას, რადგან ფიქრობენ რომ, კარგად გამოითვლიან... ამას ემატება რომ მშობლებისგან წახალისება... ჩემთვის უთქვამთ პაციენტებს - 700 ლარი მოვიგე, სახლში მივიტანე და დედას მივეცი... დედა კმაყოფილი იყო, მაგრამ როცა ბევრი წააგო, მოიყვანეს ჩემთან ყურაწეული - გვიშველეთ, რას აკეთებსო!...

თამაშის მოთხოვნილება ხდება დომინანტური. ის ფარავს ყველა სხვა ცხოვრებისეულ მოთხოვნილებას: ჭამა, ძილი, სექსუალური მოთხოვნილებები... ყველაფერი გადაფარულია თამაშის მოთხოვნილებით. როცა თამაშობს, მას არაფერი უნდა, არც საჭმელი, არც სასმელი, არც ქალთან ურთიერთობა - პირდაპირ იწვევს იმპოტენციასაც.

აქ არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - რეკლამა. რეკლამის ფსიქოლოგია, გავლენის ფსიქოლოგია სწორედ ამაზე აწყობილია, რომ "ზომბირება" მოხდეს ადამიანების, რომ გაიყიდოს მათი საქონელი. მსგავსი რეკლამაც დანაშაულია!"

გიორგი პაიჭაძე, საზოგადოებრივი ინიციატივების პლატფორმის თავმჯდომარე:

"თუ დააკვირდებით, ყველგან სადაც სლოტ-კლუბებია, ირგვლივ განლაგებულია ლომბარდები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რომლებიც მოსახლეობას უგზავნიან სმს-ებს, სთავაზობენ სესხებს. ფინანსური წნეხის ქვეშ მყოფი ადამიანი გაუაზრებლად თანხმდება შემოთავაზებას და ხშირია, რომ მთელი ქონების გაყიდვა უწევს, ოჯახები ენგრევათ და ა.შ. ამ მხრივ საქართველოში კატასტროფული სიტუაციაა...

ხშირია, რომ აზარტული თამაშების ადგილები სკოლებთან და უნივერსიტეტებთანაა განლაგებული, რაც დაუშვებელია. თუნდაც ავიღოთ ასეთი შემთხვევა, როცა მოსწავლე მიდის სკოლააში, ან სტუდენტი მიდის უნივერსიტეტში, გზად რასაც ხედავს, ეს არის - "შემოდი, ითამაშე", ნაცვლად იმისა, რომ ხედავდეს "შემოდი, ისწავლეს".

...ის რეგულაციები, რომლებიც ფინანსთა სამინისტრომ წარმოადგინა, კიდევ უფრო გასამკაცრებელია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ონლაინთამაშების მხრივ, საქართველოს ტერიტორიაზე ფსონების დადება უნდა აიკრძალოს".

"საუკეთესო სპორტსმენი, საუკეთესო შვილი... გამოვრიცხავ, დაპირისპირებაში მონაწილეობა მიეღო" - "საბურთალოს" პრეზიდენტი 19 წლის ფეხბურთელის საქმეზე

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" - ოპოზიციის გეგმები; მზადება არჩევნებისთვის; ხელისუფლების პოზიცია

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"