ნინო მდივანი - ულამაზესი ქართველი თავადის ასული, რომელიც ართურ კონან დოილის რძალი იყო

ნინო მდივანი - ულამაზესი ქართველი თავადის ასული, რომელიც ართურ კონან დოილის რძალი იყო

მე-20 საუკუნის 20-30-იანი წლების ევროპული და ამერიკული პრესა აჭრელებული იყო ქართველი თავადის - ზაქარია მდივნის შვილების ზღაპრული თავგადასავლებით. დავით, სერგო, ალექსი, ნინო და რუსუდან მდივნებს მსოფლიოს პოპულარული ჟურნალ-გაზეთების მოწინავე სტატიები ეთმობოდა. ქართველებთან სიახლოვით თავს იწონებდნენ პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, მსახიობები, მხატვრები თუ მაფიოზები...

ლეგენდა გვამცნობს, რომ 1867 წელს დაბადებული თავადი ზაქარია მდივანი სინამდვილეში აზნაური იყო, თუმცა, გენერალ-მაიორის ჩინს მაინც მიაღწია. მეტიც, მდივანი რუსეთის იმპერატორის კართან დაახლოებული პირი გახლდათ. კიდევ ერთი ლეგენდის მიხედვით, ზაქარია მდივანმა ნოე ჟორდანიას მთავრობისგან ყალბი დოკუმენტი მოიპოვა, რომლის თანახმად, იგი არათუ თავადი, არამედ ბაგრატიონთა სამეფო გვარის წარმომადგენელიც კი იყო. ზემოთ ნახსენებმა ფოტოებმა და ყალბმა ცნობამ კი საფუძველი დაუდო შთამბეჭდავ ამბავს და-ძმა მდივნებზე, რომლებმაც მსოფლიო ფურორი მოახდინეს...

ნინო მდივანის ისტორია და-ძმების მსგავსად, გამორჩეული და განსაკუთრებულია. მეფის რუსეთის გენერალ-მაიორის, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო მინისტრის მოადგილის ზაქარია მდივნისა და ნახევრად პოლონელი ელისაბედის ქალიშვილის ნინოს დაბადების თარიღი უცნობია.

წარმატებული კარიერისა და მაღალი თანამდებობების წყალობით ზაქარია მდივანმა შეძლო უფროსი შვილებისთვის (სავარაუდოდ სერგი, დავითი, ნინო) კარგი განათლება მიეცა. ისინი ჯერ პეტერბურგის, შემდეგ კი ვარშავისა და პარიზის უნივერსიტეტებში სწავლობდნენ. მდივნების ოჯახის კეთილდღეობა 1921 წ. რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ დაირღვა. ემიგრაციაში წასულმა ოჯახმა ჯერ სტამბოლს, შემდეგ კი პარიზს შეაფარა თავი.

მდივნებს განსაკუთრებული ხიბლი და შარმი ჰქონდათ, წარმატებაში ხელს უწყობდათ განათლება, ბუნებრივი სილამაზე და არისტოკრატიზმი. პარიზში ნინო მდივანს უამრავი ქართველი და უცხოელი თაყვანისმცემელი ეხვია გარს. ულამაზესი ქალი სამჯერ იყო დაქორწინებული.

1925 წ. ნინო მდივანი ცოლად იურისტ ჩარლზ ჰურბერიხს გაჰყვა, თუმცა მათი თერთმეტწლიანი ოჯახური ცხოვრება განქორწინებით დამთავრდა.

ბრისტოლის ავიაგამოფენაზე ნინო მდივანი და მწერალ ართურ კონან დოილის ვაჟი დენის კონან დოილი პირველად შეხვდნენ ერთმანეთს. დენისი პირველივე შეხვედრით მოიხიბლა მშვენიერი უცნობით, რომელმაც საოცრად ბევრი რამ იცოდა ავიაციაზე.

ნინო და დენისი

1936 წ. ნინო მდივანი ადვოკატსა და ავიატორს დენის კონან დოილის მეუღლე გახდა. დენისი მოყვარული ავიატორი იყო და მთელი ცხოვრება თვითმფრინავების ახალი მოდელების შემუშავებითა და გამოცდით იყო დაკავებული. ამიტომ მამის წიგნების გამოცემის ექსკლუზიური უფლება მეუღლეს გადასცა.

სერ ართურ კონან დოილი ოჯახთან ერთად

ქმრისგან განსხვავებით ნინო პრაგმატული პიროვნება გახლდათ და მამამთილის მემკვიდრეობას სრული სერიოზულობით პატრონობდა. ართურ კონან დოილის ნაწარმოებებიც ყველაზე დიდი ტირაჟით მას შემდეგ იყიდებოდა რაც გამომცემლობის საქმე ნინოს ხელში გადავიდა. დენის კონან დოილის გარდაცვალების შემდეგ უფლებები ართურ კონან დოილის ნაწარმოებებზე ნინოს ერგო.

1955 წ. დაქვრივებული ნინო ცოლად გაჰყვა წარმატებულ ინგლისელ გამომცემელს ენტონი ჰარვუდს.

ნინო მდივანს შვილი არ ჰყოლია. ის 1987 წელს ლონდონში ხანდაზმულ ასაკში გარდაიცვალა.

წაიკითხეთ და-ძმა მდივნების საოცარი თავგადასავალი ვრცლად

"საუკეთესო სპორტსმენი, საუკეთესო შვილი... გამოვრიცხავ, დაპირისპირებაში მონაწილეობა მიეღო" - "საბურთალოს" პრეზიდენტი 19 წლის ფეხბურთელის საქმეზე

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" - ოპოზიციის გეგმები; მზადება არჩევნებისთვის; ხელისუფლების პოზიცია

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"