ავტორი:

რას ყვება "ევროპის ამომავალ ვარსკვლავზე" ბაბუა, რომელიც ვარსკვლავად "ღიმილის ბიჭებმა" აქცია

რას ყვება "ევროპის ამომავალ ვარსკვლავზე" ბაბუა, რომელიც ვარსკვლავად "ღიმილის ბიჭებმა" აქცია

ირაკლი კვირიკაძე დღეს ყველაზე პერსპექტიული ქართველი მსახიობია. ცოტა ხნის წინ, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ათ სხვა მსახიობთან ერთად, ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო გადასცეს. რეჟისორ რეზო გიგინეიშვილის ფილმში - "მძევლები" ირაკლის მიერ განსახიერებულმა გეგა კობახიძემ, არამარტო ქართველი, ევროპელი მაყურებლის ყურადღებაც დაიმსახურა.

ირაკლი კვირიკაძე მსახიობ ნინო ქორიძის უფროსი შვილია, ასევე არქიტექტორ კახა ქორიძის უფროსი შვილიშვილი. კახა ქორიძეც ახალგაზრდობაში რჟისორების სამიზნე იყო - ქართულმა კინომ მისი სახე "ღიმილის ბიჭებში" აღბეჭდა. წარმატებულ შვილიშვილზე სასაუბროდ AMBEBI.GE სწორედ კახა ქორიძეს ესტუმრა.

- ბატონო კახა, როგორ შეხვდით და როგორ აფასებთ შვილიშვილის წარმატებას?

- დიდი სიხარულით შევხდი და სრულიად ვიზიარებ საერთაშორისო ჟიურის გადაწყვეტილებას. დაჯილდოების დღეს, ტელევიზიით, პირდაპირ ეთერში, მასზე საოცარი სიტყვები მოვისმინე: "ირაკლის წარმატება საქართველოს კინოინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანი ბიძგი იქნება. მან ნამდვილად შთამბეჭდავი გარდასახვა შემოგვთავაზა ფილმში „მძევლები“. ირაკლიმ ამ დრამაში ემოციური სიღრმე გამოავლინა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა. როგორც პროფესიონალმა მსახიობმა შეძლო, წარმოუდგენელი ოსტატობით გადმოეცა გმირის ისეთი ემოციები, როგორიც არის ვნება, გაბრაზება და მგრძნობიარე ბუნება.

"საოცარი ბუნებრიობით შესრულებული როლი, მისი უსაზღვრო ენერგია და ნიჭი, ირაკლის ხდის იმ მსახიობად, რომლის ყურება სულ გინდა“ - დიახ, ამ სიტყვებით ახსნა ჯილდოს გადაცემის წინ ევროპული კინოპრომოუშენის ჟიურის წევრმა ირაკლი კვირიკაძისთვის ევროპელი ვარსკვლავის ჯილდოს მინიჭება...

დაჯილდოების ცერემონიალს ყოველდღე ახლიდან ვუყურებ და ქართველ ხალხთან ერთად, მეც ძალიან მეამაყება. შვილებისა და შვილიშვილების წარმატება ყველაზე დიდი ბედნიერებაა ამქვეყნად...

- როგორ ფიქრობთ, ეს თქვენი გენის დამსახურებაა? ისე, საინტერესო პარალელი მოხდა - თქვენც ხომ ახალგაზრდა გადაგიღეს ფილმში "ღიმილის ბიჭები"...

- გენის დამსახურებაა თუ არა, ამას ვერ გეტყვით, 14 წლისას მეც ძალიან მინდოდა მსახიობობა, მაგრამ მოგვიანებით, „ღიმილის ბიჭებში“ გადაღებისას, მივხვდი, რომ ეს არ იყო ჩემი მოწოდება, მსახიობის კარიერას არ გავყევი, არც თავი და არც მაყურებელი შევაწუხე. იმ დროისთვის მე არქიტექტორის პროფესია მქონდა არჩეული და ვფიქრობ, ამ არჩევანში არ შევმცდარვარ. თუმცა, თეატრსა და კინოინდუსტრასთან კავშირი არ გამიწყვეტია, როგორც დამდგმელ მხატვარს.

ირაკლის არჩევანი და წარმატება უფრო მისი კინომატოგრაფისტული ოჯახის დამსახურებაა. დედა, ნინო წარმატებული მსახიობია. ნინოს როლი ფილმში „მარილივით თეთრი“, ცნობილმა გერმანელმა კინოკრიტიკოსმა - კნუტ ელსტერმანმა ასე შეაფასა: „ჩვენ ყველანი ღრმა შთაბეჭდილების ქვეშ ვართ, მისი სიძლიერით, მგრძნობიარობით და ფანტასტიკური ხასიათით. ვფიქრობ, რომ ის საუკეთესო მსახიობი და დიდი ვარსკვლავია საქართველოში. მისი სახელია ნინო ქორიძე. ჩვენ აუცილებლად უნდა დავიმახსოვროთ ეს სახელი და გვარი, რადგან კიდევ უნდა ვნახოთ ის დიდ ეკრანზე“... ნინოს მეუღლე - თორნიკე გოგრიჭიანი ერთ-ერთი საუკეთესო მსახიობია და ამასთანავე, შარშან, მისმა რეჟისორულმა დებიუტმა, მოკლემეტრაჟინმა ფილმმა „ანდრომ“ თეირანის საერთაშორისო ფესტივალზე უმაღლესი ჯილდო „გრანპრი“ მოიპოვა. ირაკლის პატარა დაიკომ, 5 წლის ნატალიკომ, სერიალში „ხელოვნური სუნთქვა“ მამასთან, თორნიკესთან ერთად, შესანიშნავად ითამაშა. ასე რომ, ირაკლი ცხოვრობს კინოსამყაროში.

ირაკლის წარმატება განაპირობა ასევე კინოფილმის „მძევლების“ შემოქმედებითმა ჯგუფმა - როგორც რეჟისორმა, ასევე ფილმში მონაწილე კარგად ცნობილმა თუ ახალბედა მსახიობებმა. ჩემი შვილიშვილის გამარჯვებას წინ უსწრებდა ქორწინება უმშვენიერეს ელენე მახარაშვილზე. ვფიქრობ, რომ ადამიანის რეალიზაციისა და სრულყოფისთვის მნიშვნელოვანია, შეხვდე შენი ცხოვრების თანამგზავრსა და შთაგონებას, რომელიც განაპირობებს შენს წარმატებას. ბედნიერი ვარ, რომ ჩემს შვილიშვილს ასეთი მეუღლე ჰყავს.

- როგორც ვიცი, ირაკლი თქვენს ამ საოცარ სახლში გაიზარდა, რომელიც როგორც სიძველით, ისე ძველი არქიტექტურით იქცევს ყურადღებას. როგორ გაიხსენებთ ირაკლის ბავშვობას?

- ირაკლი ამ სახლში დაიბადა და გაიზარდა... ძალიან ნიჭიერი ბავშვი იყო. სანამ ლაპარაკს დაიწყებდა, შევამჩნიეთ, რომ აბსოლუტური სმენა ჰქონდა და სრულყოფილად იმეორებდა მოსმენილ მუსიკას. ვფიქრობდი, რომ ამ ნიჭს განვითარება სჭირდებოდა, მით უფრო, რომ მამის - დავით კვირიკაძის მხრიდან ბებიის, მანანა მაჭავარიანის წინაპრებს მუსიკალური ნიჭი გენეტიკურად მოსდგამდათ. მოსახიბლად როიალი ვაჩუქე; მივიდა, როიალს ფეხზე მოეხვია და 6 წლის ბავშვი სიხარულით წამომყვა მუსიკალურ სკოლაში. მაგრამ ამ ნიჭს განვითარება არ მოჰყოლია, რადგან მშობლებმა არჩიეს, ირაკლი სპორტზე მიეყვანათ და იქაც გაამართლა - კარგი მოთხილამურე გახდა. სკოლაშიც კარგად სწავლობდა. 12 წლისამ, საშინელებათა ფილმების გავლენით, ფანტასტიკური ჟანრის მოთხრობების წერა დაიწყო. მთავარი პერსონაჟები ირაკლი და მე ვიყავით, მოქმედება კი, ძირითადად, ჩვენი სახლის სხვენსა და სარდაფში ვითარდებოდა, სადაც ჩვენ ურჩხულებს ვამარცხებდით.

ირაკლის მოთხრობები უფრო კინომატოგრაფული იყო და ვფიქრობდი, რომ ის კარგი სცენარისტი დადგებოდა. მე ამ მოთხრობებს დღესაც ვუნახავ ირაკლის, მაგრამ მან მსახიობობა აირჩია და ამ არჩევანმა გაამართლა. როდესაც ჩემმა შვილიშვილმა თბილისში სამსახიობო ფაკულტეტზე ჩაბარება გადაწყვიტა, ჩემი ბიბლიოთეკიდან კინოსა და თეატრთან დაკავშირებული ლიტერატურა ვაჩუქე, რომელიც საფუძვლიანად შეისწავლა. შემდგომ მამამ თავისთან ამერიკაში წაიყვანა, სადაც სრულყოფილად დაეუფლა ინგლისურ ენას და იქ ცხოვრებამ მისი სამომავლო კარიერაც განაპირობა.

ირაკლის მუსიკალური, ლიტერატურული თუ სპორტული მონაცემები, ნიჭი და განათლება, ამ ფილმში უკვე დაეხმარა და მომავალშიც აუცილებლად დაეხმარება. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ამ გამარჯვებაში ლომის წილი თავად მას მიუძღვის. ჩემთვის მაინც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ნიჭისა და განათლების გარდა, ირაკლი ძალიან კარგი, თავმდაბალი და მოსიყვარულე ადამიანია. სამწუხაროა, რომ წარმატებას მისი ბაბუა - ირაკლი კვირიკაძე და ჩემი მეუღლე - თამარი ვერ მოესწრნენ...

- როგორც ბაბუა, რას უსურვებთ ევროპის ამომავალ ვარსკვლავს?

- ვუსურვებდი, რომ ამ წარმატებას არ დასჯერდეს, რადგან სამყაროს სასიკეთო ძალები მასთან არიან, კიდევ მრავალჯერ გაახაროს მისი გულშემატკივრები და საქართველო, რომელიც მას ასე ძალიან უყვარს.

"ქეთი როგორია ბებიობა, მედიკომ ისეთი ლამაზიაო..." - რას საყვედურობენ სოფო ნიჟარაძის დედას, რომელიც ამერიკაში შვილიშვილს ზრდის

მონიკა ბელუჩის ულამაზესი ქალიშვილი Dolce & Gabbana-ს გადაღებებიდან უცნობ ფოტოებს აქვეყნებს

ანიტა რაჭველიშვილის რომანტიკული არდადეგები იტალიაში - ფოტოები ამალფის სანაპიროდან