"როდესაც ბავშვი წაიყვანეს, ვეცადე არ შემეხედა... თითქოს დავცარიელდი" - 34 წლის სუროგატი დედის ინტერვიუ

"როდესაც ბავშვი წაიყვანეს, ვეცადე არ შემეხედა... თითქოს დავცარიელდი" - 34 წლის სუროგატი დედის ინტერვიუ

ამბობენ, რომ დედობა ყველა ქალისთვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა. არიან ისეთებიც, რომლებიც ახალ სიცოცხლეს, რომელსაც 9 თვე მუცლით ატარებდნენ, სხვა უთმობენ... მათივე თქმით, აჩუქო სხვას ისეთი დიდი ბედნიერება, როგორიც დედობაა, ძალიან ემოციურია. თანაც, ისინი ამაში საკმაოდ სოლიდურ თანხას იღებენ და მთელი ფეხმძიმობის განმავლობაში საჭირო ხარჯებსაც ბავშვის მომავალი მშობლები კისრულობენ... თუმცა, ზოგჯერ ისეც ხდება, რომ სუროგატ დედას, ბავშვის გაჩენის შემდეგ უწევს იმაზე ფიქრი, სად წაიყვანოს ახალშობილი, რადგან ის წყვილი, ვინც ბავშვით უნდა დაესაჩუქრებინა, ამასობაში ერთმანეთს შორდება. სწორედ ასეთი რამ შეემთხვა ქალბატონს, რომელიც ახლა ცდილობს, გამოსავალი იპოვოს... ჩვენი რესპონდენტი 34 წლის სუროგატი დედაა:

- დიდი გამოცდილება არ მაქვს, ეს მესამე ბავშვია, რომელსაც მუცლით ვატარებ. პირველი თუ არ ვცდები, გერმანელების იყო, ჩვენ ასეთ დეტალებს არ გვეუბნებიან. ყველანაირ საკითხს კონკრეტული ორგანიზაცია აგვარებს, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობასაც ის იკვლევს და ბავშვის მშობლებს ყველაფრის საქმის კურსში აყენებს... პირველ შემთხვევაში, ყველაფერი კარგად დასრულდა, ბავშვი ბიოლოგიურად გავაჩინე და მაშინვე წაიყვანეს...

- ეს როგორი განცდა იყო?

- მაინცდამაინც სასიამოვნო არ ყოფილა. როდესაც გაიყვანეს, ვეცადე, არ შემეხედა... მაშინ მესამედ ვიყავი ფეხმძიმედ და ასეთი მოძრავი ბავშვი არც ერთი ჩემი შვილი არ ყოფილა. სულ მეგონა, მუცელში "კოტრიალებს" აკეთებდა. თავიდან ვერიდებოდი, რომ მუცლად მყოფს მივფერებოდი, რადგან სხვა სუროგატი დედებისგან ვიცოდი, თუ ასე მოიქცევი, მისი სხვისთვის დათმობა გაგიჭირდებაო, მაგრამ სანამ მუცელს არ მოვეფერებოდი, არ ისვენებდა... ამიტომ, როდესაც წაიყვანეს, თითქოს დავცარიელდი... მაშინ, ჩვენი საზოგადოების უკიდურესი ცნობისმოყვარეობიდან გამომდინარე, ყველანაირად ვცდილობდი, ეს ამბავი არ გამჟღავნებულიყო, მაგრამ ოჯახის წევრებმა და რამდენიმე უახლოესმა ადამიანმა მაინც გაიგეს. დედამ ძალიან გამკიცხა. ერთი კვირა ტიროდა და კარგა ხანს ხმას არ მცემდა...

- ეს გადაწყვეტილება აუცილებელი ფინანსური საჭიროების გამო მიიღეთ?

- დიახ, პირველი დღიდან საქმის კურსში ჩავაყენე მეუღლე და ყველა დეტალი მასთან ერთად განვიხილე. არც ის არის უგრძნობი, ისიც განიცდიდა, მაგრამ რა გვექნა, მაშინ მართლა ძალიან გვჭირდებოდა ფული. ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ქირით ვცხოვრობდით. მეც ვმუშაობდი და ისიც, მაგრამ ქირის გარდა, თვიდან თვემდე, ხელფასიდან ხელფასამდე, პრაქტიკულად, მხოლოდ კვების ხარჯებს ვფარავდით. შვილები უმეტესად, ახლობლების გამონაცვალი ტანსაცმლით დადიოდნენ... ერთი სიტყვით, იმ ფულით 1,5-იანი ოთახიანი ბინა ვიყიდეთ გარეუბანში. იმ ფაქტმა, რომ ჩემს შვილებს საკუთარი ჭერი ექნებოდათ, ის მძიმე ტვირთი შემიმსუბუქა...

- თუმცა, რამდენიმე წლის შემდეგ, სუროგატობის სურვილი მეორედ გამოთქვით...

- დიახ, ამის შემდეგ, მე და ჩემი მეუღლე ოთხი წელი დანაზოგს ვინახავდით, რომ მცირე ბიზნესი წამოგვეწყო და პურის ფული გვქონოდა. დანარჩენი თანხა ბანკიდან გამოვიტანეთ და მეუღლემ სურსათის მაღაზია გახსნა და ასევე, სესხით, მანქანა გამოიყვანა, რომ დილით, ორთაჭალის ბაზრიდან ხილი, ბოსტნეული და მწვანილი წამოეღო... ერთხელაც ახლობელმა დაურეკა, შენი მაღაზიიდან კვამლი გამოდის და მე კარს ვერ ვაღებო... გიჟივით წავიდა და გზაში ავარია მოუვიდა, ლამის ფეხი მოაჭრეს... სამი ოპერაცია გავუკეთეთ. მაღაზია სანახევროდ დაიწვა... ბანკის ვალები მატულობდა, რამაც რასაკვირველია, უფრო მეტად დაგვხია უკან... მეუღლემ მითხრა, გავყიდოთ ეს ბინა და ფეხზე რომ დავდგები, ისევ რამეს ვიზამო, მაგრამ ისეთი სიმწარე მაქვს გამოვლილი უბინაობის გამო, რომ ამას არავითარ შემთხვევაში არ დავთანხმდებოდი და ამას ისევ სუროგატი დედობა ვარჩიე... ემოციურად მიჭირდა, მაგრამ უკანონოს არაფერს ვაკეთებ და მგონი, არც ცოდვას ჩავდივარ: უშვილო წყვილებს შვილს ვჩუქნი... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი