მთავრობის შეთქმულება პრესის წინააღმდეგ

მთავრობის შეთქმულება პრესის წინააღმდეგ

2011 წლიდან, შესაძლოა, გაზეთები მასობრივად დაიხუროს. ფინანსთა სამინისტროს მიერ ინიცირებული ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტის მიხედვით, ჟურნალ-გაზეთების მიწოდება-რეალიზაცია, რეკლამიდან შემოსავლები დღგ-ს გადასახადით დაიბეგრება. უცნაურია, მაგრამ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ირაკლი სირაძემ პროექტში ამ ფაქტის არსებობის შესახებ თურმე არ იცოდა. მისი თქმით, ეს, შესაძლოა, ტექნიკური შეცდომაა, თუმცა ჩასწორდება თუ არა ეს "შეცდომა" ირაკლი სირაძემ ამ კითხვას კონკრეტული პასუხი არ გასცა.

რამდენიმე მსხვილი მეწარმისგან განსხვავებით, ბიზნესმენების დიდი ნაწილი აცხადებს, რომ ახალი კოდექსი რევოლუციური არ არის და მასში ბევრი უფრო ბუნდოვანი და დამძიმებულია, ვიდრე არსებული კოდექსშია.

ასე რომ, რამდენიმეწლიანი შეთანხმება პრესის დღგ-ს გადასახადისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით ირღვევა. ახალი კოდექსის მიხედვით, იმ საქონლის ჩამონათვალში, რომელიც ამ გადასახადისგან თავისუფალია, ჟურნალ-გაზეთების კოდი გაქრა.

თუმცა ეს ყველაფერი საკმაოდ ეშმაკურად არის გაკეთებული, ანუ ჩამონათვალში სიტყვიერად ჟურნალ- გაზეთები ისევ იკითხება, მაგრამ კოდი 4902 ამოღებულია, ხოლო საგადასახადო ორგანოები სწორედ ამ კოდებით ხელმძღვანელობენ, ხოლო რეკლამიდან შემოსავალი პროექტიდან სიტყვიერადაც ამოღებულია.

ირაკლი სირაძე ირწმუნება, რომ ეს ცვლილება მისთვის უცნობია. მისი თქმით, შეიძლება ეს იყოს ტექნიკური შეცდომა, ვინაიდან თავის დროზე პრესის ამ გადასახადისგან გათავისუფლების საკითხმა სწორედ მის ხელში გაიარა. "არ ვიცი, რას მეუბნებით, ბუნებრივია, რომ 300-გვერდიან კოდექსში ყველა პუნქტი ზეპირად არ მეცოდინება", - აღნიშნა სირაძემ.

- თუ ეს ტექნიკური შეცდომაა, პირობას დებთ, რომ იგი აუცილებლად გასწორდება?

- კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ არ ვიცი, რაზე მესაუბრებით ვნახავ და მერე გაგცემთ პასუხს!

- თქვენ უჭერთ მხარს იმ გადაწყვეტილებას, რომ პრესა დღგ-ს გადასახადით არ უნდა დაიბეგროს?

- ერთსა და იმავეს ნუ მამეორებინებთ, არ ვიცი, რას მეუბნებით, მე მსგავსი რამ არ მახსოვს. გადავხედავ პროექტს და მერე გაგცემთ პასუხს.

პრესის დამფუძნებლები ეჭვობენ, რომ ეს საკითხი, როგორც ფინანსთა სამინისტროსთვის, ისე მთავრობისთვის კარგად არის ნაცნობი. თუმცა, ვინაიდან ეს მათთვის არაპოპულარული თემაა, მხოლოდ ორაზროვანი პასუხებით ამიტომ შემოიფარგლნენ.

"შეუძლებელია მაინცდამაინც ამ ორივე საკითხზე - ჟურნალ-გაზეთებში სარეკლამო შემოსავლის დღგ-თი დაბეგვრა და მათი მიწოდება-რეალიზაცია, ქაღალდის იმპორტი ტექნიკური შეცდომა გაპარულიყო", - აცხადებენ სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთის მფლობელები.

მათი განცხადებით, ასეთ საგადასახადო წნეხს ისედაც ფინანსურად პრობლემატური ჟურნალ-გაზეთები ვერ გაუძლებენ და დაიხურებიან. კერძოდ, გადასახადი გაზრდის თვითღირებულებას, რომელიც თავის მხრივ ტირაჟს შეამცირებს.

გარდა ამისა, საყოველთაოდ ცნობილია, რომ პრესის შემოსავლების ნახევარი რეკლამებზე მოდის. ამ შემოსავლის დღგ-ს გადასახადით დაბეგვრა კი რეკლამას შეამცირებს, რომელიც პრესაში ისედაც მწირია. გამოდის, რომ თუ ეს "ტექნიკური შეცდომა" არ გამოსწორდა, ხელისუფლებამ პრესა განადგურებისთვის გაიმეტა.

გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორის ლაშა ტუღუშის განცხადებით, ხელისუფლება ამბობს, რომ ახალი საგადასახადო კოდექსის მიზანი საგადასახადო ტვირთის შემსუბუქებაა. ამ შემთხვევაში მისთვის გაუგებარია, პრესამ რა დააშავა.

"მე მაინტერესებს, არის თუ არა ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება. თუ კოდექსის მიზანი ბიზნესისთვის ხელშეწყობა და საგადასახადო ტვირთის შემსუბუქებაა, პრესამ რა დააშავა, რომ პირიქით იბეგრება, თანაც ისეთი გადასახადით, როგორიც დღგ-ია? მაინტერესებს, არის თუ არა ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება. ამ გადასახადით პრესის დაბეგვრა, ფაქტობრივად, მის გაუქმებას ნიშნავს, ვინაიდან პრესას შეუმცირდება რეკლამაც და ტირაჟიც", - აღნიშნა ლაშა ტუღუშმა.

ახალ კოდექსთან დაკაშირებით, ეს ერთადერთი შენიშვნა არ არის, რომელიც ბიზნესმენებსა და ექსპერტებს აწუხებს. მათ ფინანსთა მინისტრის მოადგილეს შენიშვნების საკმაო გრძელი ნუსხა გააცნეს. "ვერ გეტყვით, რომელი კოდექსი უფრო უარესია, ახალი თუ არსებული", - აცხადებენ ბიზნესმენები.

ექსპერტის ირაკლი შავიშვილის განცხადებით, შენიშვნები კოდექსის პირველივე თავიდან იწყება.

"ვიცოდით, რომ დღეს მოქმედი კოდექსი იყო ლიბერალური და კარგი მაშინ რატომ იცვლება რევოლუციური კოდექსი და რატომ უნდა დავუჯეროთ ხელისუფლებას, რომ ახლა მორიგი პროექტია ასევე რევოლუციური? ფინანსთა სამინისტროდან აღნიშნეს, რომ კოდექსი 98%-ით შეიცვალა, მართალია მუხლების ნუმერაცია შეიცვალა, მაგრამ კოდექსის შინაარსი და კონცეფცია ერთი-ორი სიახლის გარდა არ იცვლება. ამ კოდექსით პირველი არის სახელმწიფო და მაქსიმუმ მეორე გადასახადის გადამხდელი და ეს თვითონ გადასახადის ცნებაშიც კარგად ჩანს", - ამბობს ირაკლი შავიშვილი.

მაგალითად, კოდექსში არის ასეთი ჩანაწერი - სხვა ჯარიმები. ექსპერტის თქმით, ამით სამინისტრო ამბობს, რომ მას ეზარება ყველაფრის ჩამოთვლა, მაგრამ საგადასახადო ორგანო რაზეც მოგედავება, იმაზე დაჯარიმდები. გადასახადის გადამხდელი ყველაფერზე პსუხისმგებელია, იგი დაჯარიმდება, მასზე განხორციელდება სისხლის სამართლის დევნა, დაეკისრება საურავები და ასე შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ თუ გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება წარმოეშვება, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს მის ობიექტში შევიდეს და სალაროდან ნაღდი ფულიც კი ამოიღოს. ირაკლი სირაძის განცხადებით, ეს პუნქტი აღიარებულ დავალიანებას ეხება და ყველა ქვეყანაშია აპრობირებული.

უფრო მეტიც, გადასახადის განაკვეთებს ადგენს მთავრობა. ამ დროს კონსტიტუციაში მითითებულია, რომ გადასახადის გადახდა უნდა მოხდეს კანონით დადგენილი წესით.

ექსპერტის დავით ნარმანიას განცხადებით, ეს ეწინააღმდეგება ადგილობრივი თვითმმართველობების შესახებ ევროპულ ქარტიას, რომელსაც საქართველოც არის მიერთებული. კერძოდ, ამ ქარტიის მიხედვით, ადგილობრივ გადასახადებს კოდექსში არსებული ზღვარის მიხედვით თვითმმართველობები ადგენენ.

არ იცვლება ქონების გადასახადის გადახდის პრინციპი; ანუ თუ ფიზიკურ პირს წლიური შემოსავალი 40 ათას ლარზე მეტი აქვს, იგი ქონების გადასახადს თავისი შემოსავლიდან იხდის. თუ ადამიანი ცხოვრობს გარეუბანში ერთ ოთახიან ბინაში და ცდილობს გაზარდოს შემოსავალი, თუნდაც იმისთვის, რომ პირობები გაიუმჯობესოს, მან ამ ერთოთახიანი ბინის გადასახადი ამ შემოსავლებიდან უნდა გადაიხადოს. იმ ადამიანმა, რომელიც კეთილმოწყობილ სახლში ცხოვრობს, ყველაფერი აქვს და შემოსავლების გასაზრდელად თავს არ იტკივებს, ბევრად ნაკლები გადასახადი უნდა გადაიხადოს.

ახალ კოდექსში შენარჩუნდა დებულება იმის შესახებ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, სასამართლო დავის გაგრძელების მიუხედავად, გადასახადის გადამხდელის ქონება გაიყიდება. ადამიანს არ აქვს უფლება საკუთარი ქონება თვითონ გაყიდოს.

"საგადასახადო ორგანო არის მოსამართლე, კანონმდებელი - ნორმატიულ აქტებს გამოსცემს, ასევე ის არის ქონების შემფასებელი, ანუ მას გააჩნია, ყველა უფლება", - აღნიშნავენ სპეციალისტები. მართალია, ახალ კოდექსში ჯარიმების გარკვეული ნაწილი მცირდება, მაგრამ ზოგიერთი სახის ჯარიმა უფრო მეტად იზრდება. მაგალითად, ზედნადების უქონლობისთვის ან მასში შეცდომისთვის, პირი დაჯარიმდება ამ საქონლის ღირებულების ხუთმაგი ოდენობით, არსებულ კოდექსში ამ ჯარიმაზე 100% იყო განსაზღვრული.

საგადასახადო კოდექსში ნოვაციაა მიკრობიზნესის ცნება. ექსპერტების განცხადებით, შეღავათების არსებობა კარგია, მაგრამ შეღავათები კონტროლის უფრო გამკაცრებას აღწევს. ექსპერტებისთვის გაუგებარია, როგორ უნდა აღრიცხოს საგადასახადო ორგანომ, რომ მიკრო მეწარმე წლიურ 30-ათასიან ბრუნვას გადაცდა, ვინაიდან მათ არც სალარო აპარატების ქონის ვალდებულება აქვთ და არც სხვა რაიმე დოკუმენტების წარმოების.

კომპანია "მინის" ხელმძღვანელის გოგი მგელაძის განცხადებით, კოდექსი პრობლემას ქმნის მსხვილი და მცირე ან მიკრო ბიზნესთან ურთიერთობაში, ვინაიდან ელემენტარულად ბაზრობაზე ნაყიდ პროდუქტს ბიზნესმენი ხარჯებში ვერ გაქვითავს. "გამოდის, რომ ბიზნესურთიერთობები აღარ გვექნება", - აღნიშნა მგელაძემ.

ეს პრობლემას განსაკუთრებით რესტორნისა და კაფეების მფლობელებს შეუქმნით, ვინაიდან ისინი სასოფლო-სამეურნეო პროდექტს, ძირითადად, ბაზრებში ყიდულობენ.

"ვერ გავიგეთ მთავრობა სინგაპურის გზას ადგას თუ ავტორიტარულ რეჟიმში გვაქცევს. სამინისტროს ვთხოვ, რომ ყველა დეტალი კარგად გაიაზროს, თუ მართლა სურს, რომ გადასახადის გადამხდელებს დაეხმაროს და ეს კოდექსი მართლა ლიბერალური იყოს. ყველას კარგად ახსოვს, არსებულ კოდექსსაც ლიბერალურს უწოდებდნენ, თუმცა მასში 700 ცვლილება შევიდა, ნორმატიულ აქტებსა და ქვეპუნქტებზე აღარაფერს ვამბობთ", - აღნიშნავენ ბიზნესმენები.

ირაკლი სირაძის განცხადებით, ხელისუფლებამ ეს შეხვედრები სწორედ იმიტომ გადაწყვიტა, რომ საზოგადოების შენიშვნები მოისმინოს და თუ ეს შენიშვნები არგუმენტირებული იქნება, მათ გაითვალისწინებენ.

სირაძის თქმით, ეს არის ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტის სამუშაო ვერსია. თუმცა, ვიდრე ხელისუფლება ამ "სამუშაო ვერსიის" საზოგადოებასთან ერთად განხილვასა და მათი შენიშვნების გათვალისწინებას გადაწყვეტდა, პროექტი უკვე პარლამენტში განსახილველად შეიტანა.

სამინისტროში კი აცხადებენ, რომ კოდექსის მიზნები და ამოცანებია, ბიზნესის კეთების გაიოლება, საგადასახადო სისტემის მიმართ სანდოობის ამაღლება, სტაბილური საგადასახადო გარემოს შექმნა საგადასახადო ტვირთის თანაბარზომიერი გადანაწილება და სხვ.

მაკა ხარაზიშვილი

გაზეთი ”რეზონანსი”

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები