ტრაგედია ჭიათურის მაღაროში, გარდაცვლილია 45 წლის მამაკაცი - რაზე საუბრობენ მაღაროელები, პროფკავშირები და დამქირავებელი კომპანია

ტრაგედია ჭიათურის მაღაროში, გარდაცვლილია 45 წლის მამაკაცი - რაზე საუბრობენ მაღაროელები, პროფკავშირები და დამქირავებელი კომპანია

ჭიათურის მაღაროში მუშა დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ჭიათურის შუხუთის მაღაროში, გვირაბგამყვანის პოზიციაზე მომუშავე 45 წლის მამაკაცი ნანგრევების ქვეშ მოყვა. აღნიშნული ფაქტი „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. პროფკავშირების წარმომადგენლის ინფორმაციით, დაღუპული მუშის გამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება. საწარმოს პროფკავშირების წარმომადგენლის პაატა სამხარაძის თქმით, ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

"მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, რომელმაც ჩამოშლილი ლოდები უნდა დაშალოს, რათა მოხდეს დაღუპულის ამოყვანა", - განაცხადა პაატა სამხარაძემ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჭიათურის გამგეობაში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სამაშველო სამსახურები, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს წამომადგენლები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

მაღაროელების ინფორმაციით, ადგილი სადაც მუშები მუშაობდნენ, ავარიული იყო, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე თამაზ დოლაბერიძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, მაღარო ხის მორებით უნდა იყოს გამაგრებული და ამ კონკრეტულ შემთხვევაში ასე არ იყო.

“ჩვენი წარმომადგენლის ინფორმაციით, შუაღამისას ჩამოინგრა შუხუთის მაღაროში სამთო მასა და ქვეშ მოყვა ზაზა აბრამიშვილი, 45 წლამდე გვირაბგამყვანის პოზიციაზე მომუშავე ადამიანი. ადგილზე ახლაც მიმდინარეობს სამუშაოები. ლოდი, რომელიც მას დაეცა, იმდენად დიდია, რომ დასაშლელად პერფერატორები შეიტანეს. სამთო მასის ჩამოშლის შემდეგ, როცა ბრიგადამ ტერიტორია დატოვა, აღმოჩნდა, რომ ერთი ადამიანი, ზაზა აბრამიშვილი აღარ იყო მათთან ერთად. მას შემდეგ დაიწყო ძებნა, თუმცა დღეს დილით დადასტურდა, რომ ის გარდაცვლილია. როგორც მითხრეს, საერთოდ არ შეიძლებოდა იმ ადგილას სამუშაოების წარმოება. მაღაროელები ამბობენ, რომ ავარიული მაღარო იყო. სამთო სამუშაოების წესებში წერია, რომ მუშას თავზე არ უნდა დაჰყურებდეს ღია სამთო მასა, ის უნდა იყოს გამაგრებული ხის მორებით. რატომ იყვნენ იქ მუშები არ ვიცი, უბრალოდ აქედან გამომდინარე ჩანს, რომ მაღაროს ადმინისტრაცია აიძულებს მათ ასეთ ადგილებში მუშაობას. ამ კომპანიისთვის მთავარია მარგანეცის მოპოვება და არა ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა“, - განაცხადა დოლაბერიძემ.

მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით კომპანია “ჯორჯიან მანგანეზი“ განცხადებას ავრცელებს. როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, კომპანია მომხდართან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას სამაშველო ღონისძიებების დასრულების შემდეგ გაავრცელებს.

“ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში გამთენიისას უბედური შემთხვევა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ჭერის ნაწილი ჩამოიშალა, რა დროსაც ერთ-ერთი მაღაროელი მაღაროს ჩაკეტილ ნაწილში აღმოჩნდა.

ამ დროისთვის ჭიათურის მადნის გადამამუშავებელი კომბინატის და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები 45 წლის ზაზა აბრამიშვილის ნანგრევებიდან გამოყვანას ცდილობენ.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან “ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელი პირებიც. კომპანია მომხდართან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციას სამაშველო ღონისძიებების დასრულების შემდეგ გაავრცელებს“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია